საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-28 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-28 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით, 2022-28 წლებში მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის, საქართველო მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზეა.

ამ წლებში, ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 54%-ით იზრდება. 2023 წელს, მყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ხდება 22 357 დოლარზე მეტი, 2028 წლისთვის კი აჭარბებს 32 93 დოლარს.

7 წლის განმავლობაში, საქართველოს მშპ, ერთ სულ მოსახლეზე, დოლარში, წლიურად, საშუალოდ, ორნიშნა მაჩვენებლით, 13.8 პროცენტით იზრდება, შესაბამისად, მომდევნო წლებშიც, ამ საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ, ერთ სულზე, 2030 წელს გადააჭარბებს 15 ათას დოლარს და მაღალი ალბათობით, გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მუდმივ ფასებში, ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით, 2022-28 წლებში მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის, საქართველო მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - პირველ ადგილზეა.

2023 წელს, მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მუდმივ ფასებში გახდება 18 263 დოლარი, 2028 წლისთვის კი გადააჭარბებს 23 768 დოლარს. საქართველოს ეკონომიკა, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2023 წელს გადააჭარბებს 82 მილიარდ დოლარს და გადაასწრებს ლატვიას, რომელიც 2023 წელს 77 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

2028 წელს, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 116 მილიარდ 367 მილიონი დოლარი გახდება და გადააჭარბებს ლუქსემბურგს 696 მილიონი დოლარით. 2028 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას - ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას.