ქართული საკლუბო ფეხბურთი ფსკერზეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი შეხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ცუდად არ ასპარეზობს და შანსიც გვაქვს, ერთა ლიგის მოგების შემთხვევაში, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ცუდად არ იასპარეზა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმაც, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სანაკრებო დონეზე ხდება. რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კლუბები ფსკერზე დაეშვნენ. ჩვენს ჩემპიონატს ევროპულ საკლუბო რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია და ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, როგორებიც ფარერები, მალტა, ლუქსემბურგი, ესტონეთი და სხვები არიან. ჰო, ის ფარერები, სადაც ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა პროფესიონალი ფეხბურთელი არ არის და იქ კლუბები ძირითადად მეთევზეებით არის დაკომპლექტებული.

აგერ, გასულ კვირას, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის მატჩები შედგა, სადაც სამი ქართული კლუბია წარმოდგენილი. ქუთაისის „ტორპედომ“ შინ ყაზახურ „ასტანასთან“ 1:4 წააგო, თბილისის „დინამო“ სტუმრად მალტის „ჰარმუნთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო გორის „დილა“ ასევე სტუმრად, უკრაინულ „ვორსკლას“ დანებდა - 1:2. რაც მთავარია, წაგების გარდა, ნათლად ჩანს, რომ ქართულ კლუბებს უჭირთ კომბინაციური თამაში, ზედიზედ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება, კარში დარტყმა და ზოგადად, უჭირთ ყველაფერი, რაც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება. მანამდე. ევროთასებს ბათუმის „დინამო“ დაემშვიდობა და... აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატი განახლდება და მერე რა? არც არაფერი, კლუბები ევროთასებზე მოსახვედრად გაეჯიბრებიან ერთმანეთს და გაისად იგვე გველის - სირცხვილი და თავის მოჭრა ევროპის მასშტაბით. საინტერესო იცით რა გახლავთ? სხვა კლუბების მწვრთნელები არ მალავენ, რომ ქართულ კლუბებთან შეხვედრა სურთ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ქართულ ბარიერს გადალახავენ.

ფეხბურთში დასაქმებულები ამბობენ, როცა პრობლემებზე საუბრობთ< ეგებ გამოსავალიც მიგვითითოთ, თორემ მხოლოდ ცუდზე საუბარი ადვილიაო. გამოსავალი კი ძალიან მარტივი გახლავთ - კლუბების მფლობელებმა ყველაფერი უნდა გააკეთნ იმისთვის, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი ჩამოიყვანონ, ისეთი, რომლის საბაზრო ღირებულება 5-7 მილიონია, საქართველოში გაზრდილი პერსპექტიული ფეხბურთელი 17-18 წლის ასაკში არ უნდა გაყიდონ 200 თუ 300 ათას ევროდ და ამით დონე ამაღლდება. სხვაგვარად, ასეთი მაჩანჩალები ვიქნებით სულ და ათ ან ოც წელიწადში ერთხელ, რომელიმე ქართველი თუ გაიბრწყინებს, ეს საშველი არაა - ნიჭიერი ფეხბურთელები ჩვენ ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება, მთავარია, როგორ მოვახერხებთ მათი ნიჭის გამოყენებას.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე