„მერაბი და ზვიადი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ბევრ სამარცხვინო მოვლენას ავიცილებდით!“- ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი წერეთელთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ორი მოთხოვნა, რომლითაც ირაკლი წერეთელი პარლამენტს მიმართავს

 „1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3.00 საათზე, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ, წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი“, - ნათქვამია საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკებში.

26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სასიხარულოა, რომ წლების შემდეგ, საქართველოში, გენერალ კვინიტაძის ნეშტი ჩამოასვენეს და კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ქართულ მიწას სწორედ 26 მაისს მიებარება... ვფიქრობ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არც თარიღი აქვს და არც - დრო, ამიტომ გადაწყვიტე, ინტერვიუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი წერეთელთან ჩამეწერა, რომელიც 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის თანამონაწილეა:

 

- ბატონო ირაკლი, დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს უნდა აღვნიშნავდეთ, თუ 9 აპრილს?

- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და ლეგიტიმურმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ათვლის წერტილი 1918 წლის 26 მაისიდან დაიწყო და ყველას მიერ გაზიარებული იყო ასეთი თეორია - ვინაიდან, დამოუკიდებლობა მხოლოდ ფიზიკურად დავკარგეთ ძალადობის, შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად და ქართველ ერს არც რეფერენდუმით და დემოკრატიული არჩევნებით კომუნისტური საბჭოთა სახელმწიფოსთვის არასდროს მიუცია დადასტურება, ქართველმა ერმა დამოკიდებლობა მოითხოვა სწორედ 26 მაისის აქტის საფუძველზე. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო არა დამოუკიდებლობის, არამედ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლკობის აღდგენის აქტი. დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია, 9 აპრილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, საქართველო იყო რეალურად თავისუფალი ქვეყანა, რუსის  ერთი ჯარისკაცი არ იდგა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში უკვე მოქმედებდა ეროვნული ხელისუფლება და როცა 70 წლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ფაქტობრივად, საქართველო არ იყო თავისუფალი ქვეყანა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია მოქმედებდა, საზღვრებში ვიყავით ჩაკეტილი. ასე რომ, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს 26 მაისი, ესაა ეროვნული მოძრაობის პოზიცია.

- ამდენი წლის შემდეგ, როგორ იხსენებთ იმ პერიოდს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდით? როგორი იყო მერაბსა და ზვიადთან ურთიერთობა?

- ამის გახსენებაზე მხოლოდ დადებითი ემოცია მაქვს, რადგან ქართველი ერის მატიანეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელით აღიბეჭდა, ეს ჩემთვის სასიხარულოდ და სასიქადულოდ ამაღელვებელი იმიტომაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეუბნება ყველას - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის! როცა ეს ბრძოლა დამთავრდა ისტორიული გამარჯვებით და საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს მთელი მსოფლიოს მიერ უნივერსალურ დონეზეა აღიარებული, ეროვნული მოძრაობა რომ ადამიანს არ გაახსენდეს სასიხარულოდ, გამოდის, არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და თავისუფლების მოღალატეა. უბრალოდ, გული მტკივა, რომ აღარც მერაბია ცოცხალი, აღარც - ზვიადი და მათთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ერისკაცი და მამულიშვილი გარდაიცვალა. ზოგი მოკლეს, ზოგი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ძალიან კარგი იქნებოდა, მერაბი და ზვიადი ცოცხალები ყოფილიყვნენ, ამით ბევრ სამარცხვინო მოვლენას ავიცილებდით!

- მათ რომ ეცოცხლათ, მაინც, რა შეიცვლებოდა?

- მე, მერაბი, ზვიადი... ყველა ერთად რომ ვყოფილიყავით, საქართველო ვერ და არ დაუშვებდა შევარდნაძის მმართველობას - ეს გამორიცხულია. კიტოვანი მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ვერ გაუბედავდა სამხედრო გადატრიალებას. შევარდნაძის მმართველობა რომ არ იქნებოდა, აქედან გამომდინარე, აღარც სააკაშვილის მმართველობა იქნებოდა და აღარც - ივანიშვილის. ხელისუფლებაში იქნებოდნენ ეროვნული ძალები, გავზრდიდით თაობას ამაღლებული ეროვნული იდეალებით და საქართველოს ხელისუფლებაში არ მოხვდებოდნენ ისეთი პერსონები, რომელთა ცხოვრების ძირითადი აზრი, რაც შეიძლება, დიდი ფულის შოვნაა, ყველაფრის ფასად.  

- ისე, როცა ეროვნულ მოძრაობას ეყრებოდა საფუძველი და ყველა ერთად იდექით, დღევანდელი საქართველო როგორ წარმოგედგინათ?

- ვერ ვიტყვი, წარმომედგინა, რომ საქართველო თამარისა და დავითისჟამინდელი ძლიერებით გაბრწყინებული იქნებოდა - ამას ცოტა სხვა მასშტაბები სჭირდება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ საქართველო იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი, დემოკრატიული, ღირსეული სახელმწიფო და ქართული დემოკრატია შარლ მიშელის ჭკუის სასწავლებელი არ გახდებოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითი 1918-21 წლების, როცა მსოფლიოს არც ერთი იმჟამინდელი განვითარებული ქვეყნიდან შენიშვნა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში არ მიგვიღია. თუ შეძლო ქართველმა ერმა 100 წლის წინ, შეექმნა თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რატომ ვერ შექმნიდა განმეორებით, როცა მე-20 საუკუნეში, გაცილებით დიდი გამოცდილება და ცოდნა დაგროვდა თავისუფლებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ, ვიდრე ეს მე-19 საუკუნეში იყო. მსოფლიოში ისეთი პროცესები მოხდა, რომ წესით, საქართველოში აღარ უნდა ყოფილიყო ეს ანტიდემოკრატიული გამოხტომები...

- კი, მაგრამ დასავლეთი ხომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა?

- რა თქმა უნდა, ეს იდეა დაიბადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წიაღში. ამ იდეის ავტორი არც ედუარდ შევარდნაძეა, არც - მიხეილ სააკაშვილი და არც - დღევანდელი ხელისუფლება. თუ მაინცდამაინც პერსონამდე დაკონკრეტდება, ყველამ იცის, ვინ არის ამ ინიციატივისა და იდეის ავტორი. არსებობს უზარმაზარი ლიტერატურა, თუნდაც ჩემი წიგნები, სადაც პირდაპირ წერია, პირველმა ვინ გააჟღერა აშშ-ს ბაზების საქართველოში განთავისების იდეა. ეს ეროვნული მოძრაობის იდეაა და იმდენად ძლიერი, სწორუპოვარი აღმოჩნდა, რომ ყოფილი კომკავშირლები, კომუნისტები და ადამიანები, რომელთაც არასდროს აწუხებდათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, ეს იდეა ხმამაღლა გააჟღერონ და წაიყვანონ საქართველო ევრო-ატლანტიკური მიმართულებით. ჩვენ, ეროვნული ძალები რომ ვყოფილიყავით, საქართველო უკვე ნატო-ს წევრი იქნებოდა და ის სისაძაგლეები, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. ამის გამო კი მწყდება გული, მაგრამ ძალიან დიდი ძალა ჩაება და, როგორც ჩანს, სადღაც ეროვნულმა მოძრაობამ, ალბათ, სიფხიზლე მოადუნა...

- თქვენი აზრით, ეროვნული მოძრაობის ყველაზე დიდი შეცდომა და წარმატება რა იყო?

- ყველაზე დიდი წარმატება, 9 აპრილის სისხლიანი დარბევის შემდეგ, საყოველთაო აღიარება იყო. ეს ჰეროიკული ეპოპეაა ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის მატიანეში. კომუნისტური ხელისუფლება იქცა ფიქციად და იმდენად გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა, რომ ჯერ კიდევ ზვიადის ხელისუფლებაში მოსვლამდე, გუმბარიძის კომუნისტურმა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, სადაც აღიარა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გაუქმება. ამის დამაგვირგვინებელი გამარჯვება კი რეფერენდუმის ჩატარება და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გახლდათ.

შეცდომას კი თავიდანვე ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მერაბ კოსტავა გარდაიცვალა, ეროვნულმა მოძრაობამ, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება. ეროვნული მოძრაობის ერთიანობის შემთხვევაში, ვერც ერთი ძალა ვერ გაბედავდა, ვერც კი გაიფიქრებდა შეიარაღებულ გადატრიალებაზე ფიქრს. რა თქმა უნდა, ეს გადატრიალება რუსეთმა მოაწყო, ის იყო ინსპირატორი, მაგრამ ეს განახორციელა ქართველების ხელით და არ მოუნდებოდა არც ერთ ქართველს, ეროვნული ერთიანობის შემთხვევაში, ანტიქართული გადატრიალების მომზადება.

- რუსეთისგან საქართველოს მიმართ საფრთხე ახლაც არ განელებულა?

- რუსეთი ყოველთვის ეცდება, რაღაც მოიმოქმედოს, მაგრამ გადატრიალების საფრთხე არ მგონია, რადგან საქართველოს, იმ დროსთან შედარებით, ძლიერი სტრუქტურები ჰყავს პოლიციის, არმიის სახით, მით უმეტეს, არც ერთი პოლიტიკური ძალა გადატრიალებასა და შეიარაღებულ დაპირისპირებაზე არ ფიქრობს.

- „საფრთხეში“ ქართულ პოლიტიკაში რუსეთის ჩარევა ვიგულისხმე, ბატონო ირაკლი...

- ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია, ჩარეულია რუსეთი, როცა ხელისუფლება მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებსა და პირობებს, რასაც ჰქვია ეროვნული, სუვერენული ხელისუფლება, მაგრამ იმდენად ძლიერია დამოუკიდებლობის იდეა და დასავლეთის, აშშ-ისა და ნატო-ს აქტიური მონაწილეობა საქართველოში, რომ არ დაუშვებს ამას. მადლობა ღმერთს, საქართველომ შეიძინა ისეთი ძლიერი არაერთი პარტნიორი, რომელსაც რუსეთი ვეღარ გაუბედავს საქართველოს სრულმასშტაბიან ოკუპაციასა და ანექსიას, ეს გამორიცხულია! თუ მომავალ არჩევნებში, მაინცდამაინც, რუსული ძალები გაიმარჯვებენ, მერე არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ასე არ მგონია.

- ბატონო ირაკლი, ბოლო დროს, პოლიტიკაში ე.წ. კონსერვატიული ძალები გააქტიურდნენ. ლევან ვასაძემ გადაწყვიტა პარტიის შექმნა, გია გაჩეჩილაძე (უცნობმა) ეროვნულ მოტივებზე აქცია გამართა... ყველაფერ ამას როგორ აფასებთ?

- ვასაძე რა კონსერვატორული ძალაა?! ეს არის რუსეთუმე ძალა! დღეს, საქართველოში ე.წ. კონსერვატორული იდეები არის ნიღაბი, რომ დაიმალოს ანტიქართული სახე. ქართველობა და ანტიქართველობა უნდა განვასხვავოთ ძალიან მარტივად. ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, დღეს, საქართველოში არის ორი იდეოლოგია - ერთ მხარესაა აშშ და ნატო, მეორე მხარეს კი - რუსეთი. სხვა ძლიერი სტრატეგიული იდეოლოგია არ არსებობს და ვინც არ არის ამ არჩევანში აშშ-ისა და ნატო-ს მომხრე, ყველა არის რუსული ანუ ანტიქართული ძალა. შეუძლებელია, რუსული ძალა იყოს ეროვნული იმიტომ, რომ რუსეთი მუდამ ებრძვის, ხშირად ამარცხებს და ამხობს საქართველოს ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. მოვუწოდებდი ყველა ქართველს, რომ კონსერვატორობით და ტრადიციონალობით კი არ განსაზღვრონ ეროვნულობა, არამედ, ეროვნულობის, ქართველობის განმსაზღვრელი სწორუპოვარი საშუალება არის დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. მირჩევნია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ნაკლებად ტრადიციული, ვიდრე იყოს ტრადიციული და რუსეთის მიერ დაპყრობილი მონა, თუმცა ჩვენს ტრადიციებს ვერავინ მოერევა და სისულელეა, რომ დასავლეთი ებრძვის ჩვენს ტრადიციებს. დასავლეთში არიან ე.წ. გალიბერასტებული და უზნეო ძალები, რომლებიც ამ იდეალებს საკუთარ ქვეყნებშიც ებრძვიან, მაგრამ ასე არ ხდება, რომ ამან რაიმე საფრთხე შეუქმნას საქართველოს.

- ბატონო ირაკლი, რატომ არ ხართ აქტიურ პოლიტიკაში?

- ვერ ვარ, რადგან აქტიურ პოლიტიკაში თავმოყვარე კაცი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას, როგორც ლიდერს, ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის აქტიური მხარდამჭერი. თითზე ჩამოსათვლელი ჩემი მეგობრებით, ძლიერ პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი და როცა ადამიანის უკან არ დგას მრავალრიცხოვანი, ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება და ის ცდილობს აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მას ღირსება და თავმოყვარეობა არ გააჩნია. ვერ დავუშვებ, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და დამიდასტურდეს 1%. თუ გადავწყვიტე და შევუერთდი ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ გარდა, არ არსებობს, მაშინ საარჩევნო პოლიტიკაში მივიღებ მონაწილეობას. იდეოლოგიურ-მსოფლმხედველურ, პროპაგანდისტულ პოლიტიკაში ვაქტიურობ, ბევრი წიგნის ავტორი ვარ, ხშირად ვატარებ მცირერიცხოვან აქციებს.

საუბრის ბოლოს მინდა, დიდი სიხარული გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოასვენეს 51 წლის წინ, საფრანგეთში გადახვეწილი, ღირსეული გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და გიორგი მაზნიაშვილთან ერთად, არის სიმბოლო იარაღით ხელში საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა. თქვენი გაზეთის მეშვეობით, მოვუწოდებ ქართველებს, რომ პატივი მიაგონ. კარგი იქნებოდა, 26 მაისს არ დაეკრძალათ, სჯობდა, ჩატარებულიყო მრავალრიცხოვანი პოლიტიკური დემონსტრაცია, იქ მოესვენებინათ ამ კაცის ნეშტი და 27-ში, ხუთშაბათს, ქრისტიანულად დაეკრძალათ. ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი არ არის დაკრძალვის დღეები. გენერალი კვინიტაძე კოვიდით არ გარდაცვლილა და რა ეჩქარებოდათ ოთხშაბათს დაკრძალვა, ცოტა გაუგებარია.

ორი დღის წინ, ოფიციალურად მივმართე პარლამენტის თავმჯომარეს, ბიუროს, ყველა კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეს. ჩავაბარე საგანგებო მიმართვა, სადაც მაქვს ორი წინადადება - საქართველოს პარლამენტმა დაადასტუროს წერილობითი დოკუმენტის სახით მხარდაჭერა დამოუკიდებლობისადმი და რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად. მეორე მოთხოვნაა, რომ  დაიწყოს სპცეიალური ინტერპარტიული და ინტერპოლიტიკური საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენები საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე და შეიქმნას შემაჯამებელი დოკუმენტები.