1 ივნისიდან თბილისში გაზი ძვირდება!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას ითხოვს „თბილისი ენერჯი“ სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროსგან და დაასუბსიდირებს თუ არა მთავრობა 8-თეთრიან სხვაობას ტარიფში

1 ივნისიდან, დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი ძვირდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - სემეკი, 27 მაისს გამართულ საჯარო სხდომაზე მიიღო. უწყებამ შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 1 ივნისიდან, თბილისის მოსახლეობა გაზის ტარიფში 7.8 თეთრით მეტს გადაიხდის.

 

***

სემეკის ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა 53.972 თეთრი შეადგინა 1 კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით. ახალი ტარიფი 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. უწყებაში აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის კორექტირება თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფამ განაპირობა. 

„შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო. ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიაში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა, რაც ტარიფების კორექტირებას უკავშირდება“, - აცხადებენ სემეკში.  

შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1 ივნისამდე მოქმედი ტარიფი 46.138 თეთრია 1 კუბურ მეტზე, დღგ-ს ჩათვლით. „ვერსიას“ სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, რომ გაზის ტარიფის კორექტირების მთავარი მიზეზი საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის ცვლილებაა აშშ დოლართან მიმართებაში. უფრო ზუსტად, 2019 წელს, ბუნებრივი აირის ტარიფი დადგენილი იყო 2.97 ლარის კურსზე - 1 აშშ დოლართან მიმართებაში. 2019 წლის შემდეგ, ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა. საქართველოს ეროვნული ბანკის 27 მაისის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში, 3.26 ლარია.

შპს „თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, „ვერსიას“ აუხსნეს, რომ კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, თუმცა სემეკის 2019 წლის დადგენილებით, 26 თეთრად ჰყიდის.  

„ამ მიზეზით,  ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონი ლარი იზარალა, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია. ამ ტარიფში კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და ის 2023 წლამდე მოქმედებს. ბოლო რამდენიმე თვეა, „თბილისი ენერჯი“ ითხოვდა და ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, მომავალში, ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს, როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას“, - აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.  

 

***

დეტალების დაზუსტების მიზნით, „ვერსია“ „თბილისი ენერჯის“ კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დირექტორს, ედიშერ ხორავას დაუკავშირდა:

 

- ბატონო ედიშერ, როდის მიმართეთ სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით?

- გასული წლის დეკემბრიდან, სემეკს რამდენჯერმე მივმართეთ. მიზეზი ისაა, რომ 1 ივნისამდე მოქმედი ტარიფში, 1 აშშ დოლარის კურსი აღებული იყო 2.97 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მიწოდების ნაწილში ანუ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი ტარიფში ჩადებული იყო 1 კუბურ მეტრზე - 26 თეთრი. ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, რეალურად, 26 თეთრის ნაცვლად, კომპანიას გაზის შესყიდვა, დაახლოებით, 34 თეთრად უწევდა. სხვაობა, დაახლოებით, 8 თეთრია და ესაა ობიექტური მიზეზი, რაც ტარიფში აისახა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გაზის ტარიფში რამდენიმე კომპონენტი შედის, მათ შორის, განაწილების ტარიფი, ტრანსპორტირება, გატარება, ქსელის მომსახურება, ასევე, გაზის ტრანპორტირების კომპანიისთვის, დამატებითი კომპონენტია ტრანსპორტირების ხარჯი ანუ ბუნებრივი აირის საქართველოს საზღვრიდან თბილისამდე მოტანა, თუმცა ყველა ეს კომპონენტი უცვლელია! ერთადერთი, რასაც კორექტირება შეეხო, ესაა ბუნებრივი აირის შესაძენი ფასი, რაც ტარიფში სულ სხვა კურსით იყო ჩადებული.

კიდევ ერთი გარემოება ის გახლავთ, რომ გაზის ტარიფის კორექტირების ნაწილში, კომპანიას არავითარი რენტაბელობა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ტარიფის ზრდის მიუხედავად, არავითარ მოგებაზე საუბარი არ არის, რადგან რა ფასშიც ვყიდულობთ გაზს, 1 ივნისიდან, სწორედ იმ ფასში გავყიდით! გიმეორებთ, სხვა გზა ნამდვილად არ გვქონდა იმის გარდა, რომ სემეკისთვის ტარიფის კორექტირების მიზნით მიგვემართა, რადგან შესაძლოა, კომპანიას ბუნებრივი გაზი ვეღარც კი შეეძინა.

- მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას რატომ ითხოვთ?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ჩვენი ეს ინიციატივა, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. კერძოდ, მუდმივად რომ არ მივმართოთ მარეგულირებელ კომისიას ტარიფის კორექტირების მოთხოვნით და კომპანიაც ყოველთვის არ განიცდიდეს ზარალს, ვფიქრობთ, გამოსავალი ისაა, რომ ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი ეროვნულ ვალუტაში - ლარში იყოს ფიქსირებული. ცხადია, ამით მოიხსნება ვალუტის კურსის ცვლილებაზე დამოკიდებულება, მაგრამ რაც მთავარია, კურსის ცვლილება გაზის ტარიფზე გავლენას აღარ იქონიებს და ჩვენც აღარ დავზარალდებით. ამ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „თბილისი ენერჯიშიც“ გაჩნდება სტაბილურობა და ჩვენს მომხმარებლებშიც.

სხვათა შორის, ჩვენს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულები არიან, როგორც სემეკში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ვფიქრობთ, ნამდვილად არის რესურსი, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში, დადებითაც გადაწყდება კიდეც.   

 

***

სხვათა შორის, როდესაც ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფიც ზუსტად ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზით გაძვირდა, საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2022 წლამდე, ტარიფის სხვაობა კომპანიებს მთავრობამ დაუსუბსიდირა. ეს იმიტომ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში პანდემიაა და ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას ტარიფის გაძვირების ტვირთი აღარ აჰკიდა. 2021 წლის 1 ივნისიდან, გაზის ტარიფიც ძვირდება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის გათვალისწინებით, თითქმის 8-თეთრიან სხვაობას დაასუბსიდირებს, თუ გაჭირვებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აჰკიდებს.

ვიდრე მთავრობა ამ საკითხზე იმსჯელებს, ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების მიზეზს ეკონომისტი, ოთარ ანგურიძე ასე ხსნის:

„თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და გაზის მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს, უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს, რასაც ის ახლად წარმოქმნილი რისკებიც დაემატა, რაც პანდემიამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა.

წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, 18%-იანი ზრდა ფიქსირდება. ტარიფის მატება სასიამოვნო პროცესი არაა, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც გაზი იმპორტული პროდუქტია, შეუძლებელია, ტარიფებზე არასაბაზრო წესებით გავლენის მოხდენა. შესაბამისად, ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო. ასეთ პირობებში, არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით“.