სარეცხი ფხვნილების გაყალბების გამო საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “PERSIL”-ს, “ARIEL”-ს, „ABC”-ს, “TIDE”-ს, „BINGO”-ს, “OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.