ფასი ითქვა - კვარაცხელია 150 მილიონად გაიყიდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო მატჩებში, ხვიჩა კვარაცხელია ისე თამაშობს, ყველა ხვდება, რომ „ნაპოლის“ სეზონის ბოლოს მისი შენარჩუნება არათუ გაუჭირდება, არამედ თუ ამას მოახერხებს, სასწაული იქნება. ამას ხვდება კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და მისი გარემოცვა არც იმას მალავს, რომ ქართველის თაობაზე, არაერთი კლუბიდან არის წინადადება, თუმცა აქამდე, დე ლაურენტისი ფასის დასახელებისგან თავს იკავებდა. ახლა კი, ირკვევა, რომ ნეაპოლური კლუბის შეფი მზადაა თავის მარგალიტს 150 მილიონ ევროდ შეელიოს. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხაა ფეხბურთელში, რომელიც „ნაპოლიმ“ 10 მილიონად იყიდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა საოცრებებს სჩადის კვარაცხელია მინდორზე, ბევრს ეს ფასიც ეცოტავება. კვარა მატჩის საუკეთესოდ იტალიის ჩემპიონატის ბოლოს გამართულ ტურშიც დაასახელეს, სადაც მან გოლიც შეაგდო და ახლა, „ბარსელონასთან“ საჩემპიონთალიგო მატჩისთვის, ვყელაზე მეტ საფრთხეს სწორედ მისგან ელიან. ისე, კატალონიური გრანდი ერთ-ერთია, ვისაც ხვიჩას შეძენა სურს და თუ კვარა კატალონიაში გაიბრწყინებს და ხავი ერნანდესის გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდებს, ეგებ ესპანურმა გრანდმა ამ უზარმაზარი თანხის გადახდაზე იფიქროს.

კიდევ ერთი ქართველი, რომლის გარშემო ზაფხულში დიდი ამბები იქნება, გიორგი მამარდაშვილია. ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, „ღამურებმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგეს და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, სწორედ მამარდაშვილი დასახელდა. გიომ ხუთი ბურთი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ჰოდა, ახლა ამბობენ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მის მსურველს 40 მილიონის გადახდა მოუწევსო და ეს მაშნ, როცა გასულ ზაფხულს „ვალენსიას“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი არ მისცეს, ეძვირათ, 20 მილიონს იხდიდნენ და ახლა ქართველის გადაბირება გაორმაგებული ფასით მოუწევთ.