გაძვირდება თუ არა 1 ივლისიდან დენი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომელი რაიონების მოსახლეობას მოუწევს გაზის გაზრდილი გადასახადის გადახდა

1 ივლისიდან გაზი გაძვირდა. „თბილისი ენერჯის“ შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - სემეკი, გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფებიც დააკორექტირა. „ვერსიას“ სემეკში განუცხადეს, რომ კორექტირებული ტარიფი 1 ივლისიდან შევა ძალაში და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 ივლისიდან, დენიც ძვირდება, თუმცა სემეკში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.  

 

28 ივნისს, სემეკში მორიგი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიამ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისთვის, მათ შორის, შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“, გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელა. როგორც „ვერსიას“ სემეკში განუმარტეს, გაზის ტარიფი მცირე კომპანიებისთვისაც იმავე საფუძვლით დაკორექტირდა, როგორც „თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში. უწყების ინფორმაციით, ეს არის შესყიდვის კომპონენტის ზრდა ლარის კურსიდან გამომდინარე, რის გამოც კომპანიების ზარალი გაიზარდა.  

ახლა ვნახოთ, თბილისის გარდა, კონკრეტულად რომელ აბონენტებს უძვირდება გაზი და საქართველოს რომელ რეგიონში. მაგალითად, შპს „გასკო +“ სენაკში ოპერირებს და 9 000 აბონენტს ემსახურება; „ვარკეთილაირი“ - თბილისში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, სადაც 16 000-მდე აბონენტს ემსახურება; სს „ენერგოკავშირიც“ თბილისში ოპერირებს, კერძოდ, გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში - 12 000-მდე აბონენტს ემსახურება.

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.35 თეთრია 1 კუბურ მეტრზე, რა თქმა უნდა, დღგ-ს ჩათვლით. 1 ივლისამდე მოქმედი ტარიფი 48.301 თეთრი იყო 1 კუბურ მეტრზე. 

შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრია 1 კუბურ მეტრზე, ხოლო 1 ივლისამდე მოქმედი ტარიფი - 48.677 თეთრი 1 კუბურ მეტრზე. 

სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი 1 კუბურ მეტრზე, 1 ივლისამდე მოქმედი ტარიფი - 49.443 თეთრი 1 კუბურ მეტრზე. 

როგორც „ვერსიას“ უწყებაში განუმარტეს, ბუნებრივი გაზის ტარიფების ცვლილების საფუძველია ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. 

უკვე ერთი თვეა, რაც გაზის ტარიფი „თბილისი ენერჯისაც“ დაუკორექტირეს. 1 ივნისიდან, დედაქალაქის მოსახლეობა 8 თეთრით გაძვირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარს. სემეკის გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 53.972 თეთრამდე დაკორექტირდა.

„ტარიფის კორექტირება განპირობებულია თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით“, - ასე განმარტეს უწყებაში, ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება.

ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირების მიზეზი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებების გამო, ბოლო წელიწადნახევარში დაფიქსირებული ზარალი გახლავთ, რომელიც „თბილისი ენერჯის“ მიადგა. საუბარია 25 მილიონი ლარის ზიანზე, რაც კომპანიას მიადგა. თავის დროზე, „თბილისი ენერჯიში“ განმარტეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია ბუნებრივი აირის შესაძენი ფასის ლარში დაფიქსირებას ითხოვდა, რაც კურსის ცვლილების შემთხვევაში, ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს მოსახლეობას და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებასაც რისკქვეშ არ დააყენებს.

 „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნით, მიმდინარე წლის 3 იანვარს, ბუნებრივი აირის ფასი 24 თეთრით - 1.1 ლარამდე გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვისაც. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი აირით დედაქალაქს 2019 წლის 3 მაისიდან ამარაგებს. კომპანია, დაახლოებით, 1 500 000 მოსახლესა და 18 000 კომერციულ აბონენტს ემსახურება.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 ივლისიდან, გაზის ტარიფის გარდა, დენიც ძვირდება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ინფორმაცია სემეკში არ დაგვიდასტურეს. მეტიც, უწყებაში ოფიციალურად განგვიმარტეს, რომ 1 ივლისიდან, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება! მეტიც, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება! სემეკში „ვერსიას“ აუხსნეს, რომ ინფორმაცია დენის გაძვირებასთან დაკავშირებით, ზოგოერთმა პოლიტიკოსმა მიზანმიმართულად გაავრცელა.

„ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს. ბოლო დღეებში, სემეკის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე, 1 ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები ტარიფებს არ უკავშირდება“, - განუცხადეს „ვერსიას“ უწყებაში.   

მაშ, ასე: 1 ივნისიდან, თბილისელებს გაზი 8 თეთრით გაგვიძვირდა, 1 ივლისიდან - თბილისის რამდენიმე უბანსა და სენაკის მოსახლეობას ბუნებრივი აირი 7-8 თეთრით გაუძვირდა, მაგრამ რაც შეეხება ელექტროენერგიას, შეგვიძლია, დავმშვიდდეთ - თბილისელებსა და რეგიონის მოსახლეობას დენის ტარიფი არ გაგვიძვირდება!

და კიდევ ერთი, მნიშნელოვანი ინფორმაცია - სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან!