ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა 13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში - ექსკლუზივი

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო საქართველოში გახშირებული პედოფილიის ფაქტების გამოძიებას აგრძელებს . ჩვენი ჟურნალისტები აგრძელებენ გამოძიებას შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტზე –13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“. – ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშრებით არაერთი დეტალი ექსკლუზიურად მოვიპოვეთ, თუმცა გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, სოციალურ ქსელში საქმის ახალ დეტალებს აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტიდან ამონარიდს:

„ბრალი წაეყენა ჩემს კლიენტს არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის. იგი დააპატიმრეს ამ ბავშვის ჩვენებით. აღკვეთის ღონისძიებიდან გავიდა 27 დღე და ბრალდება საქმეში არ დებს სამხარაულის საექსპერტო დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ საქალწულე აპკი არ არის დარღვეული.

ჩავატარე ბრალდებულის უროლოგიურ-სექსოლოგიური კვლევა. სამმა, ქვეყნის ყველაზე პატივსადებმა პროფესორ-დოქტორ-ექსპერტმა დაწერა, რომ ბრალდებული სრულიად უუნაროა, ანუ იმპოტენტია, ანუ ტესტოსტერონი ბრალდებულის სისხლში ნულს უტოლდება, რაც შესაძლოა, წლების მანძილის წინ იყოს განვითარებული და დამდგარი.

ამ დასკვნაში მეცნიერულ და შესაბამისი ტერმინოლოგიით წერია, რომ ტიპს აქვს მკვეთრად გამოხატული დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა და ერექციული დისფუნქცია, რაც ასევე თავისთავად ნიშნავს სქესობრივი აქტის შესასრულებლად საჭირო ერექციის მიღწევისა და შენაჩუნების შეუძლებლობას.

დასკვნაში დასაბუთებულია, თუ რა კვლევების შედეგად მივიდა პატივსადები ექსპერტიზა დასკვნამდე და ჩაიწერა, რომ (ციტატა დასკვნიდან) „საექსპერტო კვლევის მიმდინარეობისას ბრალდებულს ჩაუტარდა მედიკამენტოზური ხელოვნური ერექციის ტესტირება: პრეპარატ ვაზოსტენონისა და პაპავერინის კოქტეილი 20 მგ ოდენობით შეყვანილ იქნა კავერნოზულ სხეულში. 10 წუთის შემდეგ აღენიშნა ასოს ტუმენსაცია რიგიდობის გარეშე. მანიპულარული სტიმულაციით ერექცია არ განვითარდა“.

ბედი არ გინდა? ასეთი მაღალი სამედიცინო ტერმინოლოგიის გასაგებად აუცილებელი სპეციალური ცოდნისა და ყოველგვარი პრაქტიკის უქონელი მოსამართლე (თანაც 53 წლის) რომ შეგვხდეს. ჰოდა, შემხვდა ქართლის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ლელა ბესტავაშვილის სახით, რომელმაც „დაადგინა“, რომ თურმე გაუპატიურება, ანუ საშოში შეღწევა, შესაძლებელია იმპოტენციის პირობებშიც, ტესტოსტერონის არარსებობის, სასქესო ასოს ტუმენსაცისა და რიგიდობის გარეშე.

მოვითხოვე სააპელაციო ინსტანციაში შესაბამისი პრაქტიკისა და ცოდნის მოსამართლე.

აქაც უიღბლო გამოვდექით მე და ჩემი კლიენტი - საჩივარში დასმული სამედიცინო კვლევის ნაწილზე ისევ არ იმსჯელა ამ სფეროში ყოველგვარ პრაქტიკას მოკლებულმა ქალბატონმა და „დაადგინა“ მსოფლიო კაცობრიობისათვის სრულიად ახალი რამ - საქართველოში შესაძლებელია იმპოტენციის პირობებშიც გააუპატიუროს მამრმა მდედრი...“

იმის გასარკვევად, თუ რა ახალი დეტალებია საქმეში და რა ეტაპზეა გამოძიება, „ვერსია“ ზურაბ თოდუას ესაუბრა:

„გასულია 28 საგამოძიებო დღე, მაგრამ გამოძიებას დღემდე არ გააჩნია საქმეში სამხარაულის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დასტურდება ბავშვის საქალწულე აპკის მთლიანობა. ფაქტობრივად, ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება,რითაც ეს ადამიანი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება, არ დასტურდება საქმის მასალებით.  გაუპატიურების ფაქტი არ არის. მიუხედავად ამისა, ბრალი წარდგელია გაუპატიურების მუხლით. გარდა ამისა, რადგან ბრალდება საექსპერტო კვლევის ნაწილში პრობლემებს ქმინდა, ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ბრალდებულის დამოუკიდებელი საექსპერტო კვლევა. დავსვით კითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ოთხი ყველაზე პატივსაცემი პროფესორი-დოქტორი,საქართველოში თუ კი ვინმე არსებობს სექსოლოგიაში და უროლოგიაში მიიჩნევენ, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ანუ ბრალდებულს, შეუღლების უნარი აქვს სრულიად დაქვეითებული, ანუ უუნაროა. ამ კვლევის საფუძველზე მივმართეთ ქართლის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოს შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ მოსამართლემ არ მიიჩნია ეს მტკიცებულება ისეთ მტკიცებულებად, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ღრმა რწმენით, ამ მოსამართლეს არ აღმოაჩნდა შესაბამისი ცოდნა. ამ საექსპერტო დასვკნაში სრულიად არაკვალიფიცირებული აღმოჩნდა და მიიჩნია, რომ მიუხედავად ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებული დოკუმენტისა, რომელიც  დევს საქმეში, მაინც მიაჩნია დასაშვებად, პოტენცია დაქვეითებული ადამიანისგან სასქესო ორგანოში, ასე ვთქვათ, შეღწევა უშუალოდ, რასაც გაუპატიურება ჰქვია“.

ჩვენს კითხვაზე, თუ როდის წარუდგინა ადვოკატმა სასამართლოს ექსპერტიზის აღნიშნული დოკუმენტი, თოდუა განმარტავს:

„30-ში წარვადგინე, სასამართლომ უარი თქვა დაკმაყოფილებაზე და გავასაჩივრე აპელაციაში იმ იმდით, რომ აქ მაინც გამოჩნდებოდა მოსამართლე, რომელიც სწორად გაიგებდა, თუ რას ნიშნავს იმპოტენცია, შეუღლების უუნარობა. აპელაცია საერთოდ არ იმჩნევდა ამ გარემოებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში პროკურატურას, ფაქტობრივად, ზეწოლის ქვეშ ჰყავს სასამართლო.  მისი შიშით ვერ იღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება, ვთქვათ, ორივე ხელ ამპუტირებულ ადამიანს დააბრალო ჯიბის ქურდობა?! არ მსჯელობს სასამართლო ამაზე. პროკურატურის წინაშე დავაყენე შუამდგომლობა, რომ ეს ბავშვი, ფაქტობრივად, ცრუობს და მისი შემოწმება შესაძლებელი იყო შესაბამისი ექსპერტიზით, მაგრამ ბრალდებამ, ჩემდა გასაკვირად, უარი თქვა ამ ექსპერტიზის ჩატარებაზე და უნდა, რომ ზეპირად ცალსახად გაიზიაროს ამ ბავშვის ჩვენება. საქმე დაიწყო 137-ე, გაუპატიურების მუხლით, მაგრამ მაშინ, როდესაც ბრალდებამ იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე, თავის დაზღვევის მიზნით, იმისათვის, რომ გაიმართლოს შემდეგ თავი, ბრალდებულს ასევე წაუყენეს 137-138-139-141 მუხლები, გარყვნილი ქმედება და ა.შ სხვადასხვა სიბინძურე. ეს იმისთვის გააკეთა ბრალდების მხარემ, რომ დაიზღვიოს თავი, თუ გაუპატიურება არ დადასტურდება, მაშინ ჰქონდა ადგილი გარყვნილ ქმედებას.

 მე მაქვს ლოგიკური კითხვა, რომელსაც ყველა გონიერი ადამიანი იზიარებს - ამ ბავშვის ჩვენებით არის ორივე გარემოება საქმეში, ანუ ჯერ გარყვნილი ქმედება, რომელსაც თურმე ადგილი ჰქონდა 30-ჯერ და შემდეგ გაუპატიურებას 50-60 ჯერ. მაშინ თუ დადასტურდება, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია,  ცალსახად, უნდა ეჭვქვეშ დავაყენოთ ამ მოწმის ჩვენება და გამოდის, რომ ის ცრუობს აშკარად და არ არის გულწრფელი. რატომ უნდა გავიზიაროთ მაშინ მეორე ნაწილი? ასეთი კითხვა მებადება. რისი დადგენაც ექსპერტიზის კვლევით შეუძლებელია, რატომ უნდა გავიზიაროთ ეს?“

ადვოკატს ასევე ვკითხეთ, რას ამბობს თავად დაკავებული ბრალდებული, როგორია მისი პოზიცია?  ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ  ბრალდებულის პოზიციაა, გაკეთდეს ყველაფერი:

 „ის მზად არის, დაამტკიცოს სასამართლოზე თავისი პოზიცია. მან ასევე, როდესაც მოისმინა  სასამართლო შუამდგომლობებზე სასამართლოს პოზიცია, იზიარებს მოსაზრებას, რომ ფაქტობრივად, ის არ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან სასამართლო უფლებებზე და მან თქვა, რომ სასამართლო საქმე გადაეცეს ნაფიც მსაჯულებს და მათი მეშვეობით მოხდეს განაჩენის გამოტანა. თუმცა, ჯერჯერობით, მუშავდება ეს თემა, ჩვენ ჯერ ვადა გვაქვს და ჩამოვყალიბდებით საბოლოდ“.

ავტორები - სალომე ნოზაძე, თათია გოჩაძე