14 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვალ, 14 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ასახულია საბჭოს ვებგვერდზე. განრიგის მიხედვით, შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

პრემიერმა გუშინ, 12 ივნისს, საღამოს შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან, ასევე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას".

შეხვედრამდე ელჩმა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, მთლიანად მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, "განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში შევდივართ - ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მან 12 პირობა უნდა შეასრულოს.