"არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ" - კემერონი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევით კემერონის განცხადებით, არ უნდა იგივე სისუსტე აჩვენოს პუტინს, რაც დასავლეთმა უკვე აჩვენა 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

კემერონმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობის კონტექსტში ისაუბრა და აშშ-ის სენატს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, ტაივანისთვის და ისრაელისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტს.

"არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ პასუხის გაცემის გაუბედაობა, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო - ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა.

მე მინდა ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე განცხადებაში კემერონმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ მისთვის სისუსტის ჩვენება ახლა იგივეა, რაც 1930-იან წლებში ჰიტლერისთვის სისუსტის ჩვენება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის, ტაივანისთვის და ისრაელისთვის გამოყოფილი 95 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი ამერიკის კონგრესმა უკვე დაამტკიცა. თუმცა, იგი ახლა საბოლოო დამტკიცებისთვის აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში უნდა განიხილონ, სადაც იმ რესპუბლიკელების გავლენა, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგებიან, დიდია.