რა გაძვირდა და რა გაიაფდა 2022 წლის მაისში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ელექტროენერგიის იმპორტი გაძვირდა, 1 ივლისიდან კი ბიზნესს გაზიც გაუძვირდება

უკვე ცნობილია, რომ ელექტროენერგიის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა. 1 ივლისიდან კი მცირე და საშუალო ბიზნესს გაზის მიწოდებაც გაუძვირდება. საბოლოოდ, ყველაფერ ამას, სხვადასხვა სახის პროდუქტის - კვების, მრეწველობის... გაძვირება მოჰყვება, რაც მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. არადა, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის - „საქსტატის“ ბოლო კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში, საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 13.3%-ზე დაფიქსირდა, რის გამოც, მთელი რიგი პროდუქტები გაძვირდა. თუმცა ცალკეული პროდუქტები გაიაფდა კიდეც.

რა გაძვირდა და რა გაიაფდა მაისში

არც მეტი და არც ნაკლები - გაძვირდა კომბოსტო, თანაც „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო ეს პროდუქტი 297.4%-ით გაძვირდა. კომბოსტოსთან ერთად, მაისში გაძვირდა კიტრიც - 110.3%-ით; ყურძენი - 72.4%-ით; ქლიავი - 69.6%-ით; კარტოფილი - 67.3%-ით; მარგარინი - 58.2%-ით; სიმინდის ფქვილი - 56.4%-ით; ბადრიჯანი - 52.9 %-ით; წიწაკა - 48.1%-ით და დიზელის საწვავი - 49.4%-ით.

როგორც გითხარით, მიმდინარე წლის მაისში, გარკვეული პროდუქტები გაიაფდა კიდეც. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ყველაზე მეტად გაიაფდა ლიმონი - 19.8%-ით; ქალის ქვედაბოლო - 20.6%-ით; მამაკაცის შარვალი - 17.2%-ით; კომპიუტერი - 11.7%-ით; მამაკაცის ფეხსაცმელი - 11.6%-ით; ახალი მსუბუქი ავტომობილი - 10.2%-ით; ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - 9.9%-ით; ქალის საზაფხულო კაბა - 9.1%-ით; მობილური ტელეფონი - 8.3%-ით.

„უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისში, ხილ და ყურძენ, პურ, თევზეულ, ზეთ, მინერალურ წყლებ და უალკოჰოლო სასმელებ გაძვირდა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი - ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2%-იანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე“, - ვკითხულობთ „საქსტატის“ კვლევაში.

უწყების ცნობით, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 20.6%; საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 0.3%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი - 13.0%; პური და პურპროდუქტები - 4.8%; თევზეული - 1.8%; ზეთი და ცხიმი - 1.6%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.2%.

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე - 4.5%-ით; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია, როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე - 2.0%-ით, ასევე, თამბაქოს ნაწარმზე - 0.3%-ით.

როგორც აღვნიშნეთ, მაისში ლიმონი 19.8%-ით გაიაფდა. ლიმონთან ერთად, ფასები შემცირდა კივზე - 4.4%-ით; ბანანზე - 2%-ით და ფორთოხალზე - 0.5%-ით.

 

ელექტროენერგიის იმპორტი გაძვირდა, გაზიც გაძვირდება

სხვადასხვა სახის პროდუქტების გარდა, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიც გაძვირდა. კერძოდ, თუ შარშან, აპრილში, ქვეყანამ ერთი კვტ/სთ დენი, საშუალოდ, 6 ცენტად იყიდა, წელს - გადახდილი თანხის მოცულობამ 7 ცენტი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში, საქართველომ აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში, ჯამში, 259.600 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, აქედან, თურქეთში - 50.065 მილიონი კვტ/სთ, აზერბაიჯანში - 36.153 მილიონი კვტ/სთ. რაც შეეხება რუსეთს, შარშან აპრილში, საქართველოში ჩრდილოეთიდან 173.382 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 170.643 მილიონი კვტ/სთ, ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. აფხაზეთისთვის იმპორტის თანხას საქართველო არ იხდის. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას რუსული დენის მხოლოდ მცირე ნაწილი - 2.739 მილიონი კვტ/სთ მოხმარდა. საბოლოო ჯამში, შარშან აპრილში, საქართველომ 88.957 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც 4.397 მილიონი დოლარი დაიჯდა, კილოვატის საშუალო ღირებულება - 5 ცენტი იყო“, - ნათქვამია ესკო-ს განცხადებაში.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილს, უწყების ცნობით, წელს, იმპორტირებულ იქნა 70.611 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, ჯამში - 4.275 მილიონი დოლარის ღირებულების, საშუალო ფასით - 6 ცენტი. შესყიდული ელექტროენერგიის უდიდესი წილი მოვიდა რუსეთზე, კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველომ რუსეთში იყიდა 69.803 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 4.217 მილიონი დოლარი დაუჯდა, ერთი კილოვატის საშუალო ფასით - 6 ცენტი. აზერბაიჯანში შესყიდულ 0.808 მილიონ კვტ/სთ-ში, სახელმწიფომ 56.5 ათასი დოლარი გადაიხადა, ერთი კილოვატი - საშუალოდ, 7 ცენტად. აღსანიშნავია, რომ წელს აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მოხმარდა და აფხაზეთს არ მიწოდებია.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ყოველწლიურად, საშუალოდ, 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები არიან მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

2022 წლის 1 ივლისიდან, რეგიონებსა და თბილისში, გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - ბიზნესისთვისაც იზრდება. შედეგად, გაზის ტარიფი 20 000-მდე ბიზნესს გაუძვირდება.

2022 წლის 1 ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის - 1.35 ლარი, ხოლო რეგიონებში - 1.38 ლარი გახდება.