უამინდობა მთელ საქართველოში - მეწყერი და დატბორილი ქუჩები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უამინდობაა მთელ საქართველოში. დაიტბორა ოკუპირებული აფხაზეთი. ძლიერი წვიმის გამო დასახლებებში გადაადგილება პარალიზებულია. გათიშულია ელექტროენერგია.

მხოლოდ გაგრაში ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ 800-მდე სახლი და ქუჩა დატბორა. წყალმა წაიღო რკინიგზის ლიანდაგი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ქალაქში დაიტბორა პოლიციის განყოფილებებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია აფხაზეთში 70 წელია არ მომხდარა.

სტიქიაა ბიჭვინთასა და ლიძავაშიც. შტორმისა და წყალდიდობის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიშბას რეკომენდაციით, დროებით დაიკეტა ყველა სანაპირო. ტურისტები კურორტებს ტოვებენ. მათ გამხნევებას დე ფაქტო პრეზიდენტი ცდილობს. ასლან ბჟანია ადგილობრივებს არა, თუმცა რუს ტურისტებს შეხვდა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენა სთხოვა.

გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად ოპერატიული შტაბი შეიქმნა, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს - მოსახლეობა წყალდიდობას საკუთარი ძალებით ებრძვის.

ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მეწყერიც. გაითიშა მაღალი ძაბვის ხაზი "ოჩამჩირე" და გაგრის გარდა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა გუდაუთისა და სოხუმის რაიონის ნაწილიც.

ასევე სტიქიაა გურიაში - ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

მძიმე მდგომარეობაა ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე - გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე და ოზურგეთი-დვაბზუს მიმართულებით.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში წვიმის შემდეგ სულ ასეთი მდგომარეობაა, ხელისუფლება კი არანაირ პრევენციულ ღონისძიებებს არ ახორციელებს.

ბათუმში - ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ზღვისპირა ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა. მოგლეჯილო ხეები კი რამდენიმე ავტომობილს დაეცა. ძლიერი წვიმის გამო ასევე დატბორილია ქუჩები. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მალაყმაძეების ოჯახში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატბორილია ქუთაისის აეროპორტიც, რომელმაც დროებით მუშაობა შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, 11  ივლისის 07.00 სთ-მდე. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით  შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას.

სინოპტიკოსების ინფორმაციით უამინდობა 15 ივლისამდე გაგრძელდება.