„ამ ხალხს ოპერაცია კუჭმაჭის გაკეთება ჰგონია, საგანგაშო მდგომარეობაა!“ - რატომ ითხოვს გიორგი ფხაკაძე სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას?

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი-სალომე ნოზაძე

 

"საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა...შიდაჰოსპიტალური ინფექციები, პრაქტიკულად, უკონტროლოა"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებსა და პანდემიაზე არაერთ განცხადებას ავრცელებს. „ვერსია“ დაინტერესდა, რა პრობლემებს ხედავს ჯანდაცვის სფეროში და დასრულდა თუ არა პანდემია საქართველოში.

- ბატონო გიორგი, რას ფიქრობთ, დასრულდა თუ არა საქართველოში პანდემია?

-პანდემია არ დასრულებულა. მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით, ვირუსი ისევ ვრცელდება. იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციაა ჩატარდა, ვირუსი კი ვრცელდება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელია ძალიან დაბალი,  ხოლო საქართველოსა და სხვა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებში, სამწუხაროდ სიკვდილიანობა მატულობს. მოსახლეობა დაიღალა და მიდგომაც ასეთია - „რაც იქნება, იქნება“.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დაბალეფექტური ვაქცინები არ გამოგვადგებოდა. ახლა შემოვიდა ახალი ვაქცინები. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი ვაქცინები. ეს სპეციალური, გაძლიერებული ბუსტერებია, რომელიც უკვე გამოიყენება -  ერთი „ფაიზერის“ წარმოებისაა, მეორე „მოდერნას“. კოვიდი  არსად წასულა. საქართველოში მოსახლეობა ჯოგური იმუნიტეტით წავიდა, არადა როცა გაქვს საშუალება, წამალი, დაიცვა მოსახლეობა და არ იყენებ, ეს ძალიან სამწუხაროა.

-უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსის მორიგ აფეთქებას საქართველოში?

-დიახ, აფეთქება იქნება ნოემბერში. ამაზე მე ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ ვსაუბრობდი. ჩვენ ვუყურებთ დინამიკას და ვხედავთ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები გამოჩნდა. ჩვენ თუ არ ვლაპარაკობთ ამაზე, არ ნიშნავს რომ გაქრა. გადახედეთ ახლობლებს, რამდენ ადამიანს აქვს გრიპი? რამდენია გაციებული? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათგან 90% აქვს კოვიდი. ეს არ არის არანაირი გაციება.  ჩვენ გვინდა, დავამთავროთ პანდემია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსს ეს სულ არ აინტერესებს, მას აქვს თავისი მოქმედების გეგმა, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.

-რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიცხოვროთ ვირუსთან ერთად?

-პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად, ახალი ვაქცინით უნდა ავიცრათ, მაგრამ, საქართველოში, სადაც ვაქცინაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს, ვერაფერს ვიზამთ. ჩემი რჩევა იქნება 60 წლეს გადაცილებულმა ადამიანებმა შეამცირონ კონტაქტი და იარონ სამედიცინო პირბადით. მოზარდებში იოლად მიმდინარეობს ვირუსი, მაგრამ 60 წელს გადაცილებულებში მდგომარეობა რთულდება. ჩვენ დავინახეთ, რომ გლობალური ვაქცინაცია ქვეყანაში ჩავარდა, ვერ იმუშავა, მაგრამ, ვფიქრობ, მიზანმიმართული ვაქცინაცია ეფექტური იქნება რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის.

-ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეთ მიმართვა, სადაც წერდით, რომ „საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში უხარისხო და, სავარაუდოდ, საშიშ სახარჯ მასალებს იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს“, რას გულისხმობთ?

-პირველ რიგში, გეტყვით, საიდან წამოვიდა ეს ამბავი - როდესაც პანდემიამ იფეთქა, მე ჩამოვაყალიბე საფრანგეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელ აკრედიტაციებს. ხუთი ძირითადი ინდიკატორი გვაქვს - ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლება, სამედიცინო აპარატურის ხარისხი, ინფექციის კონტროლი და ხელმისაწვდომობა შშმ პირებისათვის. საქართველოში ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ გაიარა აკრედიტაცია და ორმოცმა შეიტანა განაცხადი.

როდესაც ჩვენ გადავხედეთ  სტანდარტებს, გადავწყვიტეთ დავამატოთ ახალი სტანდარტი, რომელსაც ჰქვია სახარჯი მასალების მინიმალური სტანდარტი. სახარჯი მასალებია - პირბადე, ხელთათმანი და ასევე ერთჯერადი სახარჯე მასალები, რომლებიც გამოიყენება მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს. ჩვენ დავუკავშირდით რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ვთხოვე გამოეგზავნათ, თუ რა ტიპის მასალებს იყენებდნენ. მათი გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა ძალიან საგანგაშო რამ - როდესაც გადავამოწმე ეს მასალები Barcode-ის სკანირებით, აღმოჩნდა, რომ პროდუქცია წარმოებულია იტალიაში - Elvea SPA-ის მიერ...რომელიც რეალურად ტომატ პასტისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელია. ვერ გავიგე, ამ ხალხს ოპერაცია კუჭმაჭის გაკეთება ჰგონია? ხვდებით, რა კატასტროფული მდგომარეობაა? უხარისხო მასალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია და დადგეს ფატალური შედეგი.

სახარჯი მასალების წარმოების მთელი ჯაჭვი უნდა იყოს გამჭირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არის ნამდვილად სტერილური. საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს ვეუბნები, რომ გაიარონ ფხაკაძის აკრედიტაცია, რომელიც უფასო და ნებაყოფლობითია. აჩვენონ საზოგადოებას, რომელი სამედიცინო დაწესებულებაა კარგი. არანაირი კონტროლი არ ხდება. ჩვენ, მოქალაქებმა, არ ვიცით, რომელი საავადმყოფოა კარგი და რომელი - ცუდი. ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ეს აკრედიტაცია აუცილებელია. ერთადერთი გამოსავალია, სამედიცინო დაწესებულების დამოუკიდებელი აკრედიტაცია. მოსახლეობას კი მოვუწოდებ - მოითხოვონ სამედიცინო დაწესებულებებმა გაიარონ ფხაკაძის აკრედიტაცია! სხვა ენით საზოგადოებას ვერ ვაგებინებ. „ქალაქში დადის მკვლელი“ - ზუსტად ასეა ახლა. ეს მკვლელი არის ახლა უხარისხო ჯანდაცვა!