"ევროკომისია როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციაზე, გავაუქმებთ მიღებულ კანონს" - კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან.

პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარისას, კობახიძე ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მისი თქმით, ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე. მმართველი პარტიის ლიდერის აზრით, "თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას".

"ამიტომ გამოდის რა - ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.

როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე", - აცხადებს კობახიძე და ამატებს, რომ კანონპროექტში სწორედ ამისთვის გადაწიეს კანონის ამოქმედების ვადა 2024 წლის პირველ მარტამდე.

"თუ ევროკომისია დეკემბერში გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი. მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის მიღება", - ამბობს ის.

12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.2022 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

2023 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რასაც წინ უძღოდა პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა.

მეორე მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

 

წყარო: რადიო თავისუფლება