ქონების გადასახადი შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული - რას ითვალისწინებს რეფორმა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც გადასახადი ფიზიკური პირების ყოველწლიურ შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეფორმა მოიცავს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების ქონების გადასახადს და ის ქონების ფართობის მიხედვით განისაზღვრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და მისი წარდგენა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

“ახალი რეფორმის მიხედვით ქონების გადასახადი ოჯახების შემოსავალზე არ იქნება დამოკიდებული. ეს იქნება დამოკიდებული იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ. ზოგადად ეკონომიკურად ეს უფრო სწორი მიდგომაა. ალბათ კონკრეტული ზონების მიხედვით, კონკრეტული კვადრატულის ღირებულება დადგინდება. დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საჭიროა შეფასება და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი. დღეს არსებობს შემოსავლის 40 ათას ლარიანი ზღვარი და ეს არაა სწორი შეფასების მეთოდი. შესაძლოა ადამიანს საქართველოში საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი, სხვა ქვეყანაში ჰქონდეს შემოსავალი, მეორე მხრივ შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ დიდი ქონების პატრონი იყოს, ამიტომ ქონების გადასახადი სხვა შინაარსის უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია დეპუტატ რომან გოცირიძის კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადის ზღვრის 40 ათასიდან 60 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, პარლამენტის მიერ ცალკეული ინიციატივების მიღება მიზანშეწონილი არაა.