როგორ აღნიშნავენ ციხეში ახალ წელს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ფეიკი“ ბაჟე, „პეჩენიის“ ნამცხვარი - რა კერძებს და რისგან ამზადებენ საახალწლოდ პატიმრები

ახალი წელი ყველგან ახალი წელია - რაც უნდა მოხდეს, ამ დღეს ადამიანები მაინც განსაკუთრებულად ხვდებიან.  შესაძლოა, ვინმეს ახლობელი დაეღუპოს, ან უდიდესი პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ ახალი წლის განწყობა... თითქოს, ინსტიქტურად მოდის, მით უმეტეს, დღევანდელ დროში, ვერავის ეტყვი, მე ტრაგედია მაქვს, შენ არ იზეიმოო. ეს ადრე იყო, სოფელში ახალ წლამდე თუ ვინმე კვდებოდა, ახალი წლის ღამეს თოფს არავინ ისროდა, თორემ ახლა... ახლა შეიძლება, ერთ სახლში მიცვალებული იყოს, ახლო-მახლო სახლებიდან კი მაშხალები გაუშვან და იზეიმონ. ვიღაც იტყვის, ყველგან ასე არ ხდებაო და მართალიც იქნება - ყველგან არ ხდება, მაგრამ ბევრგან ხდება, ძალიან ბევრგან...

 

ახალი წელი ციხეშიც დგება და რა თქმა უნდა, პატიმრებიც ხვდებიან. მეტიც, ისინი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ყოველი ახალი წელი ხომ იმედებით არის აღსავსე - პატიმარს ყველაზე მეტად იმედი სჭირდება. ვიღაცისთვის (და ეს ვიღაც ასეულობით პატიმარია), 2024 სასჯელის მოხდის ბოლო წელი იქნება და მათ მისი დადგომა განსაკუთრებით გაუხარდებათ, ვიღაც ბოლოს წინა წლის ათვლას დაიწყებს და არც ესაა პატარა სიხარული - ამაყად იტყვის, კიდევ ერთ ახალ წელს შევხვდები გისოსებს მიღმაო და...

იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ხელისუფლების სათავეში აღარ არის ნაციონალური მოძრაობა, ახალი წელი გლდანის ციხეშიც ადამიანური იქნება. ჰო, ადამიანური და თუ რას ვგულისხმობთ, ახლავე გეტყვით. უფრო სწორედ, გიამბობთ, როგორი იყო ახალი წელი „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში, გლდანში და ზონაზე. გლდანის ციხის ახალ წელზე მოყოლა ძალიან მარტივია - 31 დეკემბერს, დილით, რეჟიმის წარმომადგენელი დაივლიდა და ყველა კამერას მკაცრად გააფრთხილებდა, რომ ჩვეულებისამებრ, ღამის 10 საათზე ჩაქვრებოდა შუქი, ამ დროს პატიმრები საწოლში უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მაშინ, როცა ახალი წელი დადგებოდა, არ უნდა ამდგარიყვნენ, არ უნდა მისულიყვნენ ფანჯრებთან, ფოიერვერკები არ უნდა დაენახათ, არ უნდა აენთოთ შუქი და არ უნდა დაებრახუნებინათ მეზობელი საკნის კედელზე. ნებისმიერი ამ პუნქტის დარღვევა უსასტიკესად ისჯებოდა - იმ საკანში ნიღბიანი სპეცრაზმი შედიოდა, რომლის წევრები უკვე გვარიანი ნასვამები იყვნენ იმ დროისთვის და პატიმრებს სასტიკად სცემდნენ. უფრო ცუდი ის გახლდათ, რომ თუ რომელიმე საკანში მაინც მოისურვებდნენ გვერდით მყოფებისთვის ახალი წელი მიელოცათ და კედელზე დაუბრახუნებდნენ, ზემდეგები სცემდნენ ორივე საკნის პატიმრებს. ამიტომ, პატიმართა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალი წლის ღამის ეშინოდა და ეშინოდა თუნდაც იმის გამო, რომ არავინ იცოდა, რას ფიქრობდნენ გვერდით საკანში, დააბრახუნებდა თუ არა რომელიმე თავგაცხელებული და ერთი დაბრახუნების გამო, გაილახებოდა თუ არა 20-მდე პატიმარი. ეს იყო ის რეალობა, რომელშიც წლების განმავლობაში, ათასობით პატიმარი ცხოვრობდა და მას, ვინც ახალ წელს გლდანის ციხეშია შეხვედრილი, ეს ჯოჯოხეთი არასოდეს დაავიწყდება.

რაც შეეხება ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულებით დაწესებულებას ანუ ზონას. იქ საახალწლო მზადება ერთი თვით ადრე იწყება. პატიმრები მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს ურეკავენ და სთხოვენ, რომ ბარათზე თანხა დაურიცხონ, რადგან წელიწადში ერთხელ მაინც, თავი ისე იგრძნონ, თითქოს, თავისუფლებაზე არიან. ციხის მაღაზიაში, ერთი შეხედვით, ბევრი არაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ მაინც არსებობს ინგრედიენტები, რომლითაც შესაძლებელია საახალწლო კერძები გააკეთო. მაგალითად, ნამცხვარი, „ბაჟე“... აი, გოზინაყისთვის საჭირო ინგრედიენტები არ მოიძებნება. და მაინც, რა არის საახალწლო ნამცხვრის დასამზადებლად საჭირო? ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი „პეჩენია“, შესქელებული რძე, ნაღების კარაქი და ერთჯერადი საპარსის მჭრელი პირი. ჰო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი „ბრიტვა“ შეიძლება ითქვას, ნამცხვრის დასამზადებლად ყველაზე საჭირო ნივთია.

იღებთ „ბრიტვას“ და „პეჩენიებში“ აკეთებთ ღრმულებს ისე, რომ პეჩენიას საერთო ჯამში ჯებირები ჰქონდეს და შიგნით ჩასხმული სითხე გვერდებიდან არ გადმოვიდეს. შემდეგ ერთმანეთში არეულ-აზელილ შესქელებულ რძესა და კარაქს ვასხამთ ამ „პეჩენიებში“ და ერთმანეთზე ვადებთ, მართკუთხედ ფორმას ვაძლევთ და ასე ვტოვებთ 24 საათი იმიტომ, რომ „კრემი“ გამხმარ „პეჩენიას“ გაუჯდეს და დაარბილოს. მერწმუნეთ, არათუ იმ პირობებში, ისედაც უგემრიელესია იმიტომ, რომ „პეჩენიას“ თავისი ქიმიური დანამატები აქვს, ბავშვებს რომ მოეწონოთ, ვანილის გემოც დაკრავს, რასაც კარაქი და შესქელებული რძე უფრო ამძაფრებს და მშვენიერი საახალწლო ნუგბარია.

რაც შეეხება ბაჟეს. რა თქმა უნდა, ნიგოზზე საუბარი ზედმეტია. იმის გამო, რომ მზესუმზირას ბევრი ნაგავი აქვს და პატიმრები მას ყველგან ჭამენ, ციხის მაღაზიებში უბრალოდ არ იყიდება, რადგან შემდეგ „დამლაგებლები“ ძალიან ბევრს შრომობენ (დამლაგებლები ბრჭყალებში რატომ გვაქვს, ყოფილი პატიმრები მიხვდებიან). შესაბამისად, ნამდვილი ბაჟეს მომზადებაზე ოცნებაც კი ზედმეტია. ამიტომ, მაიონეზს ხსნიან ცივ წყალში, აზავებენ სვანური მარილით (რომელიც ციხის მაღაზიაში იყოდება), ყრიან წვრილად დაჭრილ ხახვს და... მთავარი ინგრედიენტი მოხარშული კვერცხი და პაშტეტია. კვერცხს მოხარშავენ, ყავის თუნუქის ქილისგან გაკეთებულ ე.წ. დანით ფრთხილად, ოვალურად ჭრიან ცილას, ისე რომ ყვითელი გული არ დაზიანდეს, ცილის ღრმულებს პაშტეტით ავსებენ და ფრთხილად დებენ მაიონეზში. კვერცხის მოხარშული გულებიც მთელ-მთელად იმავე სითხეში იდება. ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს 24 საათი, რათა მაიონეზმა, ხახვმა და სვანურმა მარილმა, პაშტეტისა და კვერცხის გულის გემოებით გაჯერება შეძლოს და გვერწმუნეთ, ძალიან გემრიელი გამოდის. უფრო სწორედ, გისოსებს მიღმა, ეს ნამდვილი დელიკატესია. ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს შემწვარი ქათმითაც ანებივრებს და ახალ წელს, ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ პროდუქტზეა. სხვათა შორის, იგივე შეკმაზულ და წყალში გახსნილ მაიონეზში, შემწვარი ქათმის დაჭრილი ნაჭრების ჩადებაც შეიძლება, რაც საცივის შეგრძნებას იწვევს.

ახალი წლის ღამეს (ისევე, როგორც ყველა სხვა ღამეს), საკნების კარები დაკეტილია და პატიმრებს ერთმანეთისთვის ახალი წლის მილოცვა მხოლოდ გადაძახილებით, ან კედელზე დაბრახუნებით შეუძლიათ. აი, დილით, როცა ზონა იღება, პატიმრები ერთმანეთთან საკნებში შედიან და ახალ წელს ულოცავენ. ძირითადი სასმელი ჩაი და ყავაა, რა თქმა უნდა, ალკოჰოლს იქ არავინ შეიტანს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რისკავენ და „ბრაგას“ აკეთებენ. რატომ არის „ბრაგას“ დამზადება რისკი? იმიტომ, რომ ფაქტზე გამოჭერის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე იღძვრება და თუ ადრე პატიმარს უბრალოდ საყვედურს ეუბნებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობა ესპობოდა, ახლა სასჯელს უმატებენ (ძირითადად, ერთ წელს) და როგორი საქმეა, ერთი დღის დათრობისთვის (თან რა სასმელით), ციხეში ყოფნა ერთი წლით გაიხანგრძლივო. ამიტომ, ძალიან იშვიათად თუ რისკავს ვინმე ამის გაკეთებას და ძირითადად ისინი, რომლებსაც 17-20 წელი აქვთ მისჯილი, რადგან კარგად იციან, თუ მანამდე ეშველებათ, ისედაც ეშველებათ, თუ არა და, 17-20 წლის შემდეგ რა იქნება, ნაკლებად ფიქრობენ.

ახლ წელს, იუსტიციის სამინისტროც ცდილობს, პატიმრების ყოფა როგორმე გაახალისოს და 31 დეკემბერს, ღამით, ვახშმის „პაიოკში“ ქათმის ხორცი შედის, ოღონდ ისე კი არა, 80-ლიტრიან ქვაბში ერთ ქათამას რომ აგდებენ და ისიც მარტივ მამრავლებად იშლება, არამედ, ნამდვილი ხორცი, მშრალად მოხარშული ქათმის ერთი ნაჭერი - 70-80 გრამი, მაგრამ ესეც დიდი ფუფუნებაა, რადგან 3-4 კაცი ამ ნაჭრებს გააერთიანებს, წვრილად დაჭრის, ხახვს, შავ პილპილს, მაიონეზს უზამს და ქათმის სალათიც მზად არის.

ასეა თუ ისე, გისოსებს მიღმა ყველა დღესასწაული მაინც სევდიანია. ყველამ იცის, რომ იმ დროს, სწორედ იმ დროს, როცა ისინი ახალ წელს ციხეში ხვდებიან, მათი ოჯახის წევრები მაგიდის გარშემო სხედან და სწორედ იმას ნატრობენ, რომ ციხეში მყოფი პირი თავისუფლებაზე იყოს, რომ ახალ წელს მათთან ერთად ხვდებოდეს და ეს არ არის მხოლოდ სურვილი - ეს ცხოვრებაა. ესაა მთელი ცხოვრება, რადგან გისოსებს მიღმა გატარებული ნებისმიერი დღე, უბრალოდ, დაკარგულია, წაშლილია ისედაც ხანმოკლე ცხოვრებიდან და ამიტომაა, თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ციხეში ყოფნით, არა მარტო თავს ვნებს, არამედ, ოჯახის წევრებს, მშობლებს, შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს... შემდეგ, ციხიდან გამოსული ადამიანისთვის, ყველაფერი მარტივი არ არის, ყველაფერი თითქოს განულებულია და ახლიდან უნდა დაიწყოს. ამის გაკეთებას კი, ძალიან, ძალიაან ბევრი, უბრალოდ ვეღარ ახერხებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე