„ვაგნერის“ შემქმნელის - ევგენი პრიგოჟინის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

... 2023 წლის 23 ივნისი. ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია „ვაგნერის“ მებრძოლებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების თავდასხმის შესახებ და აჯანყება წევგენი პრიგოჟინის ამოიწყო, რასაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა. 24 ივნისს, დაქირავებულმა ჯარებმა დაიკავეს დონის როსტოვის ცენტრი, სამხედრო ობიექტები და მოსკოვისკენ აპირებდნენ სვლის გაგრძელებას. იმავე საღამოს, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებები, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება დეესკალაციის შესახებ. პრიგოჟინმა უკან დაიხია...

იმის მიუხედავად, რომ პუტინის მარჯვენა ხელის ერთდღიან დემარშს საქართველოს ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა მოჰყვა, რაც პუტინის რეჟიმის დასრულების დაუოკებელი წყურვილით იყო განპირობებული, ამ საყოველთაო „აღტყინებაში“ მარტივი ჭეშმარიტება გამოგვრჩა - დაუპირისპირდება თუ არა, ან დაამხობს თუ არა პუტინს, პრიგოჟინი პირსისხლიანი „ვაგნერელების“ სულისჩამდგმელი და ფინანსური მხარდამჭერია. იმ „ვაგნერელების“, რომლებმაც არა მარტო გადაწვეს უკრაინული ქალაქები  და დახოცეს უდანაშაულო მოსახლეობა, არამედ - გააუპატიურეს ქალები და ბავშვები... ჰოდა, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მტრის მტერი, ჩვენი მეგობარი ვერ იქნება და არც უნდა იყოს!

„ვერსია“ პუტინთან დაახლოებული „მზარეულის“, მისი მარჯვენა ხელისა და ევროპა-ამერიკა-კანადა-იაპონიისგან სანქცირებული ევგენი პრიგოჟინის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. თუმცა, როგორც ყოველთვის, ჯერ მის ბიოგრაფიას გადავავლოთ თვალი.

 

ვინ არის პუტინის „მზარეული“

„ვიკიპედიის“ მიხედვით, რუსი ბიზნესმენი, რუსული კომპანიისა და ჯგუფ „კონკორდის“ დამფუძნებელი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს, მაშინდელ ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი). პრიგოჟინი აკონტროლებს „ვაგნერის“ ჯგუფს - რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც ჩართულია სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ასევე კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევაში.

პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გრუ-სთან. კომპანია „კონკორდი“ რუსეთოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს კვებით უზრუნველჰყოფდა, რის გამოც პრიგოჟინმა რუსულ და ზოგადად, საერთაშორისო მედიაში მეტსახელი - „პუტინის მზარეული“ მიიღო. გამოცემა „დელავოი პეტერბურგმა“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში პრიგოჟინი 72-ე ადგილზე გაამწესა, როდესაც მისი ქონება 14.6 მილიარდ რუსულ რუბლად შეაფასა. 2016 წელს, გამოცემა „გოროდ 812“-ის თანახმად, პრიგოჟინი მოხვდა სანკტ-პეტერბურგის 30, ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში.

პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „ბოტების ქარხნის“ შემქმნელმა. 2016 წლიდან, ის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება, 2020 წლიდან - ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ, 2022 წლიდან - ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის. 2022 წლის ივლისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა 10 მილიონი აშშ დოლარის ჯილდო, ევგენი პრიგოჟინისა და „ინტერნეტკვლევების სააგენტოს“ 12 სხვა თანამშრომლის შესახებ ინფორმაციისთვის. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული სააგენტო დაკავშირებულია შეერთებული შტატების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან. FBI კი აწესებს ჯილდოს - 250 000 აშშ დოლარამდე,  თუ ვინმე პრიგოჟინის დაჭერაში დაეხმარება.

პრიგოჟინმა და მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინის ომში. 2022 წელს, პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები წაეყვანა „ვაგნერის“ რიგებში, ომში მონაწილეობის მისაღებად. 2023 წლის მაისში, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მისმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტი აიღო. თუმცა, ზუსტად ერთ თვეში, იგივე პრიგოჟინი პუტინს ისე დაუპირისპირდა, რომ ლამის, გადააყენა...

 

ევგენი პრიგოჟინის დეკლარაცია

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ევგენი პრიგოჟინმა კვების ბიზნესი 1990-იან წლებში, ჰოთ-დოგების გაყიდვით დაიწყო. ამის შემდეგ, ჯერ რესტორატორი, ხოლო მოგვიანებით - სურსათით მომარაგების კომპანია Concord-ის მფლობელი გახდა. ეს კომპანია „ვაგნერ ჯგუფის“ დედა-კომპანიად ითვლება.

შარშან, საინფორმაციო ვებ-გვერდმა - Meduza, აღმოაჩინა სასამართლოს 1981 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც პრიგოჟინი მაშნდელი ლენინგრადის ციხეში გაგზავნეს. 1980 წლის მარტში, პრიგოჟინმა ქალი გაძარცვა, რომელსაც ჩექმები და ოქროს საყურეები წაართვა და გონების დაკარგვამდე გაგუდა. ამასთან, პრიგოჟინს გაქურდული აქვს მრავალი სახლი, საიდანაც მოპარულ ნივთებს შორის, ასახელებენ მაგნიტოფონს, ორ ხალიჩას და ისეთ წვრილმანებსაც კი, როგორიცაა ავტომობილის საჭის ჩიხოლი. მეტიც, „ჯინსებისა“ და სხვა დეფიციტური საქონლის შეძენის საბაბით, პრიგოჟინმა მოქალაქეს მოტყუებით 250 რუბლი გამოსძალა. ყველა ამ საქმეზე პრიგოჟინი გაასამართლეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ბოლომდე მოიხადა.

საბოლოოდ, ციხე 1990 წელს დატოვა, როცა სანკტ-პეტერბურგის სასურსათო ბიზნესში მისი აღზევების ხანა დაიწყო: პრიგოჟინი ჯერ ძეხვების საბითუმო გამყიდველი იყო, შემდეგ - ჰოთ-დოგის ურიკების ქსელს ფლობდა. იმ დროს, 1991 წელს, სსრკ-ის ნგრევით გამოწვეული დისფუნქციის ფონზე, სანკტ-პეტერბურგი ორგანიზებული დანაშაულის ოაზისად იქცა. სხვათა შორის, ერთხელ, პრიგოჟინმა ისიც კი თქვა, რომ თითო ჯიხურის დაცვაში, რუსულ მაფიას 100 დოლარს უხდიდა.

პრიგოჟინი წინ სწრაფად მიიწევდა და ქალაქში პირველი სასურსათო მაღაზიების ქსელ „კონტრასტის“ თანამფლობელი და მმართველი გახდა. ამის შემდეგ, რესტორნების ბიზნესში გადავიდა, რაც მისი კვების ბიზნესის იმპერიის დასაწყისი გახდა. 2001 წლის ზაფხულში, პრეზიდენტის პოსტზე ახლადარჩეულმა პუტინმა, რომელსაც იმ პერიოდში, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი პრიგოჟინის რესტორანში წაიყვანა. Daily Mail-ის ცნობით, პრიგოჟინმა თითოეული სტუმარი საკუთარი „ხუმრობებითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა. სწორე ამის შემდეგ, ის „პუტინის მზარეული“ ხდება.

2023 წლის 23 ივნისამდე, კომპანია Concord-ის საშუალებით, პრიგოჟინი პუტინის ყველაზე დიდი მოკავშირე იყო. Concord - სურსათის მომარაგების კომპანიაა, რომელიც რუსეთის მთავრობის „შინაური“ კომპანია გახდა. Concord-მა და მასთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს, რაც სამხედრო და სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოსკოვის სკოლების საკვები პროდუქტებით მომარაგებასაც ითვალისწინებდა. 2018 წელს. პრიგოჟინის პროდუქტებით რამდენიმე ბავშვი მოიწამლა, ხოლო 2019 წელს, Concord-ის წინააღმდეგ, უამრავმა მშობელმა სარჩელი შეიტანა.

Concord - რუსული არმიის მთავარი მიმწოდებელია და უკრაინაში რუსი სამხედროების MRE-ები (Meal, Ready-To-Eat) ანუ მზა სამხედრო რაციონი, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა, შესაძლოა, პრიგოჟინთან იყოს დაკავშირებული.

ყველაფერი, რასაც პრიგოჟინი აკეთებს, Concord-ს უკავშირდება. მაგალითად, იურიდიული პირი, სახელწოდებით - „ვაგნერი“ არ არსებობს. „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ფულს Concord-თან დაკავშირებული ფორმალური კომპანიები უხდიან. გლობალურ კონფლიქტების შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაცია C4ADS, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა პრიგოჟინსა და „ვაგნერის ჯგუფს“, წერს, რომ „პრიგოჟინმა მართლაც ჩახლართული კომპანიების უზარმაზარი ქოლგა შექმნა, რომელთა უმეტესობაც Concord Catering-ს უკავშირდება“. ასევე, ჩახლართული და ბუნდოვანია პრიგოჟინის იურიდიული კავშირი ამ კომპანიასთან, რასაც თავად პუტინიც უწყობს ხელს, როცა აცხადებს, რომ „პრიგოჟინს საკუთარ მეგობრად არ თვლის“.

სახელი „ვაგნერი“, თავდაპირველად, 2014 წელს გაჩნდა, როცა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. მას შემდეგ „ვაგნერის“ დაქირავებულები იბრძოდნენ და სასტიკ დანაშაულებებს სჩადიოდნენ სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ივნისში, „როსრეესტრმა“ პირველად გაავრცელა ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის ქონების შესახებ. საუბარია მის ქონებაზე გელენჯიკთან, პუტინის სასახლის მახლობლად მდებარე უძრავ ქონებაზე, რომლის მშენებლობისთვის, წითელ წიგნში შეტანილი ხეები გაჩეხეს, ხოლო ეკოლოგები ავტომატებით დაარბიეს. მიწის ფართობი, დაახლოებით, 39 000 კვადრატული მეტრია და შავი ზღვის თვალწარმტაც სანაპიროზე, პრასკოვეევკაში, პუტინის სასახლიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. გრანდიოზული მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, მანამდე კი იქ მხოლოდ ტყე იყო. სატელიტურ სურათებზე ეს ფართობი ამჟამად მდიდრულ საკუთრებად გამოიყურება, სადაც რამდენიმე დიდი შენობა, მანქანები და საცურაო აუზები ჩანს. ჯერ კიდევ 2016 წელს, რუსული მედია წერდა, რომ ფართობი კომპანია Turstatus-ს ეკუთვნოდა, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც „პუტინის მზარეულის“ ცოლი, ლიუბოვ პრიგოჟინა იყო, ხოლო სოციალურ ქსელებში, პრიგოჟინის ბავშვებმა ფოტოები ამ ადგილის ჰეშთეგებით გამოაქვეყნეს.

და მაინც, რა ქონებას ფლობს „პუტინის ნზარეული. რუსულ წყაროებზე, კერძოდ, გამოცემა „ბიზნეს პეტერბურგზე“ დაყრდნობით ირკვევა, რომ ევგენი პრიგოჟინის ფინანსური მდგომარეობა 11 მილიარდ რუსულ რუბლად ანუ 186 572 462 აშშ დოლარადაა შეფასებული. 2016 წელს გამოქვეყნებული მასალებით ვიგებთ, რომ ბიზნესმენს 37.4 მეტრის სიგრძის იახტა - ST VITAMIN ეკუთვნის, რომლის ინტერიერი „ვერსაჩეს“ სტილშია შესრულებული. გემი პრიგოჟინმა 2014 წელს, 5 მილიონ ევროდ შეიძინა. პრიგოჟინი ფლობს თვითმფრინავ Raytheon HAWKER 800 XP C/N 25 8512-ს, რომლის ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პრიგოჟინის ოჯახი ძვირადღირებული უამრავი ქონების მფლობელია. Concord-მა, რომელიც მაშინ ევგენი პრიგოჟინის დედის, ვიოლეტა კიროვნას სახელზე იყო გაფორმებული, სანკტ-პეტერბურგში, ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი - „ჩრდილოეთ ვერსალი“ ააშენა. კომპლექსი 45 სახლისგან შედგება. დასახლება „ჩრდილოეთ ვერსალში“, პრიგოჟინისა და მისი ქალიშვილის კუთვნილ სახლებს ორი ნაკვეთი უკავია, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 600 მილიონი რუსული რუბლია (10 184 676 აშშბდოლარი). პროექტ „ჩრდილოეთ ვერსალის“ გარდა, Concord-მა 490 ბინისა და 60 კოტეჯისგან შემდგარი კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა. 2002 წელს, ევგენი პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგში საბიუჯეტო სწრაფი კვების ქსელ Donalt’s-ის მფლობელი გახდა.

მიმიდნარე წლის 28 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პროგრამა RFJ-ის („ჯილდო სამართლიანობისათვის“) ფარგლებში, განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ინფორმაციას ინტერნეტკვლევის კომპანია Internet Reasarch Agency (IRA) ეძებს, რომელიც ევგენი პრიგოჟინს, მასთან დაკავშირებულ 12 კერძო და 9 იურიდიულ პირს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ინფორმაციისათვის 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ Internet Research Agency-ისა და სხვა კომპანიების საშუალებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშშ-ში, ევგენი პრიგოჟინი ე.წ. „ტროლების ფაბრიკას“ მართავდა, რათა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინა.

 ავტორი-მაკა რუხაძე