თბილისის მერია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 81 მილიონს დახარჯავს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროგრამები, რომლებიც მომავალი წლიდან დაფინანსდება

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა უკვე დაამტკიცა. უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2022 წელს, 27 პროგრამას განახორციელებს. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ ჩამონათვალში შედის ისეთი პროგრამები, რომლებიც ხორციელდება  და რომელთა ადმინისტრირებაც მომდევნო წლებში იგეგმება. თუმცა, არ არის გამორიცხული, არსებულ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს ახალი პროგრამები. „ყოველთვის გვიხარია, როდესაც მუნიციპალური ბიუჯეტი თბილისელების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის ახალი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“, - განუცხადეს „ვერსიას“ თბილისის მერიაში.

 

ჯანდაცვის პროგრამები

თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად, საქალაქო სამსახურის პროგრამებისთვის, მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 81 000 000 ლარი გამოიყოფა. „ვერსიას“ დედაქალაქის მერიაში აუხსნეს, რომ 2021 წელთან შედარებით, ეს 15 500 000 ლარით მეტია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო დაპირებისამებრ, მომდევნო წლებში, თბილისის მოსახლეობისთვის, საქალაქო სამსახურის მიერ, შვიდი ახალი მიმართულებისა და პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი.

კერძოდ, 2022 წლიდან, შემდეგი პროგრამები ეტაპობრივად განხორციელდება: მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი სოციალურად დაუცველი ასაკით პენსიონერებისთვის; სამედიცინო საჭიროებების დაფინანსება; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების  დაფინანსება; ძვლის ტვინისდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

რაც შეეხება ძვლის ტვინის გადანერგვას და მასთან დაკავშირებულ კვლევებს, ერთი მოქალაქე მერიისგან 10 ათასი ლარიდან, 235 ათას ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. როგორც „ვერსიას“ მერიაში განუმარტეს, ეს პროგრამა ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პირთა მკურნალობას და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვის დაფინანსებას ემსახურება, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. ეს არის პროგრამა, რომელიც ათობით ბავშვისა და მოზრდილის სიცოცხლის გახანგრძლივება-გადარჩენის ერთგვარი იმედია და რომელიც მათ ოჯახებს დიდ ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებს; ხოლო ღვიძლის გადანერგვას მერია 70 ათასი ლარით დააფინანსებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დაავადებათა სკრინინგი - ამ პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევები.

დაგეგმილია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის განხორციელების ორგანიზებული მოდელის დანერგვა. იგეგმება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტის გაფართოება, კერძოდ, HPV ტესტირება, რაც გულისხმობს კვლევის უფრო თანამედროვე და მაღალ ხარისხს.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია (ინდივიდუალური განვითარება, - ავტ.) - პროგრამის ფარგლებში, 1 375 ბავშვსა და მოზარდს შესაბამისი თერაპიული კურსები უწყვეტ რეჟიმში უფინანსდება.

ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - ფინანსდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება - ფინანსდება კრიზისული ჩარევა ბავშვებსა და მოზარდებში და აქტიური ფსიქიატრიული მკურნალობა 18 წლის ზემოთ პირებში.

გარდა ამისა, მერია ახორციელებს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიურ კონტროლს; აფინანსებს სახსრების ენდოპროთეზირებას; ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების ხელმისაწვდომობისა და სწორი დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსდებს ექოსკოპიის, მრტ და ლაბორატორიული კვლევები.

 

სოციალური პროგრამები

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არაერთი პროგრამა აქვს შემუშავებული, მათ შორის, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური დახმარების პროგრამები. სოციალურად დაუცველი ოჯახების არასრულწლოვანი წევრებისთვის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს სწავლების პროგრამებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე

სოციალურად დაუცველი ოჯახები, პირველ და მეორე ახალშობილზე, ერთჯერადად 500-ლარიან დახმარებას იღებენ; მესამე შვილზე, მათი დახმარება 800 ლარს; მეოთხე შვილზე - 1 000 ლარს; ხოლო მეხუთე და შემდეგ შვილზე - 1 500 ლარს შეადგენს. ამ თანხას, სოციალურად დაუცველი მრვალშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვზე, უკვე ყოველთვიური 50-ლარიანი ფინანსური დახმარება ემატება.

100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით, ხანდაზმულებს, რომელთაც 100 და მეტი წელი უსრულდებათ, თბილისის მერიისგან, ფინანსური დახმარების სახით, 1 000 ლარი ერიცხებათ.

შინმოვლის  თანადაფინანსების პროგრამა - ეს პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ პირთა შინმოვლის მომსახურების თანაგადახდას. მერია ამ კუთხით თანამშრომლობს   ორგანიზაციებთან - „საქართველოს კარიტასი“, „საქართველოს წითელი ჯვარი“, „ერთად მოყვასისათვის“ და „დიაკვნის ევანგელურ-ლუთერული საზოგადოება“. თბილისის მერიაში „ვერსიას“ აუხსნეს, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, კვირაში რამდენჯერმე მიდიან თანადგომის საჭიროების მქონე პირებთან და მათ სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარებას უწევენ.

ვეტერანთა დახმარების პროგრამა - ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ამ ომში დაღუპულთა ოჯახები, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებენ.

კომუნალური სუბსიდირების პროგრამა - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თბილისში, 200 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისთვის/აბონენტებისთვის, ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელზე სუბსიდია ირიცხება, რაც ჯამურად, ერთ აბონენტზე 100-დან 530 ლარამდეა.

თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა - თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდრულად, 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. თავშესაფრით, დღე-ღამეში, საშუალოდ, 110 პირი სარგებლობს. ზამთრის სეზონზე, მობინადრეთა რიცხვი მატულობს და პიკურ პერიოდში, 170-მდე იზრდება.

მერიაში გვიხსნიან, რომ თავშესაფრის მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, ასევე, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით. მეტიც, 24-საათიან რეჟიმში, ისინი პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებსაც იღებენ. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით, ისინი უზრუნველყოფილნი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით. გარდა ამისა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისა და პროფესიული უნარების გამოსამუშავებლად, ასევე, სამომავლოდ თვითდასაქმებისთვის, მათთვის სისტემატურად ტარდება ტრენინგები და ART-თერაპიის გაკვეთილები.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა - მომავალი წლიდან, ეტაპობრივად დაიწყება სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მერიამ უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა.

შშმ პირების დახმარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია - თბილისის სოციალურ პოლიტიკაში, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით, დედაქალაქის საქალაქო სამსახური ახორციელებს სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა 900-ლარიანი დახმარების პროგრამას (დახმარება სამჯერადად, მაისი-აგვისტო-დეკემბერში, 300-300-300 ლარის ოდენობით გაიცემა); სოციალურად დაუცველი, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამას (დახმარება ორჯერადად - მაისსა და დეკემბერში, 400-400 ლარის ოდენობით გაიცემა).

შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა - 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე, საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, თბილისის მერია 800 ლარის ღირებულების საკურორტო ვაუჩერს გასცემს.

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა - თბილისის მერია აფინანსებს, როგორც შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობით წარდგენილ განცხადება/პროექტებს, ისე შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, უსინათლოთა პირადი ასისტენტით (გამცილებლით) მომსახურების პროექტს; დღის ცენტრების თანადაფინანსების პროექტს; ხის საწარმოს მხარდაჭერის პროექტს; სუდო თარჯიმნების მომსახურებისა და სუდო თარჯიმნების გადამზადების პროექტებს. ინდივიდუალურ საჭიროებებს შორის, ფინანსდება შშმ პირთა კოხლეარული იმპლანტი, სმენის აპარატი, კიდურების პროთეზები და ორთეზები.

მერიაში „ვერსიას“ აუხსნეს, რომ მომავალში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა განხორციელდება.