60 ახალი სტატია

ინფარქტის მოახლოებაზე თმა მიგვანიშნებს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელში, ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, სულ მალე, ადრეული ინფარქტის დიაგნოსტიკის ახალ მეთოდიკას შეიმუშავებენ. დიაგნოზის დასასმელად, ოჯახის ექიმს პაციენტის თმის ერთი ღერი დასჭირდება. მედიკოსებისთვის ცნობილია, რომ ინფარქტამდე და საერთოდ, გულის დაავადებამდე, შესაძლოა, დაგროვილმა სტრესმა მიგვიყვანოს, მაგრამ ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს პრობლემებზე ოჯახსა თუ სამსახურში. შესაბამისად, სპეციალისტები ვერ ახერხებდნენ, „სტრესის“ დონის გაზომვის ზუსტი მეთოდი ეპოვათ და ვერც იმას იგებდნენ, როდის აღწევდა ის „წითელ ზღვარს“. ებრაელმა ექიმებმა, კანადელი კოლეგების მიერ დამუშავებული მეთოდიკა გამოიყენეს და გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ კორტიზონის დონე 150 პაციენტის თმაში, რომელთაც გულის პრობლემები ჰქონდათ და გაერკვიათ, როგორც იცვლება ამ „სტრესის ჰორმონის“ დონე ორგანიზმში. ვინაიდან თმა თავზე თვეში ერთი სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, პაციენტების ორი ჯგუფისგან თმის 3 სანტიმეტრის სიგრძის ნიმუშები აიღეს. პირველ ჯგუფში ის ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოხვდნენ, მეორეში - თერაპიული განყოფილების პაციენტები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირველი ჯგუფის პაციენტებში,  კორტიზონის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. კარდიოლოგები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კვლევების წინასწარ შედეგებზეა ლაპარაკი, რომელიც კიდევ უნდა შემოწმდეს. ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, ისრაელის კლინიკების ასობით პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ძალიან მალე, მედიკოსები სტრესის დონეს მარტივი ანალიზის საშუალებით განსაზღვრავენ და საშუალება მიეცემათ, დროულად დაიწყოს მოსალოდნელი ინფარქტის პროფილაქტიკური მკურნალობა.