ოთხი მატჩი, ოთხი შანსი და ბოსნიელების მუქარა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროთასების 2023/24 წლების საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და კლუბების ნაწილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის, ნაწილი - ევროპალიგისა და კონფერენსლიგის. ევროთასებზე ოთხი ქართული კლუბი ასპარეზობს და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ოთხივემ ჩაატარა. ცოდვა გამხელილი სჯობს - იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი ქართული კლუბიდან სამი პირველ შეხვედრას სტუმრად ატარებდა, გვეგონა, შედეგები არასახარბიელო იქნებოდა. მართალია, ოთხი მატჩიდან ქართულმა კლუბებმა ერთიც ვერ მოიგეს, მაგრამ საქმე ისეა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი ოთხივეს აქვთ.

თბილისის „დინამოთი“ დავიწყოთ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ყაზახეთში „ასტანას“ სტუმრობდა და ყველა ამბობდა, რომ ფავორიტი მეტოქე იყო. მართლაც, მატჩი ისე დაიწყო, მასპინძლები უკეთესს ვერ ინატრებდნენ - თბილისელთა კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, მე-11 წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ თუ ქართველები რამეს არ შეცვლიდნენ, განადგურება არ ასცდებოდათ. საბედნიეროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტოქემ ვერ ივარგა, თორემ ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიცვლია. ტაიმის ბოლოს, „დინამოს“ ფეხბურთელებმა თამაში გამოასწორეს, მეორე ნახევარში ბევრად უკეთ გაისარჯნენ, გოლიც გაიტანეს და ფრეს მიაღიწეს. ყველაფერი 19 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაირკვევა.

ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც შინ თამაშობდა, „ტორპედო“ გახლდათ. ქუთათურებს ცუდად ნამდვილად არ უასპარეზია და ბოსნიურ „სარაევოს“ ორჯერ მოუგეს, თუმცა საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა. ნამატჩევს, სტუმართა თავკაცმა, შეხვედრაზე იმაზე ისაუბრა, თუ როგორ გააგდო ქართულმა პოლიციამ მათი გულშემატკივარი ტრიბუნებიდან.

„ამ ხალხმა 2 500 კილომეტრი იმისთვის გამოიარა, რომ საყვარელი კლუბისთვის ექომაგათ. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ქართველმა სამართალდამცავებმა ისინი სტადიონის ტრიბუნებიდან ცემა-ტყეპით გააგდეს, რაც ძალიან ცუდია. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ საპასუხო შეხვედრა სარაევოში გაქვთ გასამართი და ეს გულშემატკივარი იქ დაგხვდებათ“, - განაცხადა სტუმართა თავკაცმა.

სხვათა შორის, „სარაევოს“ გულშემატკივარი „ტორპედოს“ დასახვედრად აგრესიულად რომ ემზადება, იქაურმა მედიამაც დაადასტურა. სოციალური ქსელის მეშვეობით, ფანები ერთიანდებიან და ამბობენ, რომ არა მარტო კლუბს, არამედ, ქართველ გულშემატკივარსაც ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

სლოვაკურმა „დუნაი სტრედამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. ერთი შეხედვით, გორელები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლის გატანა შეძლეს. საბედნიეროდ, „დილამ“ ერთი ბურთი გაქვითა და მატჩიც 2:1 დასრულდა. შედეგად, საპასუხო მატჩის წინ, გორელები ურიგო განწყობაზე არ უნდა იყვნენ, მით უმეტეს, შეხვედრა შიდა ქართლის მთავარ ქალაქში ჩატარდება და სტადიონი აუცილებლად ბოლომდე შეივსება.

და ბათუმის „დინამო“. აჭარლებს მეტოქედ ალბანური „ტირანა“ ერგოთ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქე აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჩაგრა და მატჩის კი არა, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების ბედი შეეძლო გადაეწყვიტა, მომენტები რომ გამოეყენებინა. ბათუმმა მხოლოდ ერთი შეაგდო და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, საკუთარ კარში დასანანი გოლი მიიღო, შეხვედრა ფრედ დასრულდა და ზღვისპირეთში გასამართი შეხვედრის წინ, ყველა ოპტიმისტურადაა განწყობილი - „დინამომ“ ალბანური ბარიერი უპრობლემოდ უნდა გაიაროს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე