მსახიობ ალეკ ბოლდუინს მოუხსნეს შემთხვევით მკვლელობის ბრალდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს მოუხსნეს ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახული მკვლელობის ბრალდება. გადაწყვეტილება ნიუ-მექსიკოს შტატის პროკურატურამ მიიღო.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პროკურორებმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაკონკრეტების გარეშე დაასახელეს ახალი ფაქტები, რომლებსაც გამოძიება და ექსპერტიზა სჭირდება. ტელეკომპანია ABC-ს ცნობით, ბოლდუინის ადვოკატებმა მსახიობისთვის ბრალდების მოხსნის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მათი მოწოდებაა ტრაგიკული უბედური შემთხვევის გარემოებების და ფაქტების შესაბამისი გამოძიება.

65 წლის ალეკ ბოლდუინს არაგანზრახული მკვლელობისთვის ბრალი 2023 წლის იანვარში წაუყენეს. ტრაგედია 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ფილმ Rust-ის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს. რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა და ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა.

არაგანზრახული მკვლელობისთვის ბრალი წაყენებული აქვს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრს, ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე.