სერბიაში ვუჩიჩი და მისი პარტია გამარჯვებას აცხადებენ არჩევნებში, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, დარღვევებით წარიმართა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სერბიის მმართველმა პროგრესულმა პარტიამ (SNS), რომლის წარმომადგენელიცაა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, გამარჯვება გამოაცხადა 17 დეკემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - ჯერ კიდევ მაშინ, როცა საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ახალი დაწყებული ჰქონდათ ბიულეტენების დათვლის პროცესი. ამ კენჭისყრას ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე - იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით იყო წარმოდგენილი.

ვუჩიჩმა პარტიის შტაბ-ბინასთან თავმოყრილ მომხრეებს უთხრა, "გამარჯვება იქნება უფრო დამაჯერებელი, ვიდრე ამას საუკეთესო შემთხვევაში გვიწინასწარმეტყველებდნენ". სერბიის პროგრესული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა 17 დეკემბერს გვიან ღამით ჟურნალისტებს მიმართა სიტყვებით - "კეთილი იყოს თქვენი მოსვლა დღესასწაულზე". მისი თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე, 23 პროცენტით გავიდა კოალიცია "სერბია ძალადობის წინააღმდეგ", ხოლო სოციალისტურ პარტიას ერგო 6,7 პროცენტი.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებს თან სდევდა დარღვევები.

ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში.

საარჩევნო უბნები დაიხურა ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე, ოფიციალური მონაცემები 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.

ოპოზიცია და ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დროდადრო დარღვევებზე იუწყებოდნენ. სერბიაში იმყოფებოდა 5,800-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, ისინი თავიანთ ანგარიშებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.

საარჩევნო კომისიამ საღამოს 7 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კენჭისყრაზე გამოცხადდა ამომრჩევლის 55,5 პროცენტი - დაახლოებით იმდენივე, რამდენიც 2022 წლის აპრილში გამართულ არჩევნებზე. აქტივობის საბოლოო მაჩვენებელი ცნობილი გახდება არჩევნების შედეგთან ერთად.

ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.