ვინ არის ალექსანდრე დუგინი; რა გავლენები აქვს და რა საფრთხე შეიძლება, ემუქრებოდეს საქართველოს? - მამუკა არეშიძე ექსკლუზიურად „ვერსიისთვის“

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 26 მაისს, როცა მთელი საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, ქართულ პოლიტიკაში ახლადშემოსული „რაინდი“, ლევან ვასაძე რუსეთში ალექსანდრ დუგინს შეხვდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო ტვ „მთავარმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა და გაავრცელა. „ვერსია“ დაინტერესდა, ვინ არის ალექსანდრე დუგინი; რა გავლენები აქვს და რა საფრთხე შეიძლება, ემუქრებოდეს საქართველოს? - ამ კითხვებით ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს მივმართეთ:    

_ დუგინს ვიცნობ პირადად, მართალია, ბოლოს 2002 წელს შევხვდი, მაგრამ 90-იანებში ურთიერთობა გვქონდა. დუგინმა უცნაური მეტამორფოზა განიცადა ჩემს თვალწინ სამჯერ. პირველად იყო პეტერბურგული ანდერგრაუნდის ერთ-ერთი წევრი, სადაც ისეთი ხალხი იყო გაერთიანებული, როგორიცაა ვიქტორ ცოი, ცნობილი მსახიობი დუბიჩი, რეჟისორი სალავიევი და ა.შ. ეს ადამიანები მუსიკალურ სივრცეში ქმნიდნენ ახალ მიმდინარეობას და ცდილობდნენ, პოლიტიკური გზავნილები მუსიკის მეშვეობით გადმოეცათ. ამასთან, არალეგალურ ლიტერატურას ქმნიდნენ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ახალგაზრდები იყვნენ მაშინ და დუგუნიც მათ შორის იყო. ის იყო რუსული, კომუნისტური, იმპერიალისტური იდეის მოწინააღმდეგე, საკმაოდ კარგი ანალიტიკოსი იყო და მოქნილი ტვინი ჰქონდა.

შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც რუსული ნაციონალური იდეის ერთ-ერთი აპოლოგეტი და მისმა იდეოლოგიურმა გზავნილებმა ძალიან შეუწყო ხელი პუტინის პორტრეტის ჩამოყალიბებას. უნდა ითქვას, რომ პუტინის და დუგინის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა 1991 წლის აგვისტოს „პუტჩის“ გამო პუტინმა პარტბილეთი დატოვა, გავიდა კომპარტიიდან, რისი გახსენებაც დღეს პუტინს, მაინცდამაინც, არ სიამოვნებს, მაგრამ ასე იყო. მაშინ დამყარდა მათ შორის ურთიერთობა. 2000-იან წლებში პუტინმა გამოიყენა დუგინის იდეოლოგიური ნარატივი, ნაციონალისტური იდელოგია. დუგინიც მონაწილეობდა სუვერენული დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში. მართალია, დუგინი უფრო მემარჯვენე იყო, ვიდრე პუტინის ფილოსოფია, მაგრამ ასე მოხდა. მოკლედ, დუგინის მეტამორფოზის შემდეგი საფეხური ეს იყო - მარტივად რომ ვთქვა, პანკიდან უცებ ულტრანაციონალისტი გახდა. იმ პერიოდში შეიქმნა ტელეკომპანია „ცარგრადი“ და ა.შ. რომელიც ნაციონალისტურ-მართლმადიდებლურ საფუძველზე იდგა. ბოლო წლებში კი დუგინის მიდგომები შეიცვალა, უფრო გადავიდა ცენტრისკენ და აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება კრემლის და განსაკუთრებით, დუმის იდეოლოგებთან დაიძაბა. ახლა უფრო ცენტრისტული ხედვები აქვს, მაგალითად, ის უშვებს, რომ რუსეთმა არასწორი ნაბიჯები გადადგა ოკუპაციის თვალსაზრისით. უკრაინელებთან დაკავშირებით, შეურიგებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინელები არიან სლავური იდეის ნაწილი, მაგრამ სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგალითად, ქართველების მიმართ, რომელთაც არ თვლის სლავური იდეოლოგიის ნაწილად. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა შევჩენკოს მიერ გახმოვანებული ზოგიერთი გზავნილი, რომელმაც ასევე მეტამორფოზა განიცადა, რომელთანაც ხელჩართული ბრძოლა მქონდა 2006 წელს ზუსტად ამ ნარატივების გამო. 2014 წელს შევრიგდით, როცა პატრიარქი ეწვია მოსკოვს და ის მოვიდა თავდახრილი. დღეს შევჩენკოს საუბარი აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ  შევჩენკოს თუ კრემლთან დაეძაბა ურთიერთობა და ჩამოაშორეს კრემლის კარებს, დუგინის შემთხვევაში ასე არ მოხდა მიუხედავად იმისა, რომ მას დაეძაბა ურთიერთობა კრემლის ბევრ იდეოლოგთან, მათშორის, სურკოვთანაც. თუმცა, როგორც ჩანს, პუტინთან დამოკიდებულება მას არ შეცვლია, ვგულისხმობ პირად ურთიერთობას. ასეა თუ ისე, დღეს დუგინის მიდგომები პოსტსაბჭოთა სივრცის განვითარების მიმართ ბევრად უფრო მოქნილი და „ლიბერალურია“, ვიდრე იყო ადრე, ხედვები შეეცვალა. მოკლედ, ასეთი პიროვნებაა, ითვლება მოქნილი ტვინის ადამიანად, მაგრამ მოჰყვება ნაციონალიზმის „შლეიფი“.

_ თუ პუტინთან ურთიერთობა შეინარჩუნა, ე.ი. დუგინი პუტინის პირად იდეოლოგად შეიძლება, ჩავთვალოთ?

_ არა, პუტინის იდეოლოგად აღარ ითვლება იმიტომ, რომ მისი მიდგომები შეიცვალა. მისი იდეოლოგიური ნარატივები საჭირო აღარაა კრემლისთვის, მაგრამ პირადი ურთიერთობა ნამდვილად აქვს.

_ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ,  ასეთი მოქნილი ტვინის პატრონი, ისეთი ბეგრაუნდით, რასაც თქვენ ყვებით, რატომ შეიძლება, ხვდებოდეს ლევან ვასაძეს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში?

_ ვასაძეს და დუგინს დიდი ხნის უერთიერთობა აქვთ. კარგად იცნობენ ერთმანეთს და სხვა წყაროებიდან ვიცი, რომ სერიოზული დავა ჰქონდათ 2009 წელს ოკუპაციასთან დაკავშირებით. დღეს რადგან დუგინის მიდგომები შეიცვალა, როგორც ჩანს, ლევან ვასაძემ გადადგა ეს ნაბიჯი მისი კავშირების გამოყენების თვალსაზრისით. ლევან ვასაძე როცა ასპარეზზე გამოვიდა, თქვა, რომ იწყებს რუსეთთან დიალოგის პროცესს იმისთვის, რომ დეოკუპაციის პროცესი დაჩქარდეს. შედეგიანი იქნება ეს თუ არა, გამიჭირდება ამის თქმა, რადგან რუსებს მტერი ენდო, მაგრამ დიალოგის გარეშე შედეგი არ გვაქვს. რატომ არ შეიძლება, ერთი პოლიტიკური ფიგურა გამოვყოთ რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად და შემდეგ შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები? გახსოვთ, ალბათ, როცა გასალანძღი გავხდი საქართველოს, ოკუპაციური რეჟიმის და სეპარატისტების მხრიდან იმის გამო, რომ ვთქვი, დავიწყოთ პროცესი აფხაზეთის აღიარებისა-მეთქი. ეს იყო 2011 წელს, ვამბობდი, რომ პროცესი შეგვექმნა. აღიარება დადგებოდა თუ არა, ეს მეორე საკითხი იყო, მაგრამ სტრიქონებს შორის ეს ვერავინ წაიკითხა ვერც თბილისში, ვერც სოხუმში და ვერც მოსკოვში. ასე რომ, ინიციატივებია საჭირო, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა.

 26 მაისს რომ მოხდა ეს შეხვედრა, რასაკვირველია, ჩემთვისაც არასასიამოვნო და მიუღებელია. მეორეს მხრივ, დუგინს შეხვდება თუ პუტინს ლევან ვასაძე, მისი გადასაწყვეტია. ვასაძის პოლიტიკურ ფიგურაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა შედეგებს მოიტანს ეს შეხვედრები.

სარაკვირველია, დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობას დღეს ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება იმიტომ, რომ დასავლეთი ქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ინიციატივიანი პოლიტიკა არ გვექნა, ვიქნებით, ფილოსოფიური თვალსაზრისით, კოლონიალურ ყოფაში, დამოკიდებული ვიქნებით ერთ ქვეყანაზე და მისი ნება-სურვილი იქნება გადამწყვეტი.

_ კი, მაგრამ, როგორც მივხვდი, დუგინმა მრავალჯერ შეიცვალა პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ასეთი ადამიანი რამდენად სანდო შეიძლება, იყოს?

_ ნუ გადააკეთებთ ჩემს ნათქვამს. ადამიანს ახასიათებს საკუთარი ფასეულობების გადახარშვა და შემდეგ ასაკთან ერთად სხვა მიდგომების დემონსტრირება, ამის ბევრი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო. ამიტომ არასანდოობაზე არ არის ლაპარაკი, მოხდა მისგან გადაფასება ფასეულობებისა. თუ სანდოობაზე ვსაუბრობთ, რამდენად მყარად დგას ის დღევანდელ ფასეულობებზე, ეს შესამოწმებელია...

რაც შეეხება ამ ჩანაწერის ტვ „მთავარის“ მიერ გავრცელებას, კითხვები არ გიჩნდებათ?- ე.ი. ისეთი კონტაქტები აქვთ, რომ ერთ საათში შეხვდრის სრული ანატომია იციან - ეს ეჭვებს არ ბადებს? ვის შეეძლო ამის გაკეთება? ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი არის ავტორიტარული ქვეყანა, სადაც სპეცსამსახურების მუშაობაზეა აგებული მთელი სახელმწიფოს ძლიერება. აქედან გამომდინარე, რაღაც დასკვნის გამოტანა შეიძლება. როცა სხვა ქვეყნის პატარა ტელეკომპანია შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ იღებს ვიდეოგამოსახულებას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა ორი ადამიანის შეხვედრაზე - ან ინფორმატორი ჰყავს ჩანერგილი ამ ტელევიზიას ლევან ვასაძის გარემოცვაში, მაგრამ ამ მოცემულობისთვის ეს ნაკლებად სავარაუდოა, ან თანამშრომლობაა იმ ქვეყნის სპეცსამსახურთან, რომლის გინებაა დღე და ღამე ამ ტელეეკრანთან. არ მინდა, დავიჯერო ეს ვერსიები, ამიტომ კითხვას ღიად ვტოვებ - რას გვკარნახობს ლოგიკა? ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ სოციალურ ქსელებში, ეს ფაქტი მიიჩქმალოს, როგორ მოხდა ეს ვიდეო ერთი საათის ინტერვალით ქართულ ტელესივრცეში.

_ გამორიცხავთ, რომ ტელევიზიის რომელიმე წყარო შემთხვევით წააწყდა ამ ამბავს?

_ როგორ ხდება სულ ასე შემთხვევით დანახვა და ინფორმაციის მოპოვება? ეს შემთხვევითობის ხარისხი იმდენად გაიზარდა, რომ ჩემში აღძრავს გონივრულ ეჭვს, რომ ასე მარტივად ეს არ ხდება.