„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც საარჩევნო სიაში ქალთა კვოტებს აუქმებს

 

„გირჩის“ საპარლამენტო ინიციატივა საარჩევნო სიაში ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ, პარლამენტის ბიურომ უკვე მიიღო. ამ ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭირა და შედეგად, სავალდებულო აღარ იქნება, რომ სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. „გირჩის“ ლიდერის განცხადებით, თუ ნებისმიერ პროფესიაში კვოტები იქნება შემოღებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ეს გაანადგურებს იმის რეპუტაციას, ვის სასარგებლოდაც იქნება მიღებული. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ადამიანები, სქესის მიუხედავად, თანასწორნი არიან.

სულ სხვაგვარად ფიქრობს, პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, „ოცნების“ ფულიანმა კაცებმა დაკარგეს  პარლამენტში მოხვედრის შანსი, ამიტომ  ქალთა  კვოტის გაუქმებით, კვლავ გამოთავისუფლდება მათთვის ადგილები. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ „გირჩმა“ ხელისუფლების თამაში ითამაშა, თუმცა მიზეზი მათ ტრადიციულ ეგზოტიკურ ახირებებში უნდა ვეძებოთ, თუ „ოცნებასთან“ გარიგებაში, ამას დრო გვიჩვენებსო.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ვერსია“ „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

***

ვიდრე იაგო ხვიჩიას დეკლარაციას გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 23 ივნისიდან, ის  „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარეა.

დაიბადა 1982 წლის 19 მაისს, მარტვილში. 2004 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

ის არის იურიდიული კომპანია „თბილისი Legal Consulting“-ის დამფუძნებელი და ადვოკატი; იყო „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ლიცენზიებისა და ნებართვების დანერგვის პროექტის იურისტი. მოგვიანებით, იაგო ხვიჩია მუშაობდა თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის იურისტად. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდგომ, 2009-2013 წლებში - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ.

2015 წელს, შეუერთდა ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტია „გირჩს“. 2018 წლის 23 ივნისიდან, „გირჩის“ თავმჯდომარე, ხოლო 2020 წლიდან - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

ქონებრივი დეკლარაცია, სულ ბოლოს, 2024 წლის 28 თებერვალს ჩააბარა. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ თბილისში, აჰმედ ჯავადის მეორე ჩიხში, 50%-იანი წილით ფლობს 129.52 კვ.მ. ფართობის ბინას, რომელიც განქორწინების შემდეგ ხვდა წილად. შენიშვნის გრაფაში კი მითითებული აქვს: „მოცემული ბინა არ არის ახალი შეძენილი. ქორწინების პერიოდში წარმოადგენდა თანასაკუთრებას და ვცხოვრობდი იქ. ვინაიდან აღარ ვიმყოფები ქორწინებაში, შესაბამისად მერგო აღნიშნული ქონების 50%“.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ იაგო ხვიჩია 20%-იან წილს ფლობს თბილისში, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, 75.52 კვ.მ. ფართობის ბინაში. დანარჩენ წილებს ფლობენ მისი თანაპარტიელები - ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჯგერენაია, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

გარდა ამისა, იაგო ხვიჩიას საკუთრებაშია მარტვილში, 2 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს, მემკვიდრეობით ერგო. ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Mercedes-E class-ს, რომელიც 2023 წელს, 8 500 აშშ დოლარად შეუძენია.

რაც შეეხება შპს „ლეგან კონსალტინგს“, რომლის დირექტორადაც ფიქსირდება, დეკლრაციის შენიშვნის გრაფაში წერს, რომ უვკე რამდენიმე წელია, კომპანია არ ფუნქციონირებს. ამ კომპანიიდან არ მიუღია ხელფასი, სარგებელი და სხვაგვარი ბენეფიტი და რომ მხოლოდ ტექნიკური საკითხია, რის გამოც ჯერ კიდევ ამ შპს-ს დირექტორად ფიქსირდება.

ქონებრივი დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იაგო ხვიჩიას, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წლიური შემოსავალი 57 309 ლარი, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ თავმჯდომარის წლური შემოსავალი - 6 500 ლარია.

 ავტორი: მაკა რუხაძე