არსებობს თუ არა „ინტერ რაოსთან“ საიდუმლო ხელშეკრულება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰაერში გამოკიდებული 80 მილიონი დოლარი და სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების სკანდალური დეტალები

საქართველომ რუსულ „ინტერ რაოსთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსულ ენერგოგიგანტს 80.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადავუხადოთ. საარბიტრაჟო დავა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ამ გადაწყვეტილებით არ დასრულდება. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. სწორედ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა საარბიტრაჟო სასამართლოს 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი და პროცესი კვლავ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.

 

რას ედავება „ინტერ რაო“ საქართველოს?

ვიდრე ხუთწლიანი დავის დეტალებს გაგაცნობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსული ენერგოგიგანტი „ინტერ რაო“, საქართველოში ფლობს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ აქციათა 75%-ს. სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციამდე“, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, „თელასის“ აქციათა 75%-ს ამერიკული „ეი ი ეს“-ი ფლობდა და კომპანიასაც „ეი ი ეს თელასი“ ერქვა. ასეა თუ ისე, „თელასი“ რუსული „ინტერ რაოს“ ერთადერთი აქტივი არაა საქართველოში - მასვე ეკუთვნის  100%-იანი წილი „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ში. სხვათა შორის, „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს, რუსული „ინტერ რაო“ ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V-ის საშუალებით ფლობს, „იტერ რაოს“ საკუთრებაშია ჰოლანდიაში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია Silk Road Holdings B.V.

2017 წელს, რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ინტერ რაოს“ ჰოლანდიური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, ეროვნული ვალუტა - ლარის გაუფასურების გამო, ქვეყნის ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვდნენ და ამ მიზნით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, „ინტერ რაომ“ ათეულობით მილიონი დოლარი იზარალა.

„Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში) არიან რეგისტრირებულნი, ფლობენ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ აქციათა 75 %-ს, ასევე, „ხრამჰესი 1“-ისა და „ხრამიჰესი 2“-ის 100%-იან წილებს და დაცულნი არიან სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებით, რომელიც ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის გაფორმდა. ამ და სხვა დოკუმენტების შესაბამისად, მაგალითად, ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს ხელისუფლებას, კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება ევალება. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შემოსავლების მოსალოდნელი დონე, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

ამგვარად, „თელასისთვის“, „ხრამჰესი 1“-ისა და „ხრამჰესი 2“-ისთვის დადგენილია ტარიფების განსაზღვრული დონე ელექტროენერგიაზე და მისი გადახედვის პორობებზე, რასაც თან ერთვის დოლართან მიმართებაში ქართული ლარის გაუფასურება. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურების მონაცემებით, ამ გარანტიების რეალიზება არ განახორციელა“, - წერდა სააგენტო „ტასი“, ჯერ კიდევ 2017 წელს.

ახლა ვნახოთ, რის გამო იზარალა „ინტერ რაომ“ და რატომ ითხოვდა ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას. 2014 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - სემეკი, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია შექმნა. სწორედ ამ მეთოდოლოგიაში არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო, დანაკარგის კომპენსაციის გარანტიები ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის ხარჯზე, რომლებიც ასახული იყო ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მემორანდუმში, რომლებსაც ხელი 2013 წელს მოეწერა.

„ტასის“ ინფორმაციით, 2016 წელს, „ინტერ რაოს“ ჰოლანდიაში დაფუძნებულმა კომპანიებმა, საქართველოს ხელისუფლებას, ტარიფების შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართეს, მაგრამ სემეკმა მათ ამ თხოვნას უარით უპასუხა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „ინტერ რაოს“ ჰოლანდიურმა კომპანიებმა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ თავდაპირველად, „ინტერ რაო“ 200 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციას ითხოვდა. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რუსული ენერგოგიგანტის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს, კომპენსაციის ოდენობად 80 500 000 აშშ დოლარი განისაზღვრა. როგორც სტატიის შესავალში აღვნიშნეთ, საქართველო თვლის, რომ 2014 წელს, დენის ტარიფები სწორად განისაზღვრა და შედეგად, საარბიტრაჟო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გასაჩივრდა. აქედან გამომდინარე, არაფერი დასრულებულა, ამ საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება.

 

აისახება თუ არა „ინტერ რაოს“ დავა დენის ტარიფზე?

ცალსახად, არა! ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს 23 ნოემბრის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფებზე არ აისახება!

ნათია თურნავას განცხადებით, „ინტერ რაოს“ სარჩელი, რომ დენის ტარიფი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა:

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც იგივეს ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის, არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“.

ნათია თურნავას თქმით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის - სემეკის მიერ, ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა.

მინისტრისვე შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავა ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა:

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები... წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, ეს იყო შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007 და 2011 წლებში, ამ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა და ეს მოცულობა, მათ შორის, „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

 

„გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო“

ზუსტად ამ ანდაზის პრინციპით მოქმედებენ ხელისუფლების ოპონენტები, როდესაც სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს 23 ნოემბრის გადაწყვეტილებას განიხილავენ. მეტიც, ხელს პირდაპირ თბილისის მერისკენ იშვერენ, რომელიც 2012 წლიდან, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახლდათ და აცხადებენ, რომ 2013 წელს, „ინტერ რაოსთან“ მემორანდუმი გაფორმდა, რასაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს და ამ მემორანდუმის განსაჯაროვებას ითხოვენ. ოპონენტების ამ ბრალდებას კახა კალაძემ აბსურდი და მათივე გამოგონილი ტყუილი უწოდა:

კომპანია „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე. საუბარი იმაზე, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, დენის ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი! ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე.

რაც შეეხება არსებულ დავას, კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფოს „ინტერ რაოსთან“ დავა არ წაუგია. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის მოთხოვნის ნაწილობრივი დადასტურებაა:

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ!“

რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც მისი მინისტრობის დროს, „ინტერ რაოსთან“ გაფორმდა და რომელსაც, თითქოს, გრიფით „საიდუმლო“ ადევს, კალაძემ განმარტა, რომ მისი მინისტროს, არავითარი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა:

„კახა კალაძეს არანაირი გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო გრიფით საიდუმლო“! შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს, სწორედ ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე უნდა დაიწყოს? „ინტერ რაო“ 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესეც ჯერ დასადგენია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია“.