რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა - სამინისტრო ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონს არღვევს?!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეამოწმა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ფინანსური აუდიტის შედეგად, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა დაასკვნეს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

ხარვეზები შრომის ანაზღაურებასა და შემოსავლებში

ზოგადად, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასაქმებულთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტია, რომელიც მოიცავს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ერთ შემთხვევაში, თანამშრომლის სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, 2021 წლის მაისსა და სექტემბერში, სამუშაო დროის აღრიცხვის მონაცემებით, მასზე ფიქსირდებოდა ნამუშევარი საათები და ხორციელდებოდა ხელფასის დარიცხვა. აღსანიშნავია, რომ ფაქტი გამოვლენილია „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ინსპექტირების სამსახურის მიერ.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სააგენტოების მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის მიმართულებით არსებული ხარვეზები, შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისას, არსებული კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

„გარდა ამისა, სსიპეროვნული სატყეო სააგენტო, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო, ტყის ფონდის ნაწილს სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადასცემს კავშირგაბმულობის კომპანიებს. 2020-2021 წლებში, მოიჯარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა. აღნიშნული ხელშეკრულებების ვადები არ გაგრძელებულა და არ ახალი ხელშეკრულებები გაფორმებულა მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეები სარგებლობენ აღნიშნული ქონებით და სააგენტო იღებს შემოსავალს იჯარიდან. აქედან გამომდინარე, მოიჯარეები ხელშეკრულების გარეშე სარგებლობენ სააგენტოს მიწის ნაკვეთებით, სააგენტო კი კარგავს კონტროლის ბერკეტს იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ გადაიხდის იჯარის თანხას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიზური პროცედურების შედეგად, ერთჯერადად, ავტომანქანების ავზის მოცულობასთან შედარებით მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები გამოვლინდა, რაც ზრდის საწვავის არამიზნობრივად გამოყენების რისკებს.

„არადა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა“ და სსიპსურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ავზის მოცულობასთან შედარებით მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტები გამოწვეულია დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით სამუშაოს შესრულების დროს, სამუშაო ტერიტორიაზე სპეციალური ავზებით საწვავის გარკვეული რაოდენობის გადატანით. ა ორგანიზაციების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება საწვავის არამიზანობრივად გამოყენების რისკის შესამცირებლად. გარდა ამისა, სამინისტროში ფიქსირდება შვებულებაში ყოფნის პერიოდში განპიროვნებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შიდა აუდიტისა და კონტროლის დეპარტამენტის კონტროლის სამსახურმა, 2022 წელს გამოავლინა საწვავის ხარჯვისას სხვადასხვა სახის გადაცდომა, მათ შორის, ავტომანქანების ავზის მოცულობის ზემოთ ჩასხმების ფაქტები, რაზეც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანების თანახმად, 2021 წელს, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ სტრუქტურული ერთეული - „ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი“ გადავიდა სამინისტროს აპარატის შემადგენლობაში.

„აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 2 105 456 ლარის ოდენობის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის განკუთვნილი არამატერიალური აქტივები და მათზე წლის განმავლობაში დარიცხული 445 655 ლარის ოდენობის ამორტიზაციის ხარჯი, რადგან ცენტრს 2021 წელს, სამინისტროს აპარატისთვის არ გადაუცია აღნიშნული აქტივები. ეს საკითხი გავლენას არ ახდენს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მონაცემების სისწორეზე. შედეგად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და სამინისტროს აპარატის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების „არამატერიალური აქტივების“ და „ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯების“ ანგარიშები, შესაბამისად, 2 105 456 ლარით და 445 655 ლარით, არასწორადაა წარმოდგენილი.

 

ხარვეზები ინვესტიციებსა და ვალდებულებებში

აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, აქტივი არის რესურსი, რომელსაც ორგანიზაცია აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და მომავალში მოელის  ეკონომიკური სარგებლის, ან მომსახურების პოტენციალის მიღებას. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიისთვის“ გაცემული სესხები, ჯამური ღირებულებით - 3 600 000 ლარი.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პირობები რამდენჯერმე შეიცვალა და სესხის ძირის დაბრუნება და პროცენტის გადახდა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. აღსანიშნავია, რომ შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიას“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ გადაუხდია ძირისა და პროცენტის თანხები და ამავდროულად, 2020 და 2021 წლები ფინანსური ზარალით დაასრულა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული სესხის მიღების ალბათობა მცირე იყოს და არ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის ბოლოს ასახულია 5 509 985 ლარის ოდენობის 1996-2009 წლებში წარმოშობილი და ლიკვიდირებული ორგანიზაციების ბალანსებიდან გადმოსული ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანებები, მათ შორის, გაუცემელი შრომის ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ბიუჯეტის წინაშე დარიცხული 5 272 247 ლარის ოდენობის ვალდებულებები. 5 272 247 ლარიდან, 3 458 354 ლარი - ყოფილი გარემოს დაცვის სამინისტროს ვალდებულებაა, რომელზეც პირველადი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ვერ წარუდგინეს.

„აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ააიპსოფლის განვითარების სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, არ არის ასახული სააგენტოს წინააღმდეგ 2 653 504 ლარის ოდენობაზე მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია, ასევე, არ არის შეფასებული დავების სოფლის განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დასრულების ალბათობა. ეს სასამართლო დავები, სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, ბენეფიციარების ან საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწყებულ დავებს მოიცავს. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ვალდებულებებსა და პირობითი ვალდებულებებში აღრიცხული თანხების სისწორეზე.

მეტიც, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 115 224 ლარის ოდენობის მიმდინარე სასამართლო დავები აღრიცხული აქვს, როგორც პირობითი აქტივების, ასევე, პირობითი ვალდებულებების ანგარიშზე. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, პირობითი აქტივების/ვალდებულებების თანხა გაზრდილია 115 224 ლარით. 

ხარვეზები ძირითად და არამატერიალურ აქტივებში

აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, არამატერიალური აქტივი უნდა აღიარდეს მაშინ, თუ შესაძლებელია აქტივზე მიკუთვნებადი მომავალი ეკონომიკური სარგებლის, ან მომსახურების პოტენციალის ერთეულში შემოსვლა და შესაძლებელია აქტივის თვითღირებულების, ან სამართლიანი ღირებულების საიმედოდ შეფასება. ამასთან, ორგანიზაციამ შიდა წარმოების არამატერიალური აქტივი უნდა აღიაროს აქტივად, თუ ერთეულს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეუძლია აქტივის დასრულება და აქვს მისი გამოყენების/გაყიდვის შესაძლებლობა, განზრახვა და/ან უნარი.

„სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურული ერთეული, სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა დანიშნულების პროგრამულ უზრუნველყოფას, საიტს და უზრუნველყოფს არსებულ პროგრამებში მოდულების ჩაშენებას. 2021 წელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შიდა რესურსებით შეიმუშავა შვიდი პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც სარგებლობენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, თუმცა სამინისტროს 14 სტრუქტურული ერთეულიდან, აღნიშნული არამატერიალური აქტივები, არც ერთს არ აქვს ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში; ასევე, არ არის ასახული არსებულ პროგრამებში ახალი მოდულების ჩაშენება, რაც აქტივის არსებით გაუმჯობესებაზე მიუთითებს“.

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული, თუ რა დანახარჯები გასწიეს სწორედ ამ პროგრამების შემუშავებისას, რის გამოც ვერ დგინდება მათი ღირებულება და ფინანსურ ანგარიშგებაშიც ვერ აისახება. შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მიიღეს დამადასტურებელი ფაქტები, რამდენად სწორადაა თანხები ასახული 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „არამატერიალური აქტივების“ მუხლში.

ავტორი: მაკა რუხაძე