რა მოხდა შოვში?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას:

„ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა და ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან, უვნებელი. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა, მთელი მინისტრები, რა თქმა უნდა, იყვნენ მობილიზებულნი ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის, ყველასთვის და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის (7 აგვისტო) არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, 18 ადამიანია დაღუპული.

 

გეოლოგების პირველადი შეფასება

„მსგავსი სტიქია დასავლეთ საქართველოში არასდროს ყოფილა“, - ასე შეაფასა ტრაგედია გეოლოგმა, მერაბ გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ თავისი მასშტაბების მიხედვით, შოვში მომხდარი სტიქია, შეგვიძლია, შევადაროთ 1991 წლის რაჭა-იმერეთის ზონაში მომხდარ მიწისძვრასა და 2013-14 წლებში - თბილისისა და დევდორაკის სტიქიებს...

საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა, შოვში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, პირველადი დასკვნა გამოაქვეყნეს. ვიდრე ამ დასკვნას დეტალურად შემოგთავაზებთ, აუცილებლად უნდა გავეცნოთ რამდენიმე, მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც დასკვნაშია აღნიშნული. გეოლოგების მტკიცებით,  სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია. პირველადი დასკვნა საზოგადოებას გეოლოგმა, მერაბ გაფრინდაშვილმა გააცნო.

სპეციალისტების შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ, შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. ამ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.

დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდინარე ბუბისწყლის, პრაქტიკულად, ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდინარე ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა, როგორც მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე, შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში, ადგილი არ ჰქონია.

2023 წლის 01.06-03.08 პერიოდში, მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15 წუთზე, გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე, დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა იქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი.

ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით,  სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.

წინასწარი შეფასებით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა, დაახლოებით, 5 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მილიონი კუბური მეტრი აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში“, - ვკითხულობთ გეოლოგების დასკვნაში.

 

სტიქიის გამომწვევი მიზეზები:

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიური პროცესების გააქტიურებას, რელიეფის მაღალენერგეტიკულ პოტენციალთან ერთად, განაპირობებს:

  1. მკაცრი კლიმატური პირობები - ნივალურ ზონაში, ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა;
  2. გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
  3. ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;
  4. კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად, დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე, მდინარე ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;
  5. მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;
  6. მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექისა და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებსა და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;
  7. უკანასკნელ პერიოდში, კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.

„მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.

ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს  მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ვკითხულობთ გეოლოგების დასკვნაში.

 

დასკვნები

1. ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ, შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, 2023 წლის 3 აგვისტოს, კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.

2. მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:

სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდინარე ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);

2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში, უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;

ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

მთელ მსოფლიოში, ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია;

3. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად.

წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების, მათ შორის, სატელიტური, რადარული და აერო-ფოტოსურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას“, - აღნიშნულია გეოლოგების დასკვნაში.

ავტორი: მაკა რუხაძე