სკოლის მოსწავლე გოგონა „აბაზანის მარილის“ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვერ გეტყვით, მერამდენედ ვწერ ნარკომანიის პრობლემაზე საქართველოში და რაც მთავარია, ნარკოლიბერალიზაციის მიერ მოტანილ „სიკეთეზე“. ამჯერად, აღნიშნულ თემას მარტივი მიზეზის გამო ვუბრუნდები. ყოველგვარი შეფუთვისა და მინიშნებების გარეშე ვწერ, რომ ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც ნარკოტიკებს მოიხმარენ, ან მოხმარების შემდეგ, „დროის გასატარებლად“ მიდიან, თბილისის ცენტრში არსებული ერთ-ერთი პოპულარული სივრცეა. რაც მთავარია, იქ ჩვენც ვიმყოფებოდით და ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელიც არ მალავს, რომ ამ ტერიტორიაზე თუ არ იყიდება ნარკოტიკი, მიმდებარედ მისი შეძენა ძალიან მარტივად შეიძლება. ეს იციან ნარკოდილერებმაც და ჰყიდიან. რაც მთავარია, მათ იციან დოზები და მაგალითად, 4 გრამ „მარიხუანაზე“ მეტი (დაახლოებით, 5-6 ღერი სიგარეტი) არასდროს აქვთ, შემდეგ, როცა ხელს დაიცლიან, მიდიან და უკან მალევე ბრუნდებიან, ისევ 4 გრამი „მარიხუანით“. იქვე შეიძლება „იშოვო“ მსუბუქი კლუბური ნარკოტიკი, მაგრამ...

 

არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისში, სკოლის მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა. მას ე.წ. „აბაზანის მარილი“, იგივე „სპაისი“ ჰქონდა მიღებული და მართალია, სახლამდე მისვლა მოასწრო, მაგრამ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. „ჩინური ნაგავი“ - ასე ეძახიან რიგ ნარკოტიკებს და მათ შორის „სპაისიც“ არის, მაგრამ სიიაფის გამო, არაერთი ეტანება, თუმცა საკმარისია, დოზა ვერ დაიცვა, ან ალკოჰოლი ზომაზე მეტი მიიღო, რომ „აბაზანის მარილი“ სისხლის მოწამვლას იწყებს და ყველაფერი ტუჩებზე მომდგარი ქაფით სრულდება. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ გოგონას ნარკოტიკი საკუთარი ნებით არ მიუღია, არ იყო მომხმარებელი, უბრალოდ, წყლიანი ბოთლი მიაწოდეს, სადაც ეს ნარკოტიკი იყო გარეული, მეგობრებს გახუმრება სურდათ და სასიკვდილოდ გაეხუმრნენ. ვისი იდეა იყო, კონკრეტულად ვინ ჩაყარა ნარკოტიკი და ვის აერია დოზები, ჯერჯერობით, ბოლომდე დაუდგენელია, მაგრამ როცა გაირკვევა, სასამართლო მკაცრი ვერ იქნება - საქმე არასრულწლოვნებთან გვაქვს და სამწუხაროდ, არასრულწლოვნების შესახებ კანონს თავი ერთხელ და სამუდამოდ ვერ დაედგა.

თვე ან თვეზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც შსს-მ ბოლო მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა ნარკოდილერების გამოსავლენად და როგორც წესი, რამდენიმე ათეული დააკავა. მათი სასამართლო პროცესები არ გამართულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების პრობლემა მოგვარდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში ისევ ჩატარდება მორიგი სპეცოპერაცია, დაკავებულთა ოდენობა ისევ რამდენიმე ათეული იქნება და მათი უმრავლესობა ისევ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ შსს არ მუშაობს, პირიქით, ისინი ამ მიმართულებით ძალიან დიდ სამუშაოს ახორციელებენ, მაგრამ ისეთი მასშტაბები აქვს ნარკოტიკების გასაღებას, რომ მხოლოდ ძალოვნების ძალისხმევა არ ჰყოფნის. ჰო, მოსახლეობაც ვალდებულია, ყველაფერ ამაში ჩაერთოს და ქუჩაში გამოსვლით თუ არა, პეტიციით მაინც გავაპროტესტოთ ნარკოლიბერალიზაციის ის კანონი, რომელმაც ხელ-ფეხი არა მარტო ნარკოდილერებს გაუხსნა.

ვინმე წარმოიდგენდა, რომ „მარიხუანას“ მოსახმარ ატრიბუტიკას მაღაზიაში გაყიდდნენ, „მარიხუანას“ ჰიბრიდულ თესლებს გაყიდდნენ და კონკრეტული ადამიანები, მსუბუქ ნარკოტიკად მონათლულ ამ ბალახს აივნებზე გაახარებდნენ? დღეს ეს მწარე რეალობაა, რომელსაც თითქოს შევეგუეთ, თითქოს ასე უნდა იყოს, სინამდვილეში კი... იგივე ნარკოლიბერალიზაციის კანონი აშშ-ის რამდენიმე შტატში დედებმა გააპროტესტეს და შედეგიც მიიღეს.

„ბევრი ამბობს, რომ „მარიხუანას“ მომხმარებელთა შორის, გოგონები სჭარბობენ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ოდენობის არასრულწლოვანი გოგონა მოიხმარს ამ მოსაწევს. ერთ ღერ მოსაწევზე „იკერებიან“ სკოლის ბავშვები. ჰო, „იკერებიან“ და ამით მათივე თანატოლი ბიჭები სარგებლობენ. ის, რაც ხდება, სახელი არ აქვს, მაგრამ, როცა 14-15-16 წლის გოგოები და ბიჭები ღამის 12 საათზე, ღამის პირველ და ორ საათზე ბარში, ქუჩაში არიან, მგონია, რომ მათ არც დედა ჰყავთ და არც - მამა. არასრულწლოვანი შვილი ღამის 2 საათზე სახლში რომ არ გყავს, რა გაძინებს, რა გამშვიდებს“, - გვეუბნება აღნიშნული სივრცის ერთ-ერთი  თანამშრომელი.

ძველ თაობას ემახსოვრება, იყო პერიოდი, როცა საქართველოში ნარკომანობა კარგ ტიპობასთან ასოცირდებოდა. მეტიც, გოგონები ცდილობდნენ, სწორედ ასეთ ადამიანებთან ემეგობრათ, საზოგადოებაში კაიფში ყოფნა თითქოს პრესტიჟული იყო, ვიღაც თუ ცხვირს იფხანდა საეჭვოდ და „მედლენნი ბაზარი“ ჰქონდა, ხომ საერთოდ, აკერპებდნენ. სამწუხაროდ, ახლაც ასეთი ტენდენცია შეინიშნება - „მარიხუანას“ მოხმარება კარგ ტონად ითვლება და მას, ძირითადად, სწორედ არასრულწლოვნები ეტანებიან. მშობლების დიდმა ნაწილმა იცის, რომ მათი შვილი „მარიხუანას“ მომხმარებელია, ისიც იცის, რომ ისინი ღამით შინ რომ აგვიანებენ, კონკრეტულად, რომელ ლოკაციაზე არიან, მაგრამ ვერაფერს აწყობენ, რადგან მერე შვილი შესაბამის უწყებაში რეკავს, მშობელს ძალადობაში ადანაშაულებს და ფაქტიც გამზადებული აქვს - თუნდაც ტელეფონში ჩაწერილი გაბრაზებული მშობლის ხმა - „ნახავ, რას გიზამ, სახლში რომ მოხვალ“... ანალოგიურად, ალბათ, ჩვენს ბავშვობაშიც გვეუბნებოდნენ მშობლები და შინ დაბრუნებულებს არაფერს „გვიშვრებოდნენ“, ყველაზე დიდი-  ეყვირათ და დამუქრებულიყვნენ, რომ სხვა დროს მეგობრებთან არ გაგვიშვებდნენ, ამით მთავრდებოდა ყველაფერი და არცერთ ბავშვს თავში აზრად არ მოსდიოდა, რომ მშობლისთვის უნდა ეჩივლა. ახლა კი, რაღაც უბედურება გვჭირს - არასრულწლოვანი გოგონა, მეგობრებთან ერთად, სასაფლაოზე, კატის მოსაკლავად იყო წასული (საბედნიეროდ, კატა გაექცათ) და შინ დაბრუნებულს მამამ ჯერ უყვირა, შემდეგ კი, როცა 15 წლის შვილისგან არაადეკვატური პასუხი მიიღო, ყური აუწია. ეს კაცი დღეს სამწლიან სასჯელს იხდის, მისი შვილი კი კვლავ სასაფლაოებზე დადის და არავინ იცის, კატას წირავენ ღამ-ღამობით, თუ ლექსებს კითხულობენ...

ჩვენც გვქონდა ბავშვობა, ჩვენც ვაშავებდით, გვსჯიდნენ მშობლები, მაგრამ ამ გადმოსახედიდანაც კი, არ ვთვლი, რომ მაშინ ჩვენს უფლებებს არღვევდნენ. აზრად არავის მოსდიოდა, რომ მშობლისთვის შეიძლებოდა, ყურის აწევის გამო ეჩივლა, ვიცოდით, რომ ღამის 2 საათზე არასრულწლოვანი ბავშვი სახლში კი არა, ლოგინში უნდა ყოფილიყო, ვიცოდით, რომ ნარკომანობა ცუდი იყო, ისიც ვიცოდით, რომ ჯამი ჭურჭელია...

ახლა კი, მიმოიხედეთ, ირგვლივ რა ხდება, მაღაზიაში შვილს უარი რომ უთხრა მაგალითად, გაზიანი სასმელის შეძენაზე და რომ უთხრა, ეს მავნეა, ვიღაც „მოგახტება“ და ახსნას დაგიწყებს, რომ 5 წლის ბავშვი არის პიროვნება, რომ ეს მისი არჩევანია, რომ სურვილი უნდა შეუსრულო. გეთანხმებით, 5 წლის ბავშვი კი არა, მუცლად მყოფი ბავშვია პიროვნება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ 5 წლის ბავშვზე ბევრით თუ არა, ცოტა მეტი მაინც იცის მშობელმა, რომ 5 წლის ბავშვი, მშობელზე მეტად, რომელიმე არასამთავრობოს წარმომადგენელს არ უყვარს, რომ...

ხვდებით მაინც, რას ნიშნავს, არასრულწლოვანი გოგონები ერთ ღერ „მარიხუანაზე“ რომ „იკერებიან“? ხვდებით, როგორ მოგვიბრუნდება ყველაფერი ეს 5-10 წლის შემდეგ? მაშინ, როცა ნარკომანებს ეთაყვანებოდნენ საქართველოში, თაობა კი არა, თაობები დავკარგეთ. ყველაზე ცუდი, რაც რუსეთმა გააკეთა, დამოუკიდებელ საქართველოს იარაღი და ნარკოტიკი არ მოაკლო და სწორედ ამ ორმა რამემ შეიწირა თაობები, საჯიშე ბიჭები და გოგონები. ჰო, გოგონებიც, რომლებიც მაშინაც ცდებოდნენ, მაგრამ მათი რიცხვი პროცენტულად, ალბათ, ერთზე ნაკლები იყო. ახლა კი... ახლა ბიჭებს გადაასწრეს, თითქოს თავს იმკვიდრებენ იმით, რომ „მარიხუანას“ მომხმარებლები არიან და არავინ არაფერს უშლის. ვერც სამართალდამცავები იღებენ ხმას, რადგან ნარკოლიბერალიზაციის გადამკიდე, ზუსტად იციან, რომ დაკავებული ათი მომხმარებლიდამ ცხრას - მოსამართლე დარბაზიდან გაათავისუფლებს, იმ ერთის ძიებაში კი არც თავს იღლიან და ამბობენ კიდეც, ისე გამოდის, პოლიციელი ცუდია და მოსამართლე კარგი, რადგან ჩვენ ვიჭერთ, ისინი კი ათავისუფლებენო.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე