„Do IT with the EU“- ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„Do IT with the EU“- ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება.
პროექტის გახსნით ღონისძიებაში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა - „Do IT with the EU“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და IT სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე GITA-ს წარმატებულმა სტარტაპებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.


ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარებაზე, ინოვაციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება.
„ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


„Do IT with the EU“ პროექტის მიზანია საქართველოს IT სექტორში ინოვაციისა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობა - 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა.
ამასთან, 1000 IT სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300 IT-ის კი დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, რათა კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე.