სუნამოს შექმნის ისტორია - გიორგი მაჩაბელი, პირველი სუნამოს შემქმნელი საზღვრარგარეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

როდის და როგორ შეიქმნა სუნამო?

სიტყვა სუნამო ლათინურიდან მომდინარეობს -  "per fumum", რაც „კვამლს“ ნიშნავს. ცეცხლის აღმოჩენის შემდეგ პირველმა ადამიანებმა მოისურვეს მცენარეების, ხის, სანელებლებისა და სხვადასხვა მასალის შეგროვება. ამ მცენარეების ჭურჭელში ჩაყრით, მათ აღმოაჩინეს, რომ ცეცხლიდან კვამლი ამოდიოდა და თითოეულ მასალას განსხვავებულ არომატს აძლევდა. სწორედ აქედან იწყება სუნამოს ისტორია.

უძველესი პარფიუმერები, ძირითადად, სხვადასხვა რელიგიური რიტუალისთვის საკმევლის დამზადებით იყვნენ დაკავებულნი. ეს უნარი ოსტატურად აითვისეს ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და ძველ საბერძნეთში.

მკვლევარები კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის ისტორიაში პირველი პარფიუმერი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით დათარიღებული მესოპოტამიური ლურსმული ფირფიტები მოგვითხრობს, რომ ეს ძველი ცივილიზაცია სხვადასხვა ზეთსა და მირონს ყვავილების სუნამოების დასამზადებლად იყენებდა.

უცნობია, ვინ გამოიგონა დისტილაციის მეთოდი. საინტერესოა, რომ სუნამოს გამოყენების წესები ყველა კულტურაში განსხვავდებოდა. მაგალითად, ინდოეთში ქალები იღებდნენ ხანგრძლივ არომატულ აბაზანებს, იაპონიაში კი ჩვეული იყო კიმონოს ფუმიგაცია.

ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილი იეროგლიფები გვიჩვენებს, რომ ძველეგვიპტელები და მესოპოტამიელები სუნამოებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3,000 წელს აწარმოებდნენ

ძველ ეგვიპტეში სუნამოს სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა. ექიმები მას შაკიკის ან გინეკოლოგიური ინფექციის სამკურნალოდ იყენებდნენ. სურნელოვანი აბაზანები ეგვიპტელების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ცნობილია, რომ კლეოპატრა ნუშის ზეთით, დარიჩინითა და მირონით არომატიზებულ აბაზანებს იღებდა.

ეგვიპტელების კულტურა შემდგომში ფინიკიელებმა და ბერძნებმაც გაიზიარეს. ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის დროს კი საბერძნეთის სურნელოვან კულტურას ინდოეთის სუნამოები ემატება. დროთა განმავლობაში ბერნები სუნამოების შექმნის ნამდვილი ექსპერტები გახდნენ. მათ შეიმუშავეს enfleurage ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება პირველი თხევადი სუნამოების შესაქმნელად.

„ბნელ საუკუნეებში“, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, ევროპაში სუნამოს დამზადების აღმოსავლური ტექნიკა გახდა პოპულარული, ხოლო ინგრედიენტების მთავარ მომწოდებლად ვენეცია იქცა.

ალკოჰოლზე დაფუძნებული კომპოზიციები გაცილებით გვიან გამოჩნდა. პირველ ასეთ სუნამოს „უნგრეთის დედოფლის წყალს“ უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, პირველი სურნელოვანი წყალი ბერმა დაამზადა, რომელმაც 72 წლის დედოფალს ახალგაზრდობა და სილამაზე დაუბრუნა.

რენესანსი მეცნიერული ექსპერიმენტებითა და აღმოჩენებით გამოირჩეოდა – ამ დროის მეცნიერებს უყურადღებოდ არც პარფიუმერია დარჩენიათ. ცნობილია, რომ ლუი XV უპირატესობას მსუბუქ ყვავილოვან და ციტრუსოვან კომპოზიციებს ანიჭებდა.

 

ამავე დროს, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში გამოიგონეს კიოლნი, ანუ „კიოლნის წყალი“. კიოლნის მწარმოებლის, იოჰან ფარინის ორიგინალური რეცეპტი შეიცავდა ცაცხვს, ფორთოხალსა და ბერგამოტს. სწორედ ფარინის წყალობით გავრცელდა ალკოჰოლზე დაფუძნებული სურნელოვანი წყალი მთელ ევროპაში. საუკუნის მიწურულს კი ქალისა და მამაკაცისთვის უკვე განსხვავებული სურნელის მქონე სუნამოები იქმნებოდა.

პეტრე პირველის დროიდან რუსეთი მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს ევროპის ქვეყნებთან. სუნამოების ბიზნესის გასავითარებლად იმპერიაში ოსტატები ჩამოდიოდნენ.

1842 წელს ალფონს ანტონოვიჩ რალემ მოსკოვში საპნის ქარხანა გახსნა. საფრანგეთიდან თან ჩამოიყვანა სპეციალისტები და ძვირად ღირებული აღჭურვილობა. 12 წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვნად გააფართოვა ბიზნესი და 1850-იანი წლების შუა პერიოდისთვის, მისი სუნამოები რუს დიდგვაროვნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

რალეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბიზნესი ჯერ ედუარდ ბოს, შემდეგ ი ერნესტ ბოს გადაეცა. სხვათა შორის, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა საკულტო Chanel No. 5-ის ავტორი. მისი მიბაძვა სხვა ცნობილმა ბრენდებმაც დაიწყეს, დღეს კი ტანსაცმლის დიზაინერების უმეტესობა სუნამოს საკუთარ ბრენდს აწარმოებს.

ახლა კი დროა,გავიგოთ როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქართული სუნამო

1959 წელს თბილისში პირველი ქართული საპარფიუმერიო-კოსმეტიკური ფაბრიკა "ივერია" დაარსდა. მაგრამ გავიდა სულ რაღაც სამი ათეული წელი და 1992 წელს, ქვეყნის დანგრევასთან ერთად, ეს ფაბრიკაც განადგურდა.

1961 წელს პარფიუმერიის ახალბედა ქართველმა ოსტატებმა ქართული სუნამო შეიმუშავეს და სახელად "ივერია" უწოდეს. პირველი პარტია ლაბორატორიული წესით დამზადდა, გაფორმება კი ეროვნული ელემენტების გათვალისწინებით ხდებოდა.

ფაბრიკა "ივერიის" გახსნას 1959 წელს სტანისლავ გიორგაძემ ჩაუყარა საფუძველი. 1963 წლიდან ქართულ საპარფიუმერიო წარმოებას 17 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ყიფიანი ედგა სათავეში. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ფაბრიკა ერთადერთი იყო ამიერკავკასიაში. მთელი საიდუმლო ის იყო, რომ საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ ფაბრიკა "ივერიას" საკუთარი ნედლეულის ძალზე მდიდარი ბაზა გააჩნდა. გარდა სუნამოებისა, "ივერია" აწარმოებდა ნელსაცხებელებს, ფერ-უმარილებს, სურნელოვან ზეთს, საპონს, თმის საღებავებს, კბილის ფხვნილს... 18 დასახელების ეთეროვანი ზეთი გამოიყენებოდა. მართლაც დაუჯერებლად ჩანს, რომ საქართველოში მზადდებოდა ბაღის პიტნის, ჟასმინის, ნარინჯის, ხარისვარდას, დაფნის, ქაფურის ხისა და სხვა ეთეროვანი ზეთები.

ეთეროვანი ზეთების პირველი ქარხნები 1928-1929 წლებში ყირიმსა და საქართველოში - სოხუმში აშენდა. საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ტროპიკული და სუბტროპიკული ზეთების წარმოებაში. მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივ პარფიუმერიას, 1960-ან წლებამდე მხოლოდ ვარდის წყალს თუ შეიძენდით.

საქართველოს ეს უმდიდრესი და უნიკალური რესურსები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1968 წელს ეთერზეთების სპეციალისტთა მე-4 საერთაშორისო კონგრესი თბილისში გაიმართა. კონგრესში 700 წარმომადგენელი მონაწილეობდა სამი ათეულამდე ქვეყნიდან, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ბრაზილიიდან და სხვა. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა "ივერიის" სასუვენირო ბარათებით გაფორმებული ოთხი ახალი სუნამო: "თბილისის ცა", "ფრესკის ღიმილი", "თინათინი" და "ავთანდილი". ამას მოჰყვა ლოსიონები, ოდეკოლონები, 1986 წლიდან საპარფიუმერიო ფლაკონების საკუთარი საამქრო... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 80-იანი წლების დასასრულს ყველაფერთან ერთად "ივერიის" ნგრევაც დაიწყო.

იცოდით, რომ ამერიკაში პირველი სუნამოს შემქმნელი ქართველი იყო?

„პრინცი მაჩაბელი“ — პარფიუმერული კომპანია აშშ-ში. მისი დამაარსებელი იყო პრინცი გიორგი მაჩაბელი, რომელიც იყო მოყვარული ქიმიკოსი. გიორგი მაჩაბელი იყო ქართველი თავადი და იტალიაში საქართველოს ელჩი. მე-20 საუკუნის 20-ან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მაჩაბელი წავიდა ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში. მან და მისმა მეუღლემ, ნორინა ჯილიმ ნიუ–იორკში 545 მედისონ-ავენიუზე 1924 წელს გახსნეს პატარა ანტიკვარული მაღაზია - „წითელი და შავი“. მაღაზიის სახელწოდება შეიქმნა სტენდალის რომანის მიხედვით იმგვარად, რომ წითელი აღქმული იყო, როგორც არისტოკრატიული ფერი, ხოლო შავი - როგორც რელიგიური („სასწაული“, ცნობილი სპექტაკლი, რომელმაც ნორინა სასცენო ვარსკვლავად აქცია).

მოგვიანებით, 1926 წელს, მათ დააარსეს ცნობილი პარფიუმერული კომპანია სახელწოდებით „Prince Matchabelli Perfume Company“. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი და თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

კომპანია 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, იყო „საქართველოს დედოფალი“. მას მოჰყვა

„პრინცესა ნორინა“

„დიუშეს ოფ იორკ“

„ოქროს შემოდგომა“

სააბაზანო ზეთი „აბანო“

ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“

დაპრესილი პუდრი და ტუჩსაცხი.

კომპანია ცნობილი გახდა მრავალფეროვანი ფერადი იარლიყებით, სამეფო გვირგვინის ფორმის ფლაკონებით და სხვ.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა 1931 წ. 31 მარტს ნიუ-იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი „Prince matchabelli“ სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით „პრინცი მაჩაბელი“ ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე