რა სირთულეების ფონზე უწევთ გამარჯვებების მოპოვება ქართველ მოჭადრაკეებს და როგორ აფასებს სკოლებში ჭადრაკის სავალდებულო საგნად დანერგვას - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლიმპიურ ოქროსმედალოსან ნინო ბაციაშვილთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანა ბაქრაძე

 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა რიგით 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 18 აგვისტოს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს თბილისის საკრებულომ უმასპინძლა და ნაკრების წევრებს - ნანა ძაგნიძეს, ნინო ბაციაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სალომე მელიას და მერი არაბიძეს მადლობის სიგელები გადასცა სპორტში შეტანილი წვლილისთვის.

„ვერსია“ დაუკავშირდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წევრს, ნინო ბაციაშვილს, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს ჭადრაკში ქალთა შორის, რომელმაც ოლიმპიადაზე ფენომენალური შედეგი აჩვენა და ოლიმპიური მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. რა ემოციებით შეხვდა გამარჯვებას და რა სირთულეების ფონზე უწევთ ქართველ მოჭადრაკეებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე ასპარეზობა - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნინო ბაციაშვილმა „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

 -ნინო, მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეთ და ოლიმპიური მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდით. დღეს რა ემოციებით გაიხსენებთ მოპოვებულ პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს?

-რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, ეს ჩემთვის მართლაც პირველი ოქროს მედალია. ძალიან ბევრ გადამწყვეტ ბრძოლაში მოვიპოვე გამარჯვება - დავამარცხე უკრაინის წარმომადგენელი ანა მუზიჩუკი და აზერბაიჯანის წარმომადგენელი ხანიმ ბალაჯაევა, რომლებმაც ჩვენს დაფაზე მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს. ამ გამარჯვებებმა განაპირობა ეს ოქროს მედალი. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ჩემს გუნდსაც გამოვადექი.

 6 წლიდან იღებთ მონაწილეობას საჭადრაკო შეჯიბრებებში საქართველოს მასშტაბით. რამ  განაპირობა ეს არჩევანი და ზოგადად, რამ გამოიწვია ჭადრაკის მიმართ ინტერესი ასეთ ადრეულ ასაკში?

-ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე. თამაში მამამ მასწავლა, ძალიან მომეწონა და შემიყვარდა. იმდენად მომწონდა ჭადრაკის თამაში, რომ ყველას ვეთამაშებოდი: ნათესავებს, მეზობლებს - ყველას, ვინც კი თამაში იცოდა. 5 წლის ვიყავი, როცა მივედი საჭადრაკო კლუბში. 6 წლიდან ვთამაშობ უკვე საჭადრაკო ტურნირებს. 8 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში 10 წლამდელებს შორის. ასეთ ადრეულ ასაკში ტურნირებში მონაწილეობის მიღება ნორმალურია საჭადრაკო თვალსაზრისით. ყველას, ვინც ჭადრაკს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს, თითქმის იგივე გზა აქვს გავლილი.

 - 2020 წლის დასაწყისში საჭადრაკო კლუბი „ნონა“ დატოვეთ, რა გახდა ამის მიზეზი?

-კლუბი „ნონა“ დავტოვე, რადგან იყო ჩემ და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შექმნილი პრობლემები. მართალია, ყოველწლიურად ვიღებდით გარკვეულ დაფინანსებას, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. რამდენჯერმე მოვითხოვე, ცოტათი მაინც გაეზარდათ დაფინანსება, რაზეც ყოველთვის უარს ვიღებდი. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 3 წელი, ყველანაირად ვეცადე, რომ ეს ფაქტი მომეთმინა, მაგრამ რადგან არაფერი შეიცვალა, საბოლოოდ გადავწყვიტე წამოსვლა. დამეთანხმებით, რომ ასეთი დამოკიდებულება ძალიან საწყენია, მით უმეტეს, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა, ვინც ამ კლუბში თამაშობდნენ, „ნონას“  ბევრი გამარჯვება მოვუტანეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებები - ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით რამდენჯერმე, კლუბ „ნონას“ სახელი ევროპის მასშტაბით ცნობადი გახდა ჩვენი დამსახურებით. ჩემს დაფაზე ყოველთვის კარგად ვთმაშობდი, 4 მედალი მაქვს აღებული 6 ტურნირიდან, ამიტომ მათი მხრიდან ასეთი რეაქცია ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

 - თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი მიღწევა - ხართ საერთაშორისო დიდოსტატი მამაკაცთა შორის და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. ეს ძალიან საამაყოა ყველა ქვეყნისთვის, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. გვაინტერესებს, რამე თუ კეთდება იმისთვის, რომ ასეთი დიდი პოტენციალის მქონე სპორტსმენი, როგორიც ნინო ბაციაშვილია, უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტი წარმატება მოუტანოს ქვეყანას?

- რა თქმა უნდა, რაღაც კეთდება. ვერავინ იტყვის, რომ საერთოდ არაფერი კეთდება, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ, რა კეთდება ჩვენთვის ჩვენს ქვეყანაში და რა კეთდება იმ ქვეყნებში, რომელთა მოჭადრაკეების წინააღმდეგაც გვიწევს ასპარეზობა, ცალსახად, ჩვენ უარეს პირობებში ვართ. ძალიან რთული მდგომარეობაა, რადგან სადაც სათანადო ხელშეწყობა არაა, მოტივაციაც იკარგება, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჭადრაკში ახალი თაობაც აღარ მოდის. საქართველოს  ნაკრებშიც კი ისევ ისინი ვთამაშობთ, ვინც უკვე 10-15 წელია, საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავთ. ახალი მოჭადრაკეების შემოდინება არ ხდება. კარგი იქნება, ამ შეკითხვას კომპეტენტურ პირს თუ დაუსვამთ - რატომ ხდება ასე და რა არის ამის მიზეზი? მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და რაც ჩემზეა დამოკიდებული.

 ნინო, თქვენ იყავით ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ძალიან საინტერესო გეგმები გქონდათ ბათუმის განვითარებასთან დაკავშირებით: მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. რა მიზეზით გადაწყვიტეთ საკრებულოს დატოვება და სამომავლოდ თუ გეგმავთ თანაპარტიელებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას?

 - პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს და პარტიის მხარდამჭერებს, ვინც ხმა მოგვცა. ეს გადაწყვეტილება მივიღე იანვარში და ამის შესახებ პოსტიც დავწერე, რომ ვერ ვახერხებდი ორი საქმის შეთავსებას. საბოლოო  გადაწყვეტილება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ დღესდღეობით, ჭადრაკში პროფესიონალი კადრების ნაკლებობის გამო, გართულდებოდა ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც რეალურად ჩამანაცვლებდა. ამიტომ გადავწყვიტე მთელი დრო საჭადრაკო კარიერისთვის დამეთმო და ამ გზით გამეგრძელებინა ჩემი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა, მომდევნო რამდენიმე წელი მაინც. მართალია, საკრებულოდან წამოვედი, მაგრამ გახარიას პარტიის წევრად დავრჩი, რადგან, ყოველთვის ვგულშემატკივრობ ადამიანებს, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ. ამჟამად, ჩვენი პარტიის ორი დეპუტატი აქტიურადაა ჩართული ამ ტიპის საკითხების მოგვარებაში. რაც შემეხება მე, ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ვიცი რამდენად მექნება იმის დრო, რომ მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ აქტივობებში.

 - სექტემბრიდან სკოლებში სიახლეები იგეგმება. ჭადრაკის სწავლება პირველ კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო იქნება. როგორია თქვენი, როგორც მოჭადრაკის, აზრი ამასთან დაკავშირებით?

 -ეს პროექტი ახლა შემუშავდა. ჩემი აზრით, ბავშვებისთვის კარგი იქნება ჭადრაკის სწავლა. თან როგორც ვიცი, პირველ კლასში მხოლოდ ფიგურებს და სვლებს ასწავლიან, ანუ გაკვეთილები უფრო გაცნობითი ხასიათის იქნება. ბავშვის დატვირთვა 6 წლის ასაკში ისედაც არ შეიძლება, რადგან ამ დროს წერა-კითხვას სწავლობს, ამიტომ საჭადრაკო პროგრამაც შესაბამისად აქვთ აწყობილი, ისეთ რთულ მასალას არ შემოიტანენ პირველკლასელებისთვის, რომ ათვისება გაუჭირდეთ ან სხვა მხრივ ხელი შეეშალოთ სწავლაში. პირველი კლასი კარგი დროა ჭადრაკის სწავლის დასაწყებად, რადგან თუ ბავშვს სურვილი გაუჩნდება სამომავლოდ ჭადრაკი პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს, მისთვის კარგი იქნება, თუ სწავლას 6 წლის ასაკიდან ან უფრო ადრე დაიწყებს.

 -განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ჭადრაკის შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებას. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-საერთოდ, ჭადრაკი აღიარებულია, რომ ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას, მაგრამ რა მასალაც პირველ კლასში შემოაქვთ, ფიგურების და სვლების სწავლა, ბუნებრივია, საკმარისი არ იქნება. ზუსტად არ ვიცი, შეიძლება შემდეგ კლასებშიც გააგრძელონ სწავლება. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც კარგია, რომ ბავშვებმა სკოლებში ჭადრაკის სწავლა დაიწყონ. ბავშვი თუ დაინტერესდა და შეუყვარდა, დიდი შანსია, რომ სწავლა საჭადრაკო წრეში გააგრძელოს და შემდეგ პროფესიულ ჭადრაკშიც წავიდეს. ასე შევძლებთ, მივიღოთ მოჭადრაკეების ახალი თაობა - რაც ასე სჭირდება დღეს ქართულ ჭადრაკს.