„გეამა“ - ვინ არიან მილანში ქართული რესტორნის მფლობელები და როგორ აღმოჩნდა მათთან შეფ ლევან კობიაშვილი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერშეფი”  ჟიურის ერთ-ერთი წევრი - ლევან კობიაშვილი, მეექვსე სეზონს გამოეთიშა. ამის მიზეზი მან პირდაპირ ეთერში სეზონის დაწყებისას თავად განმარტა და  განაცხადა: „მივდივარ მილანში, ქართული რესტორნის გასახსნელად, კონტრაქტი გავაფორმე და დაახლოებით ერთი თვე არ ვიქნები. ამ დროის მანძილზე უჩემოდ მოგიწევთ „მასტერშეფის” ყურება. თუმცა, როგორც კი დავბრუნდები, აუცილებლად შევუერთდები გუნდს“. 

 „ვერსია“ შეეცადა გაერკვია, ვინ არის იმ ქართული რესტორნის მფლობელი, რომელიც მილანში გაიხსნება და როგორ აღმოჩნდა პროექტში ცმონილი ქართველი შეფ-მზარეული. ინტერნეტ-მასალებზე დაყრდნობით მოძიებული ინფორმაციით -  ქართული რესტორანი „გეამა“ 2021 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას და იგი ირინა შენგელიძის ოჯახს ეკუთვნის.  ამის შესახებ ინფორმაციას და ინტერვიუს იტალიაში მცხოვრებ ქარტველ ბიზნეს-ვუმენთან ჟურნალი „ფორბს ვუმენი“ აქვეყნებს.

იდეა მილანში ქართული რესტორნის გახსნის შესახებ თავად ირინა შენგელიძეს გაუჩნდა - იგი უკვე 12 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამ ქვეყანას მეორე სახლად მიიჩნევს. მისი თქმით, ევროპიდან განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ ყოველთვის უნდოდა საკუთარ ქვეყნას დახმარებოდა.  თავის მხრივ, ირინას იტალიელი მეუღლე - რიკარდო დე ვიკარი  სარესტორნო ბიზნესშია ჩართული და ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან „გეამა“ მხოლოდ რესტორანი არ იქნება - რესტორნისა და ლაუნჯ კონცეპტის იდეა გააერთიანა და კომპანია Gheama 2019 წელს დააფუძნა. აქ ირინას პარტნიორები მისი რესტორატორი მეუღლე რიკარდო დე ვიკარი და მისი დიდი ხნის მეგობარი ტონი ტუდინო არიან. ტუდინო წლების მანძილზე ირინას ბიზნესპარტნიორია. მის სახელს უკავშირდება ინვესტიციები გლობალურად დამკვიდრებულ 17-ზე მეტ წარმატებულ ბიზნესსა და კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით 6 ქვეყანაში და ოფისებით მონაკოსა და დუბაიში, ამ ბიზნესების წლიური შემოსავალი 1 მლრდ ევროს აღემატება. ტონი ტუდინო Global Equity-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია.

რატომ დაინტერესდა რიკარდო დე ვიკარი ქართული რესტორნის იდეით და როგორი იქნება კონცეპცია? -  ირაინასა და რიკარდოს სურთ, „გეამაში“ მთავარი აქცენტი საქართველოზე იყოს და სწორედ ამიტომ, რესტორნის თანამშრომლების ჩაცმულობაზეც ქართველი დიზაინერები იზრუნებენ, რომელიც სეზონურად შეიცვლებიან. რიკარდო ირინამ ესპანეთში, იბიცაზე გაიცნო და მას შემდეგ სამი წელია, მილანის პარალელურად ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულზეც ცხოვრობს. როცა მას პირველად ტრადიციული ქართული კერძები დააგემოვნებინა, ოცწლიანი გამოცდილების მქონე რესტორატორმა მაშინვე თქვა, რომ იტალია მას დიდი სიამოვნებით მიიღებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, რიკარდოს რეაქციას მუშაობის დაწყება მოჰყვა.

 საინტერესოა, როგორ მოხვდა პროექტში შეფი ლევან კობიაშვილი? როგორც „ფორბს-ვუმენი“ წერს „ქართულ რესტორანს ქართველი შეფი სჭირდებოდა, მის შესარჩევად პარტნიორები თბილისში ჩამოვიდნენ, დააგემოვნეს ყველა პოპულარული სამზარეულო და არჩევანი ლევან კობიაშვილზე გააკეთეს. ირინა ამბობს, რომ კობიაშვილის გემოები ზუსტად ისაა, რასაც ეძებდნენ. შეფი იტალიაში წაიყვანეს და გეგმები ადგილზე გააცნეს. მილანში იმდენად უყვართ საქართველო, ქართული სამზარეულოც დაგემოვნებული აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი რესტორანი პოპულარული იქნება.

რესტორნის სახელიც შეფთან საუბრისას დაიბადა. ირინა გვეუბნება, რომ „გეამა“ იტალიისთვისაც ლამაზად ჟღერს და მარტივად დასამახსოვრებელია. მათ რესტორანს მილანში უკვე ყველა ელოდება, რასაც ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული ინტერესიც ადასტურებს.“

 „გეამაში“ ქართველი იქნება დარბაზის მენეჯერიც, იტალიაში ცხოვრებისა და ენის ცოდნის მრავალწლიანი გამოცდილებით. პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ქართულ რესტორანს იტალიელი ან ფრანგი სუშეფი სჭირდება, ქართული კერძის ევროპული იერსახისთვის. აქ სტანდარტები და ხარისხი პრიორიტეტულია. სამომავლოდ, სეზონურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი შეფების მოწვევასა და მათ შეფთან კოლაბორაციით სხვადასხვა კერძების მომზადებასაც გეგმავენ.

„მკაცრად ვარჩევთ გუნდს, თითოეული მათგანი უნდა იყოს ძალიან გამოცდილი. გვინდა, რომ ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა აიღოს ისეთივე პასუხისმგებლობა ამ საქმეზე, როგორიც მე და ჩემს ბიზნესპარტნიორებს გვაქვს აღებული. ჩვენ ადგილზე ვიქნებით თუ არა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და სტუმრების უმაღლესი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფს.“- ამბობენ ბიზნესმენები.

„გეამაში“ სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებენ. ირინამ ქვევრის ღვინო შეარჩია და ღიაა სხვებთან თანამშრომლობისთვისაც. მზად არის იტალიაში წაიღოს ქართული ლიმონათი, კონიაკი. ამბობს, რომ ყველაზე მთავარი ხარისხია, სხვა ყველაფრის მენეჯმენტს საკუთარ თავზე იღებს. ახლა აქცენტი მცირე წარმოებებზე გააკეთა, დარწმუნებულია, რომ მაღალი ხარისხის მეშვეობით ეს მიდგომა გაამართლებს.

ქართული სამზარეულო იქნება ჩვენი დიდი პროექტის ერთი ნაწილი. „გეამას“ საშუალებით ვეცდებით გავაჩინოთ შანსი, ჩვენმა სტუმრებმა უკეთ გაიცნონ საქართველო. ეს იქნება სივრცე მხატვრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისთვის“ - ამბობს Forbes Women-თან საუბარში ირინა შენგელიძე.