თაფლში დამალული ბრილიანტების საიდუმლო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იცით, რომ ფუტკრის მიერ ნაწარმოებ პროდუქტებში ყველაზე იაფი თაფლია? დიახ, თაფლზე ძვირი ღირს სანთელიც, ყვავილის მტვერიც, დინდგელიც, ფუტკრის რძეც, ფუტკრის შხამი კი საერთოდ, ასტრონომიულ თანხაზე ადის. ფუტკრების ცხოვრება ბოლომდე შესწავლილი დღემდე არ არის. პროფესიონალი მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ცხოვრებისა და ქცევების მხოლოდ 20% იციან, დანარჩენი კი ამოუცნობია. ამოუცნობია თუნდაც ის, როგორ ხვდებიან ფუტკრები, რომელ სკაში უნდა შეფრინდნენ, რატომ არ ერევათ საკუთარი სკა და თუ შეეშალათ, როგორ სცნობენ სხვა ფუტკრები უცხოს? ვარაუდობენ, რომ ყველა სკას თავისი სუნი აქვს, სუნით სცნობენ, ან კიდევ ბზუილი აქვთ განსხვავებული...

 

თბილისიდან ქუთაისში მიმავალი სატვირთო ჯერ გზიდან გადავიდა, შემდეგ ხეს შეასკდა და გაჩერდა. შემთხვევის ადგილზე პირველად სატვირთოს უკან მიმავალი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები მივიდნენ - ცოლ-ქმარი, რომლებმაც მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს, მაგრამ იგი უკვე გარდაცვლილი იყო. მძღოლი ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ სავარაუდოდ, საქარე მინას მიარტყა სახე, ცხვირი გატეხილი ჰქონდა... ავარიის ადგილზე სხვა მანქანებიც გაჩერდნენ, თუმცა ცოტა მოგვიანებით - სისხამ დილა იყო და მაშინ მოძრაობა ისე ინტენსიური არ გახლდათ. მერე მოვიდა „გაი“, სასწრაფო დახმარების მანქანა... სატვირთოში თაფლით სავსე ქილები ელაგა, ზოგი გატეხილი, ზოგიც მთელი. სავარაუდოდ, მანქანას სწორედ თაფლი გადაჰქონდა და ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ავარიას ჰგავდა. „გაიშნიკებმა“ ივარაუდეს, ალბათ, მძღოლს ჩაეძინა და გზიდან იმიტომ გადავიდაო, მაგრამ ის კი უკვირდათ, არცთუ ძლიერი შეჯახების შედეგად, რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. საქმეში სამართალდამცავები მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი.

„მამაკაცს ბარძაყთან ნანემსარი აღენიშნება. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთერება შეიყვანეს, რომელმაც გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შესაძლოა, ერთ დღეში იმოქმედა და მძღოლს გული ამის გამო გაუჩერდა. ავარიის დროს მიღებული დაზიანებებით არ გარდაცვლილა“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

ვისთვის უნდა შეეშალა ხელი სატვირთოს მძღოლს? ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას უნდა გაეცა. მისი ცოლის ნახვის შემდეგ, სამართალდამცავები უფრო დანაღვლიანდნენ - ქალი ამბობდა, ოთხი თვეა, რაც ოჯახი შევქმენით, როცა რეისში მიდიდა, სწორედ მაშინ გაიგო, რომ ორსულად ვიყავი და უბედნიერესი იყო, ახლა კი, ბავშვის გაზრდა მარტოს მომიწევს, შვილს მამა არ ემახსოვრებაო. გამომძიებლების კთხვაზე, ჰყავდა თუ არა მის ქმარს მტერი, ქალმა მხრები აიჩეჩა, შეყვარებულობის პერიოდი დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა, არც მაშინ და არც მას შემდეგ, არ გამიგია, რომ ჩემს ქმარს ვინმე ემტერებოდა, ან რა ჰქონდა სამტრო, მაშინაც მძღოლი იყო, ახლაც მძღოლია და სამეგობროც ნორმალური ჰყავს. კრიმინალებთან არასდროს მინახავს და არც საეჭვო წრეში შემიმჩნევიაო.

მეუღლის სიტყვები სხვებმაც დაადასტურეს, მეგობრებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა, თანამშრომლებმა... მაგრამ, ხომ ცხადი იყო, რომ მან ვიღაცას ხელი შეუშალა, ან ცუდ დროს, ცუდ ადგილზე აღმოჩნდა, ან ისეთი რამ გაიგონა, რაც არ უნდა გაეგონა... გამოძიება იმ ქარხანაში შევიდა, სადაც თაფლი იწარმოებოდა.

„მერწმუნეთ, იმ ადგილას არ ეძებთ, სადაც უნდა ეძებდეთ. აქ ყველაფერი რიგზე გვაქვს, თაფლი შემოდის, ვაფასოებთ და სხვადასხვა ადგილზე ვაგზავნით. ის მანქანა ქუთაისამდე, ხაშურში უნდა გაჩერებულიყო, მერე - ზესტაფონში, მერე - ქუთაისში, მაგრამ ადგილამდე ვერ ჩავიდა. გადაამოწმეთ, იყო თუ არა ხაშურში, რამე ხომ არ სჭირდა, ან ზესტაფონში როგორ ჩავიდა. აუღეთ სინჯი სატვირთოში ნანახ თაფლს, ნახავთ, რომ მაქინაციებს ადგილი არ აქვს“, - იძახდა საამქროს ხელმძღვანელი და მისი სიტყვები მალე ექსპერტიზამაც დაადასტურა. თაფლი უმალესი ხარისხის იყო არა მარტო სატვირთოში, არამედ, საამქროში აღებული სინჯებიდანაც.

რაც შეეხება ხაშურს, თაფლი იქაც მიიღეს და მტვირთავებმა თქვეს, მძღოლი გადასარევ ხასიათზე იყო, ასე ამბობდა, ცოლი ორსულად არის, მალე ბიჭის მამა გავხდებიო, თუმცა მერე იცინოდა, ჯერ არ ვიცი, ბიჭი იქნება თუ გოგო, მაგრამ გოგოც რომ იყოს, ბიჭად გავზრდიო. მტვირთავებმა ღვინო ჩამოასხეს, მაგრამ მძღოლმა წვეთი არ ჩაიკარა, თავს უნდა გავუფრთხილდე, ბავშვი მყავს გასაზრდელიო. აი, ზესტაფონელებმა თქვეს, მანქანიდან არც ჩამოსულა, ასე თქვა, გუშინ სამსახურში ჩამეძინა, მგონი, რომ მეძინა, ნემსი გამიკეთა იმ კახპამ და ახლა ცუდად ვარო. ეს სერიოზული სამხილი იყო - მძღოლი სწორედ ნემსის ჩხვლეტით იყო გარდაცვლილი და ახლა ისღა იყო გასარკვევი, ვის გულისხმობდა კახპაში. საამქროში, სადაც თაფლს აფასოებდნენ, ათამდე ქალი მუშაობდა და სამართალდამცავებმა ჯერ მამაკაცები დაჰკითხეს იმის გასარკვევად, იყო თუ არა რომელიმე მათგანი მძღოლის საყვარელი, მაგრამ ყველამ ხელი გაიქნია - გამორიცხულია, საყვარელი ჰყოლოდა, ცოლს აღმერთებდა და ქალებთან შეხებაც, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, მოვიდოდა, მამაკაცები ტვირთავდნენ თაფლს და მიდიოდა, ყველას შეიძლება სახეზეც კი არ იცნობდაო. გამომძიებლებმა იქ მომუშავე ქალების პირადი საქმეები გამოითხოვეს და ისევ დირექტორს მიადგნენ - ერთ-ერთი თანამშრომელი ადრე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.

„ვიცი, რომ ნასამართლევია, მაგრამ ახალგაზრდა გოგოა და მივიღე, მეორე შანსი მივეცი, ან აქ, რა უნდა მომპაროს? თაფლს ჯიბით ხომ ვერ წაიღებს, ქილებით რომ გაიტანოს, დავინახავთ და ადგილზე კიდევ რამდენი უნდა ჭამოს? ვთვლი, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს და თანაც, ძალიან ბეჯითი თანამშრომელია, ყველაზე გვიან მიდის, ბოლო ყუთის შეფუთვამდე აქ არის. მეტიც, ბეჭდებსაც თავად ურტყამს და ეს მაშინ, როცა ბეჭდის დარტყმა მისი მოვალეობა არ არის. მგონია, რომ ცდილობს, ჩემი ნდობა გაამართლოს“, - განაცხადა საამქროს ხელმძღვანელმა.

ის, რომ ყოფილი კრიმინალი ცდილობდა ზედმეტი ეშრომა, რომ სხვისი სამუშაო შეესრულებინა, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებისთვის უცნაური იყო. ასე არ ხდებოდა ხოლმე და ამიტომ, სწორედ მისი დაკითხვა გადაწყვიტეს, მანამდე კი, საამქროში ყველაფერი ახლიდან შეამოწმეს, აბსოლუტურად ყველაფერი და უცნაური ვერაფერი ნახეს, გარდა ერთისა - ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა, ყოველი შემთხვევისთვის, ოქმში ჩაწერა, რომ ერთ-ერთ ყუთს ბეჭედი ორ ადგილზე ჰქონდა დარტყმული და ეს მაშინ, როცა დანარჩენ ყუთებს მხოლოდ ერთი ბეჭედი ჰქონდა. ამაში უცნაური ვერავინ ვერაფერი დაინახა, გოგოს დაკითხვამ გამოძიებას არაფერი მისცა, მაგრამ ძალოვნები მიხვდნენ, რომ მათ წინ გამოსწორების გზაზე მდგარი მოქალაქე კი არა, ძალიან გამოცდილი კრიმინალი იჯდა, რომელიც კითხვებს ოსტატურად უსხლტებოდა და სამართალდამცავების მიმართ, ზიზღის დამალვასაც არ ცდილობდა. დაკითხვის შემდეგ გოგო გაუშვეს, რადგან საეჭვო ვერაფერი ნახეს, ვერც მისი ბინის ჩხრეკამ მოიტანა რამე, მაგრამ... საღამოს ქარხნის საწყობი გატეხეს და საწყობის გამგე ირწმუნებოდა, ერთი ყუთი თაფლის მეტი, არაფერი წაუღიათო. ვის რად უნდოდა ამხელა რისკი ერთი ყუთი თაფლისთვის, ვერავინ მიხვდა, მაგრამ დირექტორმა თავისთვის ჩაილაპარაკა, ის ყუთი წაიღეს, რომელსაც ორი ბეჭედი ერტყაო. ახლა კი მიხვდნენ ძალოვნები, რომ ყუთი დანიშნული იყო და შიგნით რაღაც იდო, მაგრამ რა? პასუხი, სავარაუდოდ, გოგომ იცოდა, მაგრამ პირველი დაკითხვიდან გამომდინარე, არაფერს იტყოდა. ამიტომ, აგენტურული ქსელი აამუშავეს და ცნობა ქუთაისიდან მოვიდა. იქაური კრიმინალები ამბობდნენ, რომ თბილისში, ბინებიდან მოპარული ბრილიანტები ქუთაისში, თაფლის ქილებით გადაჰქონდათ და ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ სამართალდამცავები ვერაფერს მიმხვდარიყვნენ, მათ მიმართ არასანქცირებული და პერიოდული თვალთვალი მიმდინარეობდა, ისინი დედაქალაქს არ ტოვებდნენ, ქუთაისიდან ტვირთი აფხაზეთში მიდიოდა, იქიდან კი გემით რუსეთში გადიოდა. ერთი ქილა თაფლის წაღება დანაშაული არ იყო და მეზღვაურებს ამის შესაძლებლობას აძლევდნენ.

სწორედ აგენტურული ქსელის მუშაობის შედეგად, სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად დააკვეს. ამოიღეს თაფლის ორი ქილაც, რომლებშიც ბრილაინტის თვლები იყო მოთავსებული. ამ ყველაფერს, სწორედ ყოფილი პატიმარი აკეთებდა და ქარხანაში მისი მოწყობაც კრიმინალების გეგმის შედეგი იყო.

„იმ იდიოტმა მძღოლმა შემთხვევით დაინახა, თაფლის ქილაში ბრილიანტი რომ ჩავდე. კარგად ვერ დაინახა, რა ჩავდე, ეგონა, ნარკოტიკი იყო და ნარკოტიკებს ვყიდდი. დამიბარა, ერთ კვირას გაძლევ, ან სამსახური დატოვე, ან ყველაფერს სამართალდამცავებს შევატყობინებო. რა თქმა უნდა, ეს ჩემებს ვუთხარი, მათ კი შპრიცი მომცეს, გაუკეთეო. წამალს ორ საათში უნდა ემოქმედა, მაგრამ მძღოლი ძალიან ჯანმრთელი აღმოჩნდა და 24 საათის მერე იმოქმედა“, - როგორც იქნა, „პადელნიკების“ დაკავების შემდეგ, გოგონაც ალაპარაკდა. ყველაზე მეტი, მკვლელობისთვის სწორედ მას ერგო, დანარჩენებს კი სულ რაღაც 7-8 წელი ჩამოურიგეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე