მომსახურება ქართულად - რეპორტაჟი საქორწილო კაბების მაღაზიიდან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქორწილო კაბის არჩევა, მომავალი პატარძლებისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია, რომელიც სიხარულით აღსავსე მომენტებთან უნდა ასოცირდებოდეს. მაგრამ, ქართული მომსახურების სფეროს „მარგალიტებიდან“, ყველაზე შოკისმომგვრელი საკითხი სწორედ ამ თემას უკავშირდება. ანუ მხოლოდ საქართველოში შეიძლება  პატარძლისთვის ყველაზე ბედნიერი წუთები დიდ კურიოზად ან ცუდ მოგონებად გადაიქცეს. სოციალურ ქსელში, ხშირად შევხვედრივარ პოსტებს უკმაყოფილო მომსახურების შესახებ, გამონაკლისი არც საქორწილო კაბების მაღაზიები ყოფილა. როგორც გოგონები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, ხშირად, კონსულტანტების მხრიდან ბულინგის და შეურაცხყოფის მსხვერპლნიც კი გამხდარან. სწორედ ამიტომ, ინტერესის მიზნით, ერთ დღეს გადავწყვიტე, მეც მომერგო მომავალი პატარძლის როლი...

მეგობარ გოგონას გავუმხილე ჩემი ჩანაფიქრი და ვთხოვე მაღაზიებში გამყოლოდა. ასე ალბათ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. თითზე ოქროს ბეჭედი გავიკეთე და გავეშურეთ აღმაშენებლის გამზირისკენ. მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი საქორწილო კაბების მაღაზიაა და თითქმის ყველა მომავალი პატარძალი კაბის შესარჩევად სწორედ ამ ლოკაციას არჩევს. პირველივე მაღაზიაში შესვლისთანავე გულთბილი მიღებით არ შეგვხვედრიან. მაღაზიაში იმ დროისთვის მომხმარებლები არ ჰყავდათ, ამიტომ შესვლისთანავე ჩვენ მივიქციეთ ყურადღება. ორი ქალბატონი დაგვიხვდა, ყავას იმზადებდნენ. მოგვესალმნენ და გვკითხეს, რით შეეძლოთ დახმარება.

_გამარჯობა, ქორწილისთვის კაბის შერჩევა მსურს და თუ შეიძლება რამდენიმე ვარიანტი რომ მოვისინჯო?

_რომელ რიცხვში გაქვთ ქორწილი? (მიყურებს და თან ჩემს ხელებს აკვირდება).

_რიცხვი ჯერ არ შეგვირჩევია, წინასწარ მსურს ვიცოდე როგორი სტილის კაბა მომიხდება.

_როდის დაინიშნეთ?

_დაახლოებით ორი კვირაა.

_რომელ თვეში ფიქრობთ ქორწილის გადახდას?

_ალბათ, 2-3 თვეში.

_იცით ჯობს, როცა ზუსტად გეცოდინებათ ქორწილის თვე და რიცხვი მაშინ მობრძანდეთ, მერე მოგაზომებთ კაბასაც.

_ახლა რომ მოვიზომო რა პრობლემაა?

_ტყუილად უნდა გვაწვალოთ და ჩამოხსნათ კაბები მოსაზომად. ჯობს სხვა დროს მობრძანდეთ.

ქალბატონი უკმეხი სახით მიყურებდა, თან ჩემს მეგობარს გადახედავდა ხოლმე და უჟმურად მპასუხობდა, ამიტომ მივხვდი, იქ უკვე შედავებას და საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მან უკვე დაარღვია მომხმარებელთა უფლებები.

აღნიშნული მაღაზიიდან მალევე გამოვბრუნდით და შემდეგისკენ გავემართეთ. აქ შედარებით უკეთესად მიგვიღეს. ქორწილზე დეტალები კვლავ გამომკითხეს, თუმცა, ამჯერად ბევრად შემტევი ვიყავი და როგორც კონსულტანტი შემითანხმდა, რადგანაც ქორწილის ზუსტ თარიღს არ ვასახელებდი 3 კაბას მომაზომებდნენ საორიენტაციოდ. შევუდექით კაბების თვალიერებას, მაგრამ 3 კაბიდან 2, თავისი გემოვნებით არჩეული გამომიტანა და მითხრა, რომ ახალი მოდელების ჩამოხსნას ჯერ ესენი მომეზომა. ერთი კი ჩემი გემოვნებით შევარჩიე და „ვაიძულე“ მაინც ჩამოეხსნა საკიდიდან. პირველი კაბა ჩავიცვი და გასახდელიდან გამოვედი. კონსულტანტი ქალბატონი უცნაურად მაკვირდებოდა, თან უკმაყოფილო სახე ჰქონდა, თან ცდილობდა ნორმალურად მოგვმსახურებოდა. ერთი შემათვალიერა და მითხრა, ეს კაბა შენს ფორმებს არ უხდება, აბა მეორე ნახე. მე და ჩემმა მეგობარმა გაბრაზებული სახით შევხედეთ და მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა. დარჩენილი ორი კაბაც მოვირგე. თავად ზოგჯერ სალაროს მაგიდისკენ გადიოდა რაღაცას ამოწმებდა და მალევე ბრუნდებოდა. ბოლო კაბა რომ ჩავიცვი, მეგობარს მივმართე კიდევ ხომ არ გავისინჯო ერთითქო. ამის გაგონებაზე  ქალბატონი შემცბარი გამოემართა.

_იცით, ჯერ დააზუსტეთ ქორწილის თარიღი და მერე შემოგვიარეთ, მანამდე შეიძლება რამდენიმე ახალი კაბაც დაგვემატოს და უკეთესად აარჩევთ.

_ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს თარიღს თუ მომხმარებელს კაბის მორგება სურს? რაიმე წესები გაქვთ შედგენილი?

_არა ქალბატონო, უბრალოდ, ბევრი მოდის აქ ტყუილად იზომავენ კაბებს და აზიანებენ ამდენი გასინჯვით. ვინც მყიდველია და ნამდვილად ეძებს იმას ეტყობა.

_ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული ხართ მომხმარებელს მოაზომოთ კაბა, არ აქვს მნიშვნელობა თარიღს და იმას, იყიდის თუ არა საბოლოოდ კაბას. იქნებ სულაც არ მაქვს ქორწილი და უბრალოდ მინდა ჩემი თავი საპატარძლო კაბაში ვიხილო?

ამის გაგონებაზე გაბრაზებული სახით შემოგვხედა და გაბრუნდა მაგიდისკენ. ჩვენც აღარ გავჩერებულვართ, დავემშვიდობეთ და შემდეგი მაღაზიისკენ გავემართეთ.

ამჯერად, ვიზიტმა ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა, თავდაპირველად, როგორც წინა ორ მაღაზიაში, აქაც დეტალები გამოგვკითხეს ქორწილის შესახებ. თუმცა, ჩემთვის სასურველი კაბები მაინც მოვიზომე. ვერ ვიტყვი, რომ კარგი მომსახურება იყო, რაც შევარჩიეთ გოგონამ უხმოდ გადმოგვიღო და შერჩევის პროცესში არ ჩართულა. არც რაიმე რჩევა ან კომპლიმენტი მოუცია, უცნაურად გვაკვირდებოდა.

გავემართეთ შემდეგი მაღაზიისკენ, ცოტა მოშორებით, უფრო დიდი საპატარძლო კაბების ბუტიკი შევარჩიეთ, მანეკენებს საკმაოდ მომხიბვლელი კაბები ეცვათ და დავინტერესდით. აქ შუახნის ქალბატონი დაგვიხვდა. ღიმილით მიგვიღო. კაბების დათვალიერება რომ დავიწყეთ, ეცადა საუბარში ავეყოლიებინეთ. კვლავ დაიწყო გამოკითხვები, სიძის, ქორწილის თარიღის, ადგილის და სხვა დეტალების გარეშე. თავიდან სასიამოვნოდ გვესაუბრებოდა, თუმცა, როცა ავუხსენი, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არაფერში ვიყავი და უბრალოდ კაბების მოსინჯვა მსურდა, გამომეტყველება შეეცვალა და მოგვიგო.

_იქნებ როცა ჩამოყალიბდებით მერე მობრძანდეთ.

_უკაცრავად, მგონი თქვენი მხრიდან ცოტა სიუხეშეა, კაბის მოზომვა ჩემი, მომხმარებლის უფლებაა და რაც მეტ ადამიანს მოემსახურებით დადებითად, მით მეტი გააკეთებს თქვენს კაბებზე არჩევანს.

_ნუ მასწავლით ახლა ვის როგორ მოვემსახურო, თუ რაიმე არ მოგწონთ შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

_აუცილებლად წავალთ და თქვენთან ნამდვილად აღარ შემოვალთ.

_ნახვამდის.

იმ წუთასვე გამოვბრუნდით მაღაზიიდან, აშკარაა, რომ მომსახურების სფეროში სერიოზული პრობლემებია, თუმცა, საქორწილო კაბების ბიზნესში განსაკუთრებით. 4 მაღაზიაში ვიყავით და ისეთი სახის მომსახურება გამიწიეს, ალბათ, მართლა დანიშნული რომ ვყოფილიყავი, ქორწილის აღნიშვნას გადამაფიქრებინებდნენ.