რითი განსხვავდება ელიტური პური რიგითი მოკვდავთათვის განკუთვნილი პურისგან

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ელიტური პური გაძვირდება, - განაცხადა „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ. ამ განცხადებას საზოგადოების, როგორც ელიტური, ასევე, არაელიტური ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ხალხმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს ელიტური პური, რომელიც უნდა გაძვირდეს - რამე განსხვავებული პურია, განსაკუთრებულად აცხობენ, თუ ეს ის პურია, რომელიც კორონავირუსს ამარცხებს?! არც ერთი, არც მეორე და მით უმეტეს, არც მესამე - ელიტურია პური, რომელსაც ყოველდღიურად არ მოვიხმართ, კერძოდ: თონის პური, გერმანული, ავსტრიული და ლიტვური. 

„ვერსიასთამ“ საუბრისას ლევან სილაგავამ განმარტა, რომ ელიტური ანუ საგემოვნო პური გაძვირდება. ეს იმიტომ, რომ იგივე თონის პურს, ადამიანები ყოველდღიურად არ მოიხმარენ. იმის გამო, რომ დღეს, 1 ტომარა ფქვილის საბაზრო ფასი 63 ლარიდან იწყება, თონეებსა და სხვადასხვა საცხობებს საკუთარი პროდუქცია გაუძვირდებათ. შესაბამისად, თონის პურის, გერმანული, ავსტრიული და ლიტვური პურის, ასევე ტორტებისა და ნამცხვრების ფასი მოიმატებს. 

„ამ პროდუქციის მწარმოებლებს ფქვილი ჩვეულებრივი, საბაზრო ფასით მიეწოდება ანუ იმ ფასად, რაც დღეს მოქმედებს _ 1 ტომარა ფქვილი 63 ლარი და ზემოთ. შესაბამისად, თავის კალკულაციაში, საცხობებს ამ ტიპის პროდუქცია უძვირდებათ. თუმცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყიველდღიური მოხმარების პური არ გაძვირებულიყო, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ანუ საგემოვნო პურს, სტატისტიკურად გამოთვლილია, რომ იგივე პურის თონს, ადამიანები თვეში 5-ჯერ ან 6-ჯერ მოიხმარენ ანუ ყოველდღიურად არ ყიდულობენ. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ თონის პური სარიტუალო სახეობისაა, რაც ნიშნავს, რომ ამ პურს სხვადასხვა რიტუალის და დღეობების დროს მოიხმარენ“.  

სამაგიეროდ, მომდევნო ოთხი თვის მანძილზე, არ გაძვირდება პური, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, რაც პურის ფასის სტაბილიზაციას გულისხმობს. სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.

„სახელმწიფო სუბსიდირების ოთხთვიანი პროგრამის მიხედვით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ, 53 ლარად მიეწოდება პურის იმ 50-მდე ქარხანას, რომელიც ფართო მოხმარების პურს აცხობს. ვგულისხმობ ყოველდღიური მოხმარების პურს, რასაც ადამიანები ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რეჟიმში ყიდულობენ სუპერმარკეტებსა და სხვადასხვა მაღაზიებში. ამგვარი პურის ფასი დღეს, 80-90 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ესენია „ბატონის“, „ქვის“ პური და ასე შემდეგ. ეს პროგრამა მოქმედებს იმიტომ, რომ პური, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ, არ გაძვირდეს“.

ლევან სილაგავამ „ვერსიას“ აუხსნა, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, თვეში, საშუალოდ, 10 000 ტონა ფქვილი დასუბსიდირდება. მისივე თქმით, ესაა საშუალო სტატისტიკური რაოდება, რაც ამ სახეობის პურის გამოსაცხობად, ყოველთვიურად სჭირდებათ პურის ქარხნებს.  

„სახელმწიფო პროგრამის მიზანია, რომ ოთხი თვის განმავლობაში, ყოველდღიური მოხმარების პურზე შენარჩუნდეს ის ფასი, რაც 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობის იყო, მათ შორის, პურის ქარხნებსა და მაღაზიებში. ამ პროგრამის მონიტორინგი და კონტროლი ევალება ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს, რათა 53 ლარად მიღებული ფქვილისგან, პურის ქარხნებმა გამოაცხონ პური და მიაწოდონ სავაჭრო ობიექტებს იმ ფასად, რაც 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ფიქსირდებოდა. მეორე მხრივ, სავაჭრო ობიექტებიც გაკონტროლდება, რათა პურის სარეალიზაციო ფასი არ გააძვირონ და მიაწოდონ მოსახლეობას იმ ფასად, რაც 2020 წლის 1 დეკემბერს იყო“.

ლევან სილაგავამ „ვერსიას“ განუმარტა, რომ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო 1 ტომარა ფქვილს 10 ლარით ასუბსიდირებს. წისქვილკომბინატები, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, ტენდერის საშუალებით გამოვლინდნენ. მისი თქმით, სახელმწიფო ტენდერი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართა და მასში 8 წისქვილკომბინატმა გაიმარჯვა. სწორედ ტენდერში გამარჯვებული წისქვილკომბინატების ვალდებულებაა, რომ 1 ტომარა ფქვილი 53 ლარად მიაწოდონ იმ პურის ქარხნებს, რომლებიც პურის მრეწველთა კავშირმა, სპეციალური სიით დაამტკიცა. სხვათა შორის, ეს სიაც სატენდერო პირობებზეა მიბმული. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ფქვილი, სწორედ ამ სიაში აღრიცხულ მწარმოებელს უნდა მიეწოდოს. ლევან სილაგავას განმარტებით, ეს იყო პირველი ტენდერი, რომელიც ოთხთვიანი პროგრამის პირველი ორი თვის მომსახურებას მოიცავდა, მეორე ტენდერი თებერვალში ჩატარდება და მომდევნო ორ თვეს მოიცავს.

რაც შეეხება ხორბალს, ლევან სილაგავამ „ვერსიას“ განუცხადა, რომ საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ არის. მეტიც, აშშ-ს პროგრამა „კერძო სექტორი პარტნიორობისთვის“ ფარგლებში, ქვეყანაში 30 000 ტონა ხორბალი შემოვა, თუმცა ნაწილი უკვე შემოვიდა. უფრო ზუსტად, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში Ocean Grand-ის გემით, 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა. ესაა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ნაწილი.

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი, სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვეში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას, ინვესტიციის სახით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთან, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში.

 

მაია მიშელაძე