როგორ გაახვია შარში საწარმოს დირექტორმა საყვარელი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 თაღლითი მაღალჩინოსანი

 

თაღლითობა, პრაქტიკულად, უხსოვარი დროიდან გავრცელებული დანაშაულია. ტექნოლოგიური წინსვლის მატებასთან ერთად, თაღლითობის მასშტაბებიც იზრდება, თუმცა მაინც არიან ისეთები, რომლებიც მარტივად თაღლითობენ. რა იგულისხმება მარტივ თაღლითობაში? მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ორმა პიროვნებამ ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის თანამშრომლებს უთხრეს, რომ 10 ტონა სპილენძი ჰქონდათ და მეორე დღისთვის მიიტანდნენ, მათ კი თანხა უნდა გაემზადებინათ. საუბარი 80 ათას ლარზე იყო. მხარეები შეთანხმდნენ, მეორე დღეს კი 10 ტონა სპილენძის ნაცვლად, ორმა პიროვნებამ გადაჭრილი სანადირო თოფი მიიტანეს და 80 ათასი მოითხოვეს. ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომლებს საქმის კურსში სამართალდამცავები ჰყავდათ ჩაყენებული, რომლებიც მაშინვე გამოჩდნენ, თაღლითები დააკავეს, თუმცა თაღლითობის გარდა, ყაჩაღობის მცდელობის მუხლიც შეუფარდეს და ციხეში 7-7 წლით გამოკეტეს.

 

„ქუჩაში რომ ტელეფონის აპარატები იდგა და 2-კაპიკიანით ვრეკავდით, ის პერიოდია. განყოფილებაში ზარი შემოვიდა, მოქალაქე ამბობდა, დამაყაჩაღეს და 14 800 მანეთი წამართვესო. ეს იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო და ამიტომ, მითითებულ ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მალე გავიდა. მისამართზე გვარიანად ნაცემი მამაკაცი დახვდათ, რომელიც თავსა და სხეულზე მიყენებულ ჭრილობებზე მეტად, დაკარგულ თანხაზე ჩიოდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც დაზარალებული ამბობდა, ბინის ყიდვა სურდა, ოთხოთახიანის და „ხაზეინმა“ იაფად უშოვა. 14 800 მართლა არ იყო ძვირი ასეთ ბინაში, მაგრამ ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ჯერ ბინის სანახავად მივიდა, მოეწონა, მერე კი უკვე საბუთების გასაფორმებლად წავიდნენ და ყოველი შემთხვევისთვის, ბინის ნახვა კიდევ ერთხელ შესთავაზეს, წყლის გაყვანილობა გაფუჭდა, 200 მანეთს დაგიკლებთო და უცნაური ფასი - 14 800-იც ამიტომ გამოვიდა. აბაზანაში წყლის მილი მართლაც დაზიანებული იყო, 200-ად კი არა, 20 მანეთადაც ნებისმიერი სანტექნიკი გააკთებდა, ამიტომ, მამაკაცი სიხარულით დათანხმდა, თუმცა გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. „ხაზეინს“ გაახსენდა, რომ სასწრაფო საქმე ჰქონდა და წავიდა.

„ჩემი უფროსი საამქროს დირექტორია. წლებია, მისი მძღოლი ვარ, შეიძლება ითქვას, ქუჩიდან ამიყვანა. შემთხვევით გამიცნო, კარგი ვაჟკაცი ყოფილხარო და მერვე წელია, გვერდიდან არ მიშორებს. ბინაც მან მაპოვნინა, 10 ათასი ჩემი ფული იყო, რომელიც სოფელში სახლის გაყიდვით ავიღე, 5 ათასი კიდევ უფროსმა დამიმატა, როცა გექნება, მაშინ მომცემო. ბინას ახალგაზრდა ქალბატონი ყიდდა, ყველაფერზე შევთანხმდით. როცა უფროსს გაახსენდა, რომ საქმე ჰქონდა, მითხრა, აქ დამელოდეო და თავად სამსახურის მანქანით წავიდა. მეუხერხულა ბინაში უცხო ქალთან ერთად გაჩერება, ეზოში ჩავედი და სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს, ორი ნიღბიანი მომვარდა, თავში რკინის კეტი ჩამარტყა, გრძნობა არ დამიკარგავს, მაგრამ გავბრუვდი. გამჩხრიკეს, გულის ჯიბიდან ფულის შეკვრა ამომაცალეს და გაიქცნენ“, - დაზარალებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცხარე ცრემლით ტიროდა.

ძალოვნებმა მალე გაარკვიეს, რომ ბინა მოხუც მეცნიერს ეკუთვნოდა, რომელიც ცალკე, ერთოთახიანში ცხოვრობდა, ამ ბინას კი აქირავებდა. ორი თვის წინ, ახალგაზრდა გოგონას მივაქირავე, სამი თვის ფული წინასწარ გადამიხადაო, ამბობდა მეცნიერი და მომხდარზე ისე წუხდა, ლამის, დაზარალებულს აჯობა ტირილში. ახალგაზრდა ქალის კვალი გაქრა და რაც მთავარია, ბინაში ყველაფერი სარეცხი ხსნარით იყო გაწმენდილი ანუ მილიციას ანაბეჭდების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ანაბეჭდებს ვინ ჩივის, ლოგინშიც კი არავინ წოლილა, სავარაუდოდ, გოგო იქ არ რჩებოდა, რაც მეზობლებმაც დაადასტურეს, ეს ახალგაზრდა ქალი ერთხელ გვყავს ნანახი და ახლა ვნახეთ, ორი დღეა, ვიღაც კაცებთან ერთად დადისო. „ვიღაც კაცები“ ბინის მყიდველი და მისი „ხაზეინი“ იყვნენ. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ნიღბიანები კიდევ ორმა მეზობელმა დაინახეს, თუმცა ბევრი ვერაფერი თქვეს, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ორივემ ტერიტორია სირბილით დატოვაო.

ადგილზე მისული საამქროს დირექტორი ლამის გაგიჟდა, სამართალდამცავებს შეუტია, საქმე აუცილებლად უნდა გახსნათ, ჩემს მძღოლს არავის დავაჩაგვრინებ და ზემდგომებთანაც დავრეკავო. მართლაც, დარეკა და გამომძიებლებს უთხრეს, რომ საქმე აუცილებლად უნდა გახსნილიყო, მაგრამ ყველაფერი ისეთ პროფესიონალურ დონეზე იყო გაკეთებული, გამოძიებას ხელმოსაჭიდი არ ჰქონდა. თუ დაადგენდნენ, ვინ იცოდა ფულის გადაცემის შესახებ, შანსი კიდევ იყო, მაგრამ ეს ძაფიც გაწყდა - მძღოლი ამბობდა, მხოლოდ „ხაზეინს“ ვუთხარი, სახლშიც კი არ იცოდნენ, სიურპრიზს ვუმზადებდი ცოლსა და სამ შვილსო და გამოდიოდა, რომ თავდამსხმელები გოგონამ გააფრთხილა.

„ტყუილია, რომ გაუხსნელი საქმე არ არსებობს. თუ პროფესიონალი შეცდომას არ უშვებს და სამხილს არ ტოვებს, მაშინ რთულია, რამე მოიფიქრო. ასეთი შემთხვევა გვქონდა ახლაც. მეზობლებს გოგონას გარეგნობა არ ახსოვდათ ანუ არ იყო ფოტორობოტი და ვინ, ან სად უნდა გვეძებნა? საამქროს დირექტორი, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა, ყველას აწუხებდა, იმასაც ამბობდა, იმ თანხაში ჩემი 5 ათასიც იყოო. მომხდარიდან ორი თვე გავიდა და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ. საქმეზე ხელი მქონდა ჩაქნეული“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ სამართალდამცავები საქმეს ვერ გახსნიდნენ, მაგრამ მოულოდნელად, განყოფილებაში ერთ-ერთი მეზობელი გამოცხადდა და განაცხადა, რომ გოგონა დაინახა, რომელიც ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა, თუმცა მძღოლი სახეზე არ დაუნახავს, რადგან ცილინდრი ჰქონდა ჩამოფარებული და ვერ გაარჩია. სამაგიეროდ, ძალიან კარგად დაიმახსოვრა ავტომობილის ფერი და ნომერი. რაღა თქმა უნდა, ნომრით ავტომობილის მფლობელის დადგენა პრობლემა არ იყო და საგზაო პოლიციამ ორ საათში მისი ვინაობა გამომძიებლებს უთხრა. თანამშრომლებმა ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს - ავტომობილი საამქროს დირექტორის პირადი საკუთრება იყო. რა თქმა უნდა, მისი დაკავება ცხელ გულზე არ შეიძლებოდა, ამიტომ, თვალთვალი დაუწყეს და ზუსტად სამ დღეში, დაზარალებულს იმ გოგონას სურათიც ანახეს. მძღოლი სიხარულით ცას ეწია, კი, სწორედ ეს გოგონააო, მაგრამ გაოცდა, როცა მკაცრად გააფრთხილეს, რომ „ხაზეინისთვის“ არაფერი ეთქვა. საამქროს დირექტორი და გოგო ერთად, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. საამქროს ხელმძღვანელი პირის დაკავება მაშინ არცთუ იოლი იყო და ამიტომ, გადაწყდა, ჯერ გოგო დაეკითხათ, შემდეგ - დირექტორი. თავიდან გოგონაც ჯიუტობდა, მაგრამ როცა აუხსნეს, სერიოზული სასჯელი გელოდება, ყაჩაღური თავდასხმის თანამონაწილე ხარო, ალაპარაკდა.

„ორი წელია, ამ კაცის საყვარელი ვარ და მპირდებოდა, ბინას გიყიდიო, მაგრამ არ მყიდულობდა. ცოტა ხნის წინ მითხრა, შენი ძმა ხომ ნასამართლევია, კრიმინალი მეგობარი ეყოლება, მე „ნაკოლს“ მოგცემთ და თქვენ 15 ათასს წაიღებთ, საიდანაც 5 ათასს მე დამიბრუნებთ, დანარჩენი თანხით კი ოროთახიანს მარტივად იყიდიო. ასეც მოვიქეცით, მან მითხრა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა და ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ჩემმა ძმამ წაღებული ფული არ მომცა, 15-ათასიანად გაქრა. რა უნდა მექნა? ხომ არ ვუჩივლებდი? ჰოდა, იმიტომ ვცხოვრობ ისევ ნაქირავებში“,-განაცხადა გოგონამ დაკითხვაზე.

მისი ჩვენების შემდეგ, საამქროს დირექტორის სიჯიუტემ აზრი დაკარგა და დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, აქაოდა, არ ვიცოდი, თუ ჩემი მძღოლის დაყაჩაღებას აპირებდნენ, მითხრეს, ვალი აქვს და ასე უნდა ამოვიღოთო. ყველაზე ცუდი კი ამ ისტორიაში ის გახლდათ, რომ სასამართლომ მაღალჩინოსნის „ნაწილობრივი აღიარება“ გაიზიარა და მას მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაშინ, როცა გოგონას 6-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, როგორც ყაჩაღობის ორგანიზატორს.

ძმისა და მისი მეგობრის ანუ ყაჩაღობის უშუალო შემსრულებლების ძებნა ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, სომხეთში დააკავეს. მძღოლის სამწუხაროდ, ფული მთიანად დახარჯული იყო და მისი ამოღება ვერ მოხერხდა. მართალია, მათ დაზარალებულისთვის თანხის ანაზღაურება დაევალათ, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, არავინ არავის არაფერს უნაზღაურებს... ყაჩაღობაში მონაწილე პირებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მძღოლს, რომელიც მთელი ცხოვრება ახალ ბინაზე ოცნებობდა, ამით შეღავათი ნამდვილად არ მიუღია.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე