მოსალოდნელი მოულოდნელობა - ქართული კლუბები ევროთასებზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა, პრაქტიკულად, ყველა შეთანხმდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი ორ „დინამოს“ - თბილისსა და ბათუმს ჰქონდა, აი, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ კი მომდევნო ეტაპამდე, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევდნენ. გარდა იმისა, რომ თბილისური „დინამო“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა და ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ მათ ვგულშემატკივრობდით. ყაზახური „ასტანას“ ბარიერის გავლის შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ზაგრების „დინამოს“ ხვდებოდა და მათთან თუ დამარცხდებოდა, კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვებოდა, რითაც ჯგუფში მოხვედრასთან, ერთ ნაბიჯში იქნებოდა. სამწუხაროდ, დედაქალაქელებმა გასვლაზე ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, შინ, ყაზახებთან წააგეს და მართალია, კონფერენსლიგაზე მაინც გადაერთვნენ, მაგრამ ბევრად დიდი გზის გავლა მოუწევთ. თბილისელების მეტოქე მალტის „ჰამრუნი“ იქნება.

სამწუხარო მარცხი განიცადა ბათუმის „დინამომ“. აჭარლებმა ალბანური „ტირანა“ სტუმრად ისე დაჩაგრეს, საქმე პირველივე შეხვედრაში უნდა დაესრულებინათ, მაგრამ იქ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ფრეს გამორჩნენ, ბათუმში კი... ზღვისპირა ქალაქში გულშემატკივარმა სტადიონი გაავსო და როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი გუნდის მარცხი ენახა. აჭარლები ევროთასებს, ყველაზე ცოტა, ერთი წლით დაემშვიდობნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, სასწაული მოახდინა ქუთაისი „ტორპედომ“, ქუთათურებმა ბოსნიურ „სარაევოსთან“ შინ, ფრედ ითამაშეს, სტუმრად კი 90-ე წუთამდე, მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაათანაბრეს, შემდეგ, პენალტების სერიაში ივარგეს და მომდევნო ეტაპზე, ყაზახურ „აკტობეს“ შეხვდებიან.  არ არის „აკტობე“ სუსტი გუნდი, მაგრამ არც ისეთი ძლიერია, „ტორპედო“ ვერ გასცდეს.

უფრო დამაჯერებელი შეხვედრა ჩატარდა გორში. „თენგიზ ბურჯანაძეზე“, „დილამ“ სლოვაკეთში წაგებული 2:1 შემოატრიალა, 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე, უკრაინულ „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ რომელიმე ქართული კლუბი ჯგუფურ ეტაპამდე თუ არა, პლეი-ოფამდე მისვლას მაინც მოახერხებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ჩემპიონატი ისევ უკან დაიხევს და მომდევნო წლებში უფრო გაგვიჭირდება - დაბალი კოეფიციენტის გამო, უკანასკნელი ეტაპებიდან ვიწყებთ შესარჩევს და მეტოქეებიც ბევრად ძლიერები გვხვდებიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე