ორი მატჩი და საოცარი სტატისტიკა - საქართველოს ბარაქიანი ოქტომბერი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ოქტომბერს, ორი შეხვედრა გამართა. ჯერ ტაილანდს ვუმასპინძლეთ ამხანაგურად, 15-ში კი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსს შევხვდით. ჯერ ტაილანდზე ვთქვათ.

ამ გუნდს ისტორიაში პირველად შევხვდით და ეს მატჩი უფრო ვარჯიში იყო, კვიპროსელებთან შეხვედრამდე. ტაილანდელებთან დავამყარეთ რამდენიმე რეკორდი - მოვიგეთ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით (8:0), ისტორიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში პირველად გაიტანა 4 გოლი (გიორგი მიქაუტაძე). ტაილანდელებმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხეს და შინ კუდამოძუებულები გავაბრუნეთ.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრას. კვიპროსთან მატჩი გარდამავალი უპირატესობით დავიწყეთ და იმის მიუხედავად, რომ პირველ ნახევარში გოლის გატანა შეგვეძლო, უფრო რეალური მომენტი სტუმრებს ჰქონდათ. მეორე ტაიმში, პირველივე წუთზე მოვახერხეთ გოლის გატანა, რამაც მეტოქე აშკარად გატეხა და ათ წუთში მეორე გოლიც მივაყოლეთ, მერე მესამეც და მატჩის ბედიც გადაწყდა. მატჩის ბოლოს პენალტის ნიშნულიდან გიორგი მიქაუტაძემაც შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ახლა ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ შესარჩევში ბოლო ადგილზე არ გავლათ და თუ დარჩენილ ორ შეხვედრასაც მოვიგებთ, ეგებ, მესამე ადგილზეც გადავიდეთ.

ჩვენი მთავარი მიზანი კი, ერთა ლიგის პლეი-ოფებში გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იქიდან მოხვედრაა. შესარჩევიდან ეს გამორიცხულია, აი, ერთა ლიგის პლეი-ოფში კი სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, ჩვენთან ერთად, საგზურისთვის მებრძოლი თურქეთი და საბერძნეთი ევროპაზე პირდაპირ შესარჩევიდან მოხვდნენ, მათ ნაცვლად კი, პლეი-ოფში ლუქსემბურგი და აზერბაიჯანი ამოვლენ. შესაბამისად, ჩვენი მეტოქე, ასეთ შემთხვევაში, ჯერ აზერბაიჯანი იქნება (რომელსაც ერთმატჩიან დუელში შინ ვეთამაშებით), საგზურისთვის კი ყაზახეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს, ისევ ერთმატჩიან დაპირისპირებაში შევხვდებით. ჰოდა, სწორედ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე