ქართული ღვინის ექსპორტი, პანდემიის მიუხედავად, გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული ღვინო ისრაელსა და მონღოლეთში წელს პირველად გაიყიდა

პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. 2021 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი - 7%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში, 29 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია. იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო, მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა, „ვერსია“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ამგვარი სასიამოვნო მოულოდნელობა - არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური პრობლემების ფონზე, რამ გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა.

 

ექსპორტის ოფიციალური სტატისტიკა

თავდაპირველად, ქართული ღვინის ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1 841 192 ბოთლი), ჩინეთი - 19% (1 559 533 ბოთლი), ლიეტუვა - 71% (356 748 ბოთლი), აშშ - 2% (325 468 ბოთლი), ესტონეთი - 3% (228 592 ბოთლი), გერმანია - 1% (229 527 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 6% (157 932 ბოთლი).

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:  უკრაინა - 9% (3 342 951 ბოთლი), კანადა - 56% (96 090 ბოთლი), ყაზახეთი - 56% (1 027 114 ბოთლი), ისრაელი - 87% (181 820 ბოთლი), აზერბაიჯანი - 113% (112 025 ბოთლი), მონღოლეთი - 477% (192 480 ბოთლი), ჩეხეთი - 734% (44 556 ბოთლი), თურქეთი - 219% (45 930 ბოთლი), შვედეთი - 35% (31 544 ბოთლი).

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 17 197 084 (ზრდა 16%), უკრაინა - 3 342 951 ბოთლი (ზრდა 9%), პოლონეთი - 1 841 192 (ზრდა 2%), ჩინეთი -  1 559 533 ბოთლი (ზრდა 19%) და ყაზახეთი - 1 027 114 (ზრდა 56%).

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ოთხ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი და 195 000 ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 12%-ით და 19 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 500 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება შემოსავლებს, ის ამ პერიოდში, 25%-ით გაიზარდა.

2021 წლის პირველ ოთხ თვეში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ 106.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 15%-ით მეტია.

პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენციის შესანარჩუნებლად, „ღვინის ეროვნული სააგენტო“, ქართული ღვინის ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებს კვლავაც ახორციელებს. ღონისძიებები, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში იმართება.

 

***

გაინტერესებთ, რამ განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, თანაც პანდემიის პირობებში? „ვერსიას“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ესაუბრება:

- ბატონო ლევან, პანდემიამ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა, ამ ფონზე, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას რით ხსნით?

- დავიწყოთ იმით, რომ შარშან, როდესაც პანდემია დაიწყო, ექსპორტის კლება გვქონდა. „ლოქდაუნი“ გაზაფხულზე გამოცხადდა, თუმცა მთელი წელი, ბუნებრივია, პანდემიის პირობებში გვიწევდა მუშაობა. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდა. რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ექსპორტი გაიზარდა, ეს 2021 წლის პირველი ოთხი თვის შედეგებია, რომელიც 2020 წელთან შედარებით, ნამდვილად მზარდია.

ღვინის ექსპორტის ზრდის მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ დედამიწის მოსახლეობამ, ასე თუ ისე, პანდემიის პირობებში ცხოვრება ისწავლა. გარდა ამისა, არც ისეთი მკაცრი შეზღუდვებია, როგორც, მაგალითად, 2020 წლის გაზაფხულზე იყო. შარშანდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც მარტსა და აპრილში, „ლოქდაუნის“ გამო, სრულად გაჩერდა ექსპორტი, წლევანდელი მარტი-აპრილის მონაცემები ბევრად გაუმჯობესებულია. ამ პირობებში, ერთდადაერთ გამოწვევად რჩება ღვინის საშუალო ფასი, რაც პანდემიის პირობებში, საკმაოდ დავარდა. ახლა, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ამ მონაცემებითაც კი, პანდემიის წინა პერიოდის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ ვერ გავედით.

- ღვინის ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებზე გაიზარდა, თუ პანდემიის მიუხედავად, ახალი ბაზრებიც დაგვემატა?

- ზოგადად, ღვინის ბაზრები და ის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად, ყოველდღიურად მოიხმარენ ღვინოს, პრინციპში, შეზღუდულია. ბუნებრივია, ჩნდებიან ახალი ქვეყნებიც, სადაც ნელ-ნელა შედის ღვინის მოხმარების კულტურა. ამის მაგალითად, შეიძლება, ჩინეთი დავასახელოთ, რომელიც ამ საუკუნეში შეუერთდა ღვინის მომხმარებელ ქვეყნებს. შესაბამისად, ღვინის ბაზრები, ძირითადად, ისევ ისაა. თუმცა გვაქვს სასიამოვნო სიურპრიზიც - ვგულისხმობ, ისრაელსა და მონღოლეთს, სადაც წელს, საკმაოდ დიდი ოდენობით ქართული ღვინო გავიდა.

- როგორ ემზადებით „რთველი 2021“-ისთვის პანდემიის პირობებში? იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რაც პირველ ოთხ თვეში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტის ზრდას, რა შედეგებს ელით?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პანდემიის პირობებში, ყველაზე რთულია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება. თუმცა, თუ ყველაფერი ასე კარგად განვითარდება, რასაც ვაქცინაციის პროცესიც ხელს უწყობს, გვაქვს მოლოდინი, რომ წელს, საექსპორტო სტატისტიკაში ზრდა გვექნება. ექსპორტზე, ძირითადად, ჩვენი წითელი ღვინოები გადის - წითელი ღვინო მთლიანი ექსპორტის 80% გახლავთ, ამიტომ ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად, გამოწვევად რჩება თეთრი ღვინის ექსპორტი. ჯერჯერობით, არაფერია დაგეგმილი და გადაწყვეტილი, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილითა და გულისყურით ვეკიდებით ამ ფაქტს.

აქვე, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ წელს, ყურძნის ხარისხსა და შაქრიანობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ამიტომ მაქსიმალურად ვთხოვთ მოსახლეობას, ეს ფაქტორი გაითვალისწინონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, ფერმერებთან კომუნიკაცია უკვე თებერვლიდან დავიწყეთ. სოფელ-სოფელ დავდივართ კახეთის რეგიონში, რათა ვაზის გასხვლისა და ფურჩქვნის პერიოდში, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს მოთხოვნა.

- ბატონო ლევან, ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით, „ღვინის ეროვნული სააგენტო“ არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. ცხადია, პანდემიის პირობებში, ამგვარი აქტივობები შეჩერებულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში, ხომ არ იგეგმება ამ ტიპის ღონისძიებები?

- ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ვცდილობთ, რომ ონლაინ-პლატფორმები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვგულისხმობ დეგუსტაციას, გაცნობა-პრეზენტაციას. ხანდახან, უკვირთ ხოლმე, როდესაც ონლაინ-პლატფორმის ფორმატში, დეგუსტაციას ვახსენებ, მაგრამ წინასწარ ვგზავნით ნიმუშებს და კონკრეტულ, შეთანხმებულ დროს, თანამედროვე პლატფორმების საშუალებით, მათი წარდგენა ხდება. სარეკლამო კამპანიებიც მიმდინარეობს და რამდენიმე ონლაინ-მაღაზიასთანაც გვაქვს მოლაპარაკება პროდუქციის რეალიზაციის მიზნით. მაგალითად, vine.com-ზე უკვე გამოჩნდა ქართული ღვინო.

რაც შეეხება ტრადიციულ გამოფენებს, უკვე გვაქვს პოზიტიური ინფორმაციები. წლის მეორე ნახევარში, რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაა დაგეგმილი, მათ შორის, პარიზის „ვინექსპო“, ასევე, შანხაის „პროვაინი“. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და უკვე დაგეგმილი, ტრადიციული გამოფენები წარმატებით ჩატარდება. რასაკვირველია, ამ გამოფენებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.