დაგეგმილია პენსიის ზრდა - მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ძალოვან უწყებებში დასაქმებულ და სხვა საჯარო პირთა ხელფასების ზრდა, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ ხელისუფლების პრიორიტეტებად რჩება მომდევნო წელსაც.   საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაგზავნილია. შესაბამისად, პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. რომელ სახელმწიფო უწყებებს ეზრდებათ დაფინანსება, როგორია მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა მომდევნო წლის განმავლობაში, რა პრიორიტეტები იკვეთება ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში და რა არის მთავრობის მთავარი ეკონომიკური გზავნილი 2024 წელს - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მესამე წელია, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას ვაგრძელებთ.

                                                  

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი პარლამენტს გადაეგზავნება.

„მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ, ერთგვარად შევაჯამოთ ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციები. იცით, რომ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ვაგრძელებთ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას - წელს, 7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ და წელს, 6.5%-ზეა ნავარაუდევი ეკონომიკის ზრდა, თუმცა თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი. მინდა, აღვნიშნო, რომ რვა თვეში, ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოსა და რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, 2012 წელს, ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს - ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. მისი თქმით, ბიუჯეტი გასამმაგებულია, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია ყველასთვის. მთავრობის გათვლებით, 2024 წელს, დეფიციტი - 2.5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-თან მიმართებაში - 38.2% იქნება.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, საკმაოდ კონსერვატიული მიდგომითაა დაგეგმილი. ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდა. საშუალოვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2.8%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 85 მილიარდ 370 მილიონი ლარია; მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია. აქვე, შედარებისთვის, მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის, ბიუჯეტი, დაახლოებით, 8.5 მილიარდი ლარი გახლდათ და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი, 27 მილიარდამდე იყო. თითქმის გასამმაგებულია ბოლო 11-12 წელიწადში და 85 მილიარდზე მეტი იქნება მშპ. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 8 600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მშპ იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მაგალითისთვის, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ 2012 წელს, ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2024 წელს, ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. შედარებისთვის, იყო 8.5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024-ში, 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. აქაც გასამმაგებააა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. დეფიციტს რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით, 2.5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-თან მიმართებაში - 38.2%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისიც აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც გათვალისწინებულია პენსიების ზრდა - 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის 500 ლარი იქნება.

„რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც დაგეგმილია პენსიების ზრდა - 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს, პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიან რეგიონებში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში - 380 ლარი.

გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მილიარდი ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით ზრდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, შარშან, ძალოვნებისთვის 20%-იანი ზრდა განხორციელდა და ჯამში, ბოლო ორ წელიწადში, თითქმის, 40-45%-იანი ზრდა გამოვიდა ძალოვნებში - პოლიციაში, ჯარსა და სპეცსამსახურებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ორ წელიწადში, სხვა საჯარო მოხელეებს ხელფასი 30%-ით გაეზარდათ.

„მინდა, გითხრათ, რომ შარშან, ძალოვნებისთვის 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო ორ წელიწადში, თითქმის, 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში - პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და ჩვენი საჯარო მოხელეებისა და მათი ხელფასების ზრდას მომავალშიც გავაგრძელებთ. ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს; განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები სიახლეები გვექნება, მაგრამ ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად, ოქტომბრის ბოლოს, წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი და შესაბამისად, მაღალი ტემპებით წავა მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი და ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან, სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3.4 მილიარდი ლარი.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, 2024 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი მოხმარდება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან, სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3.4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება-წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მთლიანად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ ჯამში, 700 მილიონი ლარი დაიხარჯება მომავალ წელს. გაისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარის დახარჯვა; სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მილიონი ლარია განსაზღვრული; გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი 180 მილიონი ლარი გამოიყოფა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ესაა ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში იგეგმება აქტიური მუშაობა სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან. მთავრობა ბიუჯეტის მეორე ვარიანტს 5 ნოემბრამდე წარადგენს, ხოლო ნოემბერში, მესამე ვარიანტზე იგეგმება მუშაობა.

„ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შესაჯამებლად ვიტყვი, რომ 2024 წელს, 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მშპ 8 600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგებული მშპ, თუ ამ მონაცემებს 2012 წლის ბიუჯეტს შევადარებთ. როგორც გითხარით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 27.8 მილიარდი ლარი იქნება, დანარჩენს მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავტორი: მაკა რუხაძე