რეანიმაციის სტანდარტებს შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20% ვერ აკმაყოფილებს - მინისტრი

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რეანიმაციის სტანდარტებს საქართველოში შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20% ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აზარაშვილი დასძენს, რომ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს, შესაბამისად, ქირურგიის ან რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. თუმცა ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სხვა საქმიანობას.

მინისტრი განმარტავს იმასაც, რომ ეს მაჩვენებელი არაა საგანგაშო და არ წარმოქმნის მომსახურების მიღების შეფერხებას სხვადასხვა ქალაქსა და თუ რეგიონში.

„დაახლოებით 20% შემოწმებული კლინიკებისა ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იქ იყო ქირურგიის სტანდარტიც და [მათ] შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ, რომელიმე ამ კომპონენტის ნაწილი ან რეანიმაცია ან ქირურგია. თუმცა, ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ნორმალური სურათია და არ არის ის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგვექმნას.

ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები 2023 წელის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.