Michelin Guideis-ის ისტორია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი ერთხელ მაინც დაგიჯავშნიათ მაგიდა მდიდრულ რესტორანში, რომელსაც „მიშლენის“ ვარსკვლავი აქვს, ალბათ, გაგჩენიათ კითხვაც: რატომ აქვს მაღალი კლასის რესტორნებისთვის რეიტინგის მიმნიჭებელს იგივე დასახელება, როგორიც საბურავების კომპანიას? რა საერთო უნდა ჰქონდეთ საბურავებსა და დახვეწილ სამზარეულოს? არადა, შეფ-მზარეულებისა და რესტორნების მფლობელებისთვის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საბურავების ბრენდის - Michelin-ის აღიარება მთელი ცხოვრების ოცნებაა. ამ წარმოუდგენლად გავლენიანი რეიტინგების სისტემის თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა განზრახვა, რომ კლიენტები უმაღლესი კლასის რესტორნებში მიეწვიათ.

 

ოჯახური ბიზნესი

XIX საუკუნის ბოლო წლებში, ძმებს - ანდრე და ედუარდ მიშლენებს ბიზნესი ჰქონდათ და პრობლემა შეექმნათ. მათ საბურავების კომპანია სოფლის ტიპის დასახლებაში კლერმონ-ფერანში დააარსეს, რომელიც პარიზიდან სამხრეთით, ოთხი საათის სავალზე მდებარეობდა. იმ დროს საფრანგეთში 3 000-ზე ნაკლები ავტომობილი იყო. სადმე წასვლა კი მარტივი ამოცანა არ გახლდათ: არ იყო გზების ფართო ქსელი და ძნელი იყო ბენზინის მოპოვებაც. კომპანიას სჭირდებოდა, ადამიანებისთვის მოგზაურობის მეტი მიზეზი მიეცა. 1900 წელს, პირველი გზამკვლევის გამოცემის შესავალში, ანდრე მიშლენი აცხადებდა, რომ მათი მიზანია, მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ საფრანგეთში მოგზაურობისთვის - სად გაავსონ ბაკი საწვავით, სად შეაკეთონ მანქანა, ასევე, სად ნახონ ღამის გასათევი და დასანაყრებელი ადგილი. ადამიანები მანქანით თუ ბევრს ივლიდნენ, საბურავებიც გაცვდებოდა, რაც შედეგად, მათი გაყიდვების გაზრდას გამოიწვევდა, - სწორად იფიქრეს ძმებმა. მართლაც, სულ უფრო მეტ ფრანგს გაუჩნდა ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი და „მიშლენის“ გზამკვლევიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

მძღოლებს რომ მეტად დახმარებოდა, კომპანიამ ოფისები გახსნა, სადაც ტურისტებს, ექსპერტებთან ერთად, ევროპაში მოგზაურობის მარშრუტების შედგენა შეეძლოთ. არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გაზარდა საბურავების გაყიდვები, თუმცა ამის მიუხედავად, ეს Michelin-ისთვის შემოსავლის ახალი წყარო გახდა და საუკეთესო სარეკლამო ინსტრუმენტად იქცა. დღეს ის საჯარო კომპანიაა, რომლის ღირებულებაც 24 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონ საბურავს აწარმოებს. Michelin-ს დღესდღეობით 30 ათასზე მეტი რესტორანი აქვს სამ კონტინენტზე და 30 მილიონზე მეტი გზამკვლევი - გაყიდული.

 

გზამკვლევიდან საპატიო ნიშნამდე

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან, გზამკვლევში „მიშლენის“ რესტორნების რეკომენდაციები იმდენად გავლენიანი გახდა, რომ ძმებს უბიძგა ახალი ბიზნესი დაეწყოთ, მათ შორის, ფარული კლიენტების დაქირავება (ახლანდელი ინსპექტორები) იმის გასარკვევად, წარმოადგენს თუ არა რესტორანი მაღალი კლასის დაწესებულებას. თუკი ასეთები იყვნენ, მათ ერთ ვარსკვლავს მიანიჭებდნენ. რეიტინგების სისტემა განვითარდა და 30-იან წლებში დადგენილი წესები დღესაც უცვლელია: ერთი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ ეს რესტორანი „ღირს გაჩერებად“, ორი - „ღირს იქ შემოვლითი გზითაც მისვლა“, სამი კი ნიშნავს, რომ ასეთ დაწესებულებაში მისვლა ღირს „განსაკუთრებულ მოგზაურობად“. „მიშლენის“ ერთი ვარსკვლავის მიღებაც კი რესტორანს ცნობილსა და პოპულარულს ხდის.

 

როგორ ხდება შემოწმება

ადამიანები ვარაუდობენ, რომ საიდუმლო ინსპექტორის განმასხვავებელი ნიშანი ელიტურ რესტორანში მარტო სადილობაა. კლიენტები იმასაც ამბობენ, რომ ვარსკვლავით აღნიშნულ დაწესებულებებში გაცილებით კარგად ემსახურებიან, თუკი ისინი მაგიდასთან ჩანაწერებს აკეთებენ. თუმცა, ნამდვილ ინსპექტორს რესტორანში ბლოკნოტი არასდროს მიაქვს - ეს მათ გამოააშკარავებს. ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც ისინი დაწესებულებებს ამოწმებენ, პროდუქტების ხარისხი, მომზადების ტექნიკა, შეფ-მზარეულის ოსტატობა და გემოების ჰარმონიაა. ყველა ინსპექტორს ამ სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება მაინც აქვს, ისინი ასევე გადიან მომზადებას „მიშლენის“ გზამკვლევის მეთოდოლოგიით. ერთ რესტორანს ერთი და იგივე ინსპექტორი მეორედ აღარასდროს ამოწმებს.