წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს - გაერო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაეროს შეფასებით, 2024 წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დასჭირდება 14,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საზღვარგარეთ გაქცევა აიძულა დაახლოებით 6,3 მილიონ უკრაინელს.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი, დაშავება და მათი სახლების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნგრევა ყოველდღიური მოვლენაა.

გაერო აღნიშნავს, რომ ძალადობას ემატება სუსხიანი ზამთარი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანს ხდის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელებას. კოორდინირებული დახმარების გეგმას გაერო 15 იანვარს წარმოადგენს.

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მიწასთან გაასწორა უკრაინის არაერთი ქალაქი.