რა ქონებას ფლობს სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გირგვლიანის საქმისა და სულხან მოლაშვილის მოსამართლე აშშ-მა დაასანქცირა. თუმცა, ლევან მურუსიძე ერთადერთი არაა, რომელსაც აშშ-ის მკაცრი ხელი შეეხო. 5 აპრილს, აშშ-ის გადაწყვეტილებით, სანქციები დაეკისრა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც ყოფილი მოსამართლეა. სხვათა შორის, სანქციები მოსამართლეების ოჯახების წევრებსაც ეხება. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იმ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში“. სანქცირებული მოსამართლეები აშშ-ის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ქმედებას არ ჰგავს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები სანქცირებულები არიან. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ ლევან მურუსიძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

მურუსიძის ბიოგრაფია

ვიდრე სანქცირებული მოსამართლის დეკლარაციას გაგაცნობთ, თვალი მის ბიოგრაფიას გადავავლოთ. 1998 წელს, ლევან მურუსიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2004 წლებში, თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა; 2004-2005 წლებში - გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე იყო; 2005 წელს  -თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახლდათ; 2006-2015 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა; 2013 წლის 9 ივნისს - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2013 წლის 16 ივნისს - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება 2007 წლის ივლისში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სასჯელის შემცირება. სხვათა შორის, ევროსასამართლოს მოსამართლეებმა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ „გაოგნებულნი არიან იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის, სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

გარდა ამისა, ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება 2005 წლის დეკემბერში, ე.წ „ოთხი მეამბოხე მოსამართლის“ უზენაესი სასამართლოდან დათხოვნის საქმე და 2006 წლის ივნისში, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმე.

2016 წლის იანვრიდან, სულხან მოლაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

 

სკანდალური მოსამართლის ქონება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო დააკისრა. მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ლევან მურუსიძის განცხადებით, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობა. მურუსიძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება რეალურად, სასამართლო სისტემასთან მიმართებაში. სანქცირებული მოსამართლის განცხადებით, ეს არის პირდაპირ თავდასხმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე:

„საუბარია მოსამართლეებისთვის მესიჯის გაგზავნაზე, რომ თუ არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის ელჩისთვის, საელჩოსთვისაა მისაღები, ბუნებრივია, მათი მხრიდან იქნება განხორციელებული ამგვარი ზეწოლა. ამის აშკარა და მკვეთრი მაგალითია ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა - როდესაც მთლიანად საელჩოს წარმომადგენლები და, ზოგადად, მათ დაქვემდებარებაში მყოფი არასამთავრობო სექტორი, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელთაც, მიმაჩნია, რომ საერთოდ არ აქვთ დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი, იყურებიან საელჩოსკენ. მათ განაცხადეს მოცემულ საქმეზე ისე, რომ დაწერილი არ იყო, წაკითხულიც არ ჰქონდათ, რომ ეს კანონი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილება ჯერ არ იყო დაწერილი და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ დაქვემდებარებაში მყოფმა არასამთავრობო სექტორმა, პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი იყო „უკანონო და დაუსაბუთებელი“, რაც პრობლემაა. შემდეგ, ამას მოჰყვა ის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში, შემდგომ უარი უთხრეს აშშ-ში წაყვანაზე. რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, მითხარით. გვარამიას საქმეზე, პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატი გამოდიოდა, იურისტი იყო და ამბობდა, რაშიც ნიკა გვარამიას დასდეს მსჯავრი, რომ მივყვეთ, ყველა დეპუტატი პასუხისგებაშია მისაცემიო. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იმ თემაზე, რაზეც იყო მოცემული საქმე. რომ ვუსმენდი პროკურორს, რომელიც გამოდიოდა ტელევიზიით, აბსოლუტურად სხვა ბრალდებაზეა საუბარი და სხვა ბრალდებასთან დაკავშირებით საუბრობენ შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მურუსიძემ.

სულ ბოლოს, ლევან მურუსიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ივნისს შეავსო. დეკლარციის მიხედვით, სანქცირებული მოსამართლე ფლობს 100 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2009 წელს, 40 000 აშშ დოლარად შეიძინა. მურუსიძის საკუთრებაშია 5 000 აშშ დოლარად შეძენილი ავტოფარეხიც. გარდა ამისა, ფლობს 1 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 2017 წელს, 10 500 აშშ დოლარი გადაუხდია. მურუსიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, რომელიც 2020 წელს, 102 420 ლარად შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე, ლევან მურუსიძეს 1 621 ლარი ერიცხებოდა, ხელფასიდან დანაზოგის სახით კი 6 000 აშშ დოლარი ჰქონია. 2021 წლის განმავლობაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანამდებობაზე, სახელფასო სარგოს სახით, ლევან მურუსიძეს 72 681 ლარი აუღია.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს ჰქონდა ორი სესხი, რომლის ოდენობაც დეკლარაციაში მითითებულია რ არის, თუმცა ცნობილია ამ სესხების გასავალი. ერთი სესხის შემთხვევაში გასავალი - 10 000 აშშ დოლარი, მეორე სესხის შემთხვევაში - 2 2287 აშშ დოლარი გახლავთ.

 

 

 ავტორი-მაკა რუხაძე