რა ბედი ეწია საბჭოთა ექიმს, რომელმაც მომაკვდინებელი ვირუსი შექმნა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„არ მინდა სიკვდილი, მიშველეთ!“

არსებობს რამე, რამაც, შესაძლოა, ჩვენი თაობა გააოცოს? - ერთადერთი, ალბათ, ვირუსი იყო, რაც ნანახი გვქონდა ფილმებში, როცა მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდებოდა მსოფლიოში, იხოცებოდნენ ადამიანები, მერე გამოჩნდებოდა ვიღაც გმირი, რომელიც ვაქცინას შეიმუშავებდა, მსოფლიოს გადაარჩენდა და ფილმიც „ჰეფი ენდით“ სრულდებოდა. რეალურად კი, როცა კორონავირუსმა შეუტია მსოფლიოს, პრაქტიკულად, არცერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად ამისთვის და უამრავი ადამიანი ემსხვერპლა ვერაგ დაავადებას. მერე და მერე, ვირუსმა მუტაცია განიცადა, პარალელურად, იქმნებოდა ვაქცინები, მიმდინარეობდა აცრები, ადამიანები ცდილობდნენ სიკვდილს გაქცეოდნენ...

მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ მსოფლიოს ორი ყველაზე მძლავრი სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ცივი ომის პირობებში, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მეტოქე დაესუსტებინათ. იყო ეს სადაზვერვო საქმიანობა, ჯაშუშური ქსელი, თუ ვირუსებით ბრძოლა. ჰო, სწორედ ვირუსებით ბრძოლაა იყო ყველაზე მარტივი გზა, როგორც მოსახლეობის რიცხვის შესამცირებლად, ისე პანიკის დასათესად. ვირუსით აავადებდნენ არასასურველ ოპონენტებს და რაც მთავარია, ამაზე მუშაობდნენ ლაბორატორიები, მეცნიერები და ცდილობდნენ, შეექმნათ ისეთი ვირუსი, რომლის ვაქცინის მოგონებასაც ერთი და ორი თვე არ ეყოფოდა. ეს ერთგვარი შეჯიბრი, რეალურად, ბრძოლა წესების გარეშე იყო და საუბარი არა მხოლოდ ვირუსებზეა. მაგალითად, ამერიკელებს უკავშირდება საბჭოთა კავშირში „კოლორადოს ხოჭოს“ შემოყვანა, მავნებლის, რომელიც დღემდე დიდ პრობლემად რჩება ფერმერებისთვის. მაშინ საბჭოთა კავშირი კარტოფილის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მიმწოდებელი გახდა მსოფლიოში, რაც აშშ-ს არ მოეწონა და კონკრეტული მცენარის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. რუსების სახელს უკავშირდება აშშ-ში დავირუსებული და შესაბამისად, ვირუსების გადამტანი ვირთხების ჩაყვანა, რომელიც „მეგობრულად“, გემიდან ჩაყარეს, სანაპიროდან, დაახლოებით, 40-50 მეტრში და ეს იმაზე იყო გათვლილი, რომ ვირთხებს უნდა გაეცურათ და გადარჩენილიყვნენ. ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა კი მიზანს მიაღწია.

ყველაფერი ეს, იმიტომ მოგიყევით, რომ საკმარისი იყო, კომუნიზმის დროს, ვინმეს ამოუცნობი ვირუსი აღმოსჩენოდა, საქმეში მაშინვე უშიშროების კომიტეტი ერთვებოდა და იკვლევდნენ, იყო ეს შემთხვევითი დაავადება, თუ მტრის მიერ გავრცელებული. მით უმეტეს, თუ კონკრეტული მოქალაქე უცხოეთში იყო ნამყოფი, ნამდვილი პანიკა იწყებოდა, ოღონდ ყველაფერი გარეთ არ ჩანდა, ამას რიგითი ადამიანები ვერ ხედავდნენ, ვერ ხვდებოდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვენი მეზობელი სომხეთიდან დაიწყო, საქართველოში გაგრძელდა და ისევ ჩვენს მეზობლად, ვლადიკავკაზში დასრულდა.

შეყვარებული წყვილი კინოდან ბრუნდებოდა, როცა მათ წინ მიმავალი მამაკაცი მოულოდნელად წაიქცა და პირიდან ქაფი წამოუვიდა. ახალგაზრდებმა მისი მოსულიერება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და სასწრაფოში დარეკეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მალე მივიდა, მამაკაცი იქვე, გულდასმით გასინჯეს, პირზე მომდგარ ქაფსაც დაყნოსეს და ექიმმა ექთანს მილიციის გამოძახება სთხოვა, სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ კი, მათ რეზინის ხელთათმანები მისცა, ყურში რაღაც უთხრა, ამის შემდეგ, ძალოვნებმა შეყვარებული წყვილიც სასწრაფოს მანქანაში შეტენეს და ექიმებს გააყოლეს. გოგო და ბიჭი ვერაფრით მიხვდნენ, რატომ გააყოლეს ისინი სრულიად უცნობ ადამიანს, ამტკიცებდნენ კიდეც, არ ვიცნობთ, მისი ჭირისუფალი ეძებეთო, მაგრამ გაოცება მერე გენახათ, როცა ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა პალატაში დააწვინეს, თანაც ორივე მარტო და ორივეს კარი ჩაუკეტეს. იმავე საღამოს, მილიციაში გოგოსა და ბიჭის მშობლები მივიდნენ და შეშფოთებულებმა თქვეს, რომ მათი შვილები კინოდან არ დაბრნდნენ, ისინი არ იძებნებოდნენ არსად და ძალოვნებს დახმარებას სთხოვდნენ. მილიციის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ ისინი საავადმყოფში იყვნენ კონკრეტული კვლევის ჩასაბარებლად და წარმოიდგინეთ მშობლების მდგომარეობა, როცა მათ არათუ პალატაში შესვლის, არამედ, შვილების პალატის ფანჯრიდან ნახვის უფლებაც კი არ მისცეს. ისინი ბოლო ხმაზე კიოდნენ და არ სჯეროდათ, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ.

„ჩვენთან დაფიქსირდა უცნაური ვირუსი. ამ ვირუსით დაავადებულებს მაჯები უშუპდებათ, გრძნობას კარგავენ, პირიდან ქაფი მოსდით, თითქოს მოიწამლნენ, მაგრამ რეალურად, ორგანიზმი მოწამლული არ არის, მერე კი კომაში ვარდებიან და გონმოუსვლელად იღუპებიან. ამოუცნობი ვირუსი შეხებით გადადის და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც დაავადებულთან კონტაქტი ჰქონდა, საქართველოში წამოვიდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. თუ მას იპოვით, ნებისმიერი, ვისთანაც შეხება ჰქონდა, იზოლაციაში მოაქციეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, - ასეთი შეტყობინება სომხეთიდან საქართველოში, მომხდარ შემთხვევამდე ორი დღით ადრე შემოვიდა და ყველა საავადმყოფო, თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა უმკაცრესად იყო გაფრთხილებული, ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებს უდიდესი სიფრთხილით მოქცეოდნენ და რაც მთავარია, მათთან შემხებლობაში მყოფი ადამიანებიც საავადმყოფოში წაეყვანათ.

აღნიშნული ვირუსით სომხეთში უკვე რამდენიმე ადამიანი იყო გარდაცვლილი და, პრაქტიკულად, განგაში ჰქონდათ გამოცხადებული, ოღონდ არაოფიციალურად. საქმეში მოსკოვიდან ჩამოსული ექსპერტ-ექიმებიც იყვნენ ჩართულნი, უშიშროების კომიტეტიც საქმეში გახლდათ და სწორედ რუსი ექიმებიდან ერთ-ერთი, საქართველოში გამოუშვეს, რათა აქ დაავადებული ენახა. მან დაადასტურა, რომ ამ ვირუსს იკვლევდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ნაპოვნი მამაკაცი მესამე დღეს გარდაიცვალა, ბიჭისა და გოგოს მდგომარეობა კი ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად უარესდებოდა. უშიშროება ფეხზე იდგა, პირველწყაროს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფრით აგნებდნენ და ამ დროს ზარი ვლადიკავკაზიდან გაისმა - უცნობი ვირუსით დაავადებული მამაკაცი ამბობდა, რომ სომხეთში რაღაც ნემსი გაუკეთეს, დააავადეს, მერე მკურნალობა დაუწყეს და გაპარვა შეძლო. ის საქართველოს გავლით ჩავიდა რუსეთში და დახმარებას რუსეთს სთხოვდა. მასთან სასაუბროდ უშიშროების თანამშრომლები გაფრინდნენ.

„ციხიდან რვა თვის წინ გავთავისუფლდი, არავინ ახლოს არ მიკარებდა იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ვიჯექი და არავის ვჭირდებოდი. მერე მეგობარი შემხვდა და მან მითხრა, ექსპერიმენტებს ვატარებთ და თუ დაგვთანხმდები მასში მონაწილეობას, თვეში 800 მანეთს მოგცემთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ან რა მქონდა დასაკარგი? რაღაც ნემსი გამიკეთეს, მერე მკურნალობა დამიწყეს. ძლივს გადავრჩი. ფულს კი მიხდიდნენ, მაგრამ კლინიკიდან ვერ გავდიოდი და რაში მჭირდებოდა ფული? წასვლა რომ დავაპირე, მითხრეს, ცოტა კიდევ მოიცადეო. მივხვდი, იქიდან არ გამომიშვებდნენ, რადგან ჩემს იქ ყოფნაში, კიდევ ორი ადამიანი მოიყვანეს, მგონი, უსახლკაროები იყვნენ და ორივე შემოაკვდათ. მეც მომკლავდნენ, ამიტომ გამოვიქეცი, მაგრამ მგონია, რომ ბოლომდე არ მიმკურნალეს და არ მინდა სიკვდილი, მიშველეთ“, - ამბობდა მამაკაცი, რომელიც ჯანმრთელად აშკარად არ გამოიყურებოდა. მან ძალოვნებს ის ადგილიც დაუსახელა, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და სპეცოპერაციაც ჩატარდა. დაკავებულთა შორის იყო იდეის ავტორი და ყველაფერ ამის მეთაური.

„მე რამდენიმე წამალი გამოვიგონე, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ყველა მოიწონეს, თუმცა ის სახელმწიფომ წაიღო და მე მხოლოდ 300 მანეთი მერგო, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მესამედ... ეს წამლები კი სახელმწიფომ ხმარებაში ჩაუშვა და მათი შეძენა რთულიც არის და ძვირიც. 300 მანეთი... იცით, ეს რამდენია? ჩემს მიერ გამოგონებული წამლის ექვსი ფლაკონი უფრო მეტი ღირს, ვიდრე 300 მანეთი და სასაცილოდ ამიგდეს. ჰო, მე ჩემმა ქვეყანამ დამცინა. ამიტომ, გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა და გამოვიგონე ვირუსი, რომლის წამალიც მხოლოდ მე მაქვს, მხოლოდ მე ვიცი და თუ დამაპატიმრებთ, ვერასოდეს გაიგებთ ვერც მის შემადგენლობას, ვერც - დოზებს. რომც გაიგოთ, ამისთვის ნახევარი წელი მაინც დაგჭირდებათ, ამ დროის განმავლობაში კი, მოსახლეობის ნახევარი გაწყდება“, -განაცხადა დაკავებულმა.

უშიშროებამ ერთადერთი პირობა გასცა - არ დაგხვრეტთ და თუ თქვენს მიერ გამოგონილი ვირუსის ნაირსახეობა მართლაც საინტერესოა, მასზე მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთო. საბოლოო ჯამში, ანტივირუსით ყველა დაავადებული გამოაჯანმრთელეს, ის ექიმი კი, რომელიც ყველაფერ ამით ვაჭრობდა, კარგა ხანს აღარავის უნახავს. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩეხეთში, ერთი ასაკოვანი კაცი სწორედ ამ ისტორიას ჰყვებოდა და ამტკიცებდა, მე ის პროფესორი ვარ, ვინც მაშინ ვირუსი გამოიგონა, მას შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში (?!) ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ოღონდ დახურულ ლაბორატორიაში, ახლა კი, როცა საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჩეხოსლოვაკიაც, მე არავის ვჭირდებიო. საბოლოოდ, ის ჯერ მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს, მერე კი - ფსიქიატრიულში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე