პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "ფეიკებისთვის" ქონების კონფისკაციის შესახებ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი 14 თებერვალს მოაწერა კანონს, რომელიც მთელი რიგი მუხლებით, მათ შორის რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, მსჯავრდადებულებისგან ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს 22 იანვარს წარედგინა, პარლამენტარებმა 31 იანვარს ერთხმად მიიღეს. 7 თებერვალს დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, გადაწყვეტილება "შესაძლებელს გახდის დაისაჯოს ისინი, ვინც საქმიანობას ახორციელებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ. [შეძლებს] ამ ნაძირალებს ჩამოართვას საპატიო წოდებები, ასევე ჩამოართვას ქონება, ფული და სხვა ფასეულობები."

მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, - ახსნა მან კანონპროექტის აზრი.

რუსეთის სასამართლოები "ფეიკებად" მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.

OVD-Info-ს დაანგარიშებით, რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის საქმეები აღძრეს მინიმუმ 830 პირის მიმართ, მათ შორის მინიმუმ 250 - რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" მუხლით.