დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდადებული მიხეილ კალანდია შეწყალებას ითხოვს პრეზიდენტისგან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და მსჯავრდადებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტისგან შეწყალებას ითხოვს. მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით დაახლოებით 10 დღის წინ მიმართეს.

"იმედი დიდად გვაქვს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც გააჩნია დისკრეცია ამ ნაწილში და რამდენადაც კალანდია არის პოლიტიკური დაპირისპირების და მათი ანგაჟირებული მოთხოვნების შედეგად მოქცეული ციხეში და სრულიად უდანაშაულოა შერაცხული ბრალის ნაწილში, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი დასვამს წერტილს და იტყვის თავის სათქმელს", - ამბობს ადვოკატი.

​2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. სარალიძე 2 დეკემბერს გარდაიცვალა. იმავე დღეს მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს - განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა, დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. ამავე წლის 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, განაჩენი.

 

წყარო:რადიო თავისუფლება