სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებული პროექტებით დაინტერესდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სტარტაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2016-2021 წლებში, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას ეხება. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი დარღვევები გამოავლინეს, თუმცა ვიდრე ამ დარღვევებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ სტარტების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევენ. ეს იმიტომ, რომ მათი განვითარება ახალი ბაზრების, სავაჭრო გზების, სამუშაო ადგილების შექმნასთან და ბიზნესის უკეთესად მართვის შესაძლებლობის გაზრდას უკავშირდება. იმავდროულად, სტარტაპები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც ქვეყნის დონეზე, კიდევ უფრო ზრდის ჯანსაღი სტარტაპ გარემოს შესაქმნელ სათანადო შესაძლებლობებს. სტარტაპ ბიზნესი ითვლება მაღალი რისკის მატარებელ მიმართულებად, თუმცა წარმატებული პროექტების შემთხვევაში, ამ პროექტებიდან მიღებული სარგებელი გაცილებით აღემატება მასზე გაწეულ დანახარჯებს.

შპს „სტარტაპ საქართველომ“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“, პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად, არაერთი აქტივობა განახორციელეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, რიგი საკითხები კვლავ აქტუალურია და სათანადო ღონისძიებების გატარება სჭირდება. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა „სტარტაპ საქართველოსა“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

 ხარვეზები პროგრამის მიზნობრივ მაჩვენებლებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია პროგრამის მიზნები და ბიუჯეტი, თუმცა არ არის გაწერილი, რა პერიოდში უნდა მოხდეს აღნიშნული თანხების ათვისება, ხოლო პროგრამის მიზნები ზოგადია და არ მოიცავს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლების განმარტებას.

„მართალია, თავისი შინაარსით, სტარტაპების დაფინანსება მრავალი განუსაზღვრელობის არსებობის პირობებში, მაღალი რისკების მატარებელ სფეროდ მოიაზრება, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა დროის შესაბამის პერიოდში ითვალისწინებდეს ბიუჯეტის განაწილებას და მისაღწევი შედეგების უფრო კონკრეტულ და გაზომვად მაჩვენებლებში ასახვის შესაძლებლობას. ეს იმიტომ, რომ ხელი შეეწყოს პროგრამის მიმდინარეობის შეფასებასა და დასახული მიზნების ეფექტიან მიღწევას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი წარმატებული, თუ წარუმატებელი პროექტი, თუმცა შპს „სტარტაპ საქართველოსა“ და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ არ შეუფასებიათ, აღნიშნული შედეგები რამდენად უზრუნველყოფდა დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. მიზეზი ისაა, რომ დადგენილებით არ განუსაზღვრავთ პროგრამით მისაღწევი მიზნებისა და შედეგებისთვის გასათვალისწინებელი გაზომვადი ინდიკატორები.

„ჯანსაღი და კონკურენტული სტარტაპ გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის პოტენციალის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სტარტაპებთან დაკავშირებული სისტემური და სტრუქტურირებული მიდგომები. ქვეყანაში არ არსებობს სტარტაპ სუბიექტების შესახებ ერთიანი განმარტება, შედეგად, რთულია დადგინდეს, რეალურად, როდის და რა პერიოდით ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე აღნიშნული სტატუსი; ასევე, არ იწარმოება სტარტაპების შესახებ ერთიანი მონაცემები, მათი აქტივობების, დაფინანსების, ფინანსური შედეგების, საქმიანობის პერიოდისა და სხვა დეტალების შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა სტარტაპების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული ძირითადი მიმართულებების ანალიზს, ინვესტორების მოზიდვასა და მომავალი ტენდენციების პროგნოზებს“.

 ხარვეზები პროექტების დაფინანსებაში

აუდიტის მიმდინარეობისას, გამოვლინდა დაფინანსებული სტარტაპების მიერ აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოთხი პრეცენდენტი. კერძოდ, აქტივების დაზიანება; აქტივების რეალიზაცია პარტნიორთა შეთანხმების გარეშე; აქტივების შეძენა; შემდგომი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე და მათზე წვდომის შეზღუდვა.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პროექტების დაფინანსებისას, შპს „სტარტაპ საქართველო“ ერთგვაროვან მიდგომას იყენებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი პროექტი კლასიკური ბიზნესის გაუმჯობესებული ვერსიაა, რაც გარკვეულწილად, პროექტების წარუმატებლად განხორციელების რისკების შესამცირებლად, მეტი გათვლებისა და პროგნოზების შესაძლებლობას ქმნის.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული სტარტაპ პროექტები მაღალი რისკის შემცველია, რასაც „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსების ფარგლებში წარუმატებელი პროექტების რაოდენობაც ადასტურებს, სადაც ყველაზე მაღალი წილი მოდის IT პროექტებზე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ IT პროექტებზე გაწეული ხარჯების უმეტესი ნაწილი მოდის დეველოპერულ პროცესებზე, რისი რეალიზაციაც, თანხების მობილიზების მიზნით დაფინანსებული სტარტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, ნაკლებად მოსალოდნელია. აღსანიშნავია, რომ სს „საპარტნიორო ფონდის“ მონიტორინგისა და შიდა აუდიტის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, 2017 წლიდან, შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ IT პროექტები არ დამტკიცებულა“.

პროექტის დაწყებიდან ანუ 2016 წლიდან დღემდე, ცალკეული პროექტის დასაფინანსებლად განკუთვნილი 100 000 ლარის დღევანდელი ღირებულება, სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების, მათ შორის, ფასების ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით, შემცირებულია, რაც პროგრამით დასახული მიზნების სათანადოდ შესრულების რისკებს ზრდის.

 

ხარვეზები დაფინანსებული პროექტების მონიტორინგში

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, პროგრამის მიზნების სათანადოდ და ეფექტიანად განხორციელების ხელშესაწყობად, მართვა და მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შპს „სტარტაპ საქართველო“ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, გარკვეული სახის ღონისძიებებს ატარებს, თუმცა აუდიტის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ, დამატებითი ქმედებებიც უნა განხორციელდეს:

„შპს „სტარტაპ საქართველო“ არ ამზადებს წლიური საქმიანობის შესახებ ერთიან ანგარიშს, სადაც აისახებოდა სრულყოფილი და შეჯამებული ინფორმაცია პროექტების ფარგლებში დასაქმებულების შესახებ, თუმცა პერიოდულად აწარმოებს ბენეფიციარ კომპანიებში დასაქმებულთა შესახებ სტატისტიკას; სტარტაპების საქმიანობის ვიზუალური დათვალიერების პროცესი არ იყო სათანადოდ შემუშავებული, შედეგად რთული იყო დადგენა, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდა მონიტორინგისთვის სტარტაპების შერჩევა. აღსანიშნავია, რომ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, შპს „სტარტაპ საქართველომ“, ადგილზე, პროექტების მონიტორინგის კრიტერიუმების შემუშავება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გამოსცა ბრძანება და განახორციელა ადგილზე ვიზიტები; შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ არ არის შემუშავებული საკმარისი აქტივობები ისეთ პროექტებზე, რომელთაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული აქვთ საქმიანობა, ან ვერ უზრუნველყოფენ მოგების მიღებას; პროგრამის მიმდინარეობის პროცესში ორ პროექტს გაუხანგრძლივდა ხუთწლიანი ვადა, რაც არ იყო სათანადოდო დასაბუთებული, თუმცა 2022 წლის ბოლოდან, აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“.

აქედან გამომდინარე, არსებობს რისკები, რომ შპს „სტარტაპ საქართველომ“ დროულად ვერ გამოავლინოს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და, შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ზომები ვერ მიიღოს.

ხარვეზები პროექტების მართვაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშესაწყობის მიზნით გამოვლენილი გამარჯვებული 20 პროექტიდან, მიმდინარე პერიოდში გამოსყიდულია ორი პროექტი.

„პროექტის მიმდინარეობის პროცესში, სტარტაპ კომპანიები, სააგენტოსთან შეუთანხმებლად ახორციელებდნენ ბიუჯეტის ცვლილებას, რაც ვერ ჩაითვლება კარგი პრაქტიკის მაგალითად, ვინაიდან აღნიშნული ზრდის არამიზნობრივი ხარჯების გაწევის შესაძლებლობას და წარმოშობს პროექტების არაეფექტიანად განხორციელების რისკებს; სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში, არ ხდებოდა სტარტაპებისგან პირველადი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა და მათი ადგილზე პერიოდული მონიტორინგი, რაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს“.

შესაბამისად, სააგენტო არ არის სათანადოდ ინფორმირებული პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც არ აძლევს საშუალებას, დროულად გამოავლინოს პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული ის რისკები, რამაც შესაძლოა, პროექტით განსაზღვრული მიზნების მიღწევას ხელი შეუშალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დამწყები კომპანიების დაფინანსება, მათი ბუნებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის მატარებელია, მნიშვნელოვანია, სააგენტოს შემუშავებული ჰქონდეს დაფინანსებული პროექტების შემდგომი განხორციელების მონიტორინგის ისეთი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს მათი მიზნების მიღწევასთან დაკავშირებულ რისკებს.

ავტორი: მაკა რუხაძე