„სანამ ვართ კანონმორჩილები, მოგვაქციეთ ყურადღება, მილიონების შოვნას დაანებეთ თავი და ადამინებზე იზრუნეთ “ - წავა თუ არა დათმობაზე „ჭიათურმარგანეცი“?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჭიათურაში დაწყებული აქცია, საქართველოს პარლამენტის წინ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც  ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ მიაღწიეს, დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე გადმოინაცვლეს და კარვები გაშალეს.

 აქცია უკვე მე-18 დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მოთხოვნით - გაიზარდოს ანაზღაურება 20%-ით.  ამ დროის მანძილზე აქციის მონაწილებმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს -  ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, მეორემ - თვალები, გამოაცხადეს შიმშილობა. მედიკოსები აცხადებენ, რომ მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა დაბრმავების საფრთხის წინაშე დგას,

„ ვერსია“  აქციის ადგილას იმყოფებოდა -  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილია 2 კარავი. აქ  მაღაროელებთან ერთად ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ პროტესტის მონაწილეებს  და მათ მხარდასაჭერად პლაკატებით ხელში დგანან, წარწერით: „ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ვერსია“  აქციის მონაწილეებსაც ესაუბრა.  გიორგი კუპატაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თვალები ამოიკერა და ამ უმძიმესი ფორმით აგრძელებს პროტესტს. კითხვაზე, რა მოთხოვნები აქვს პირადად მას და რატომ მიმართა ასეთ უკიდურეს ფორმას, გიორგი აცხადებს:

„ჩვენი სათხოვარი მხოლოდ ხელფასის მომატებაა, რადგან შვილები მშიერი არ გვყავდეს. თუკი კომანიას აქამდე რაიმე მოუმატებია, ეს არ ყოფილა მისი ნებით, ყოველთვის ხდებოდა შიმშილით, ომითა და გაფიცვებით. ჩვენ  უკან დახევას არ ვაპირებთ. დღეს თუ 4 ადამიანი შიმშილობს, ხვალ და ზეგ უფრო მეტი შემოგვიერთდება.

 5%-ის მომატებას გვთავაზობენ, ეს ჩვენი დაცინვაა და ამით უფრო გვაღიზიანებენ, ჩვენ ვითხოვთ ხელფასის 20% -ით გაზრდას. მაღაროელებს ბანკის ვალების გარდა არაფერი გვაქვს. მათი დაგვიანებული ხელფასების გამო, ბანკში პროცენტი მოგვემატა, ჩვენთვის, მაღაროელი მშრომელი

ხალხისთვის, კომპანია „ჯორჯიან მანგანეცი“ უკვე არასასურველია. ვითხოთ, კომპანია გადაიბაროს სახელმწიფომ და მოგვაქციოს ყურადღება.“

 კითხვაზე რას აპირებენ თუ მათ მოთხოვნეებს არ შეასრულებენ აქციის ერთ-ერთი წევრი გვპასუხობს:

„ჩვენ არსად წამსვლელები არ ვართ. უკან დასახევი აღარაფერი გვაქვს, ჩვენს უკან ოჯახები დგანან. ვაპირებთ, შევიჭრათ კომპანიის ოფისში, სადაც ასე მშვიდად სხედან. მოგვხედონ, სანამ პროტესტის ფორმა უფრო მეტად გაგვიმწვავებია, შიმშილსა და თვალების ამოკერვას არ დავჯერდებით .გიორგი კუპატაძეს თუ რამე დაემართება, აქ უკვე არავინ არავის დაზოგავს და სიტუაცია უკონტროლო გახდება. სანამ ვართ კანონმორჩილები, მოგვაქციეთ ყურადღება, მილიონების შოვნას დაანებეთ თავი და ადამინების კეთილდღეობაზე იზრუნეთ.“

აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვკითხეთ, ვინ უერთდება მათ აქციას და უჭერთ თუ არა ამ პროტესტში მხარს პროფკავშირები:

„ ვინც ჩვენს პროტესტს მხარს დაუჭერს, ისინი ჩვენთან ერთად იდგებიან.  პროფკავშირები მხარს არ გვიჭერენ, ჩვენ მხარეზე არავინაა, თუმცა მაღაროელები ძლიერი ხალხი ვართ,  ჩვენ არაფერი გვაშინებს - არც წვიმის,  სიცივისა და  დაბინძურებული ჰაერის გვეშინია. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც აქ ვიქნებით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენ არ გვაფასებენ  და ადამიანებად არ გვთვლიან. გადაკეტილია ყველაფერი. ჭიათურიდან არაფერი არ გავა, მალე ზესტაფონიც შემოგვიერთდება.“

23 ივნისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც სრულად გთავაზობთ: 

კომპანია სთხოვს პროტესტის მონაწილეებს, უარი თქვან პროტესტის „რადიკალურ ზომებზე“.

„ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ისინი ვინც წარმოების განახლებას ელოდებიან და ისინი ვისთვისაც შეცვლილი სამუშაო გრაფიკი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

გთხოვთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. დღეს ჭიათურის საწარმო გარდაუვალი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამ ვითარებაში ჩვენს შორის ურთიერთნდობის აღდგენა უმთავრესია.

კომპანია ღიად ასაბუთებს ჭიათურის საწარმოების ზარალიანობას, მაგრამ მზად არის ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც თქვენი ჩართულობა და ორმხრივი კომპრომისი უმნიშვნელოვანესია.

გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე. ის დაძაბული ვითარება, რომელიც დღეს ჭიათურაშია გვაზიანებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჭიათურას, რადგან ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც მზად ხართ მოლაპარაკების რეჟიმში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა. ყველას გვსურს, განახლდეს წარმოება და დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ დასრულდება მაღაროელთა პროტესტი და წავლენ თუ არა დათმობაზე, რა პირობებს დათანხმდება კომპანია და რა ვალდებულებას იკისრეს სახელმწიფო, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ავტორი: მია გოზალიშვილი