ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა - რა შეიცვლება 2024 წელს?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპარლამენტის არჩევნებამდე გერმანია, საფრანგეთი და იტალია საიმიგრაციო კანონმდებლობას ამკაცრებენ. მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების სისტემის რეფორმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა იქნება.

რა ხდება?
2024 წლის ივნისში ევროკავშირის 27 წევრ-ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. სოციალური გამოკითხვების მიხედვით, ევროკავშირში მიგრანტებისა და ლტოლვილების მზარდი რაოდენობა და მათთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემაა. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ევროპის სამმა უდიდესმა ქვეყანამ, რომლებიც მიგრანტების მთავარი სამიზნეა - გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ - 2023 წელს მიგრაციის კანონები გაამკაცრა. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მიგრაციის ნაკადის შემცირებასა და დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თავშესაფარზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამი უმსხვილესი ეკონომიკა პოლიტიკურად ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს. თუმცა, ეროვნულ დონეზე, მიგრაციის პირობები და თავშესაფრის მიღების წესები ამ ქვეყნებში ძალიან განსხვავებულია. გერმანიის ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების, „მწვანეებისა“ და ლიბერალების სამთავრობო კოალიციაა. საფრანგეთს ლიბერალური უმცირესობის მთავრობა ჰყავს, იტალიას კი - მემარჯვენე პოპულისტური კოალიცია, რომელიც უკიდურესი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატებისგან შედგება. რას შეცვლიან ეს ქვეყნები საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით 2024 წელს, Deutsche Welle-მ გაარკვია.

როგორია გერმანიის საიმიგრაციო კანონმდებლობა?
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისის (BAMF) პროგნოზის თანახმად, 2023 წელს, ევროკავშირში მყოფი მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებლიდან 350 ათასი ლტოლვილის სტატუსის მიღებას გერმანიაში მოითხოვდა. თავშესაფრის მაძიებლების გარდა, რომლებიც ძირითადად, სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ, ქვეყანაში მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა. მიგრანტებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას მმართველი კოალიცია რამდენიმე კანონის მიღებით გამოეხმაურა.

ერთ-ერთი მათგანია კანონი, რომელიც ქვეყანაში ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრებ მიგრანტებს პირობებს უმარტივებს. ახლა მათ გერმანიაში ოფიციალურად მუშაობისა და ინტეგრაციის უკეთესი შანსი აქვთ. ამავე პერიოდში მიღებული სხვა კანონი კი, პირიქით, არალეგალური მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების (Rückführungsverbesserungsgesetz) პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა, თუ მათ გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უკვე უარი აქვთ მიღებული. ამ კანონის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების სახლების ჩხრეკა უკვე დაშვებულია, დეპორტაციის შეტყობინებიდან ფაქტობრივ დეპორტაციამდე პერიოდი კი მცირდება. ამასთანავე, დეპორტირებული პირის პატიმრობის დასაშვები ვადა გახანგრძლივდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ სიახლეების პრაქტიკაში განხორციელება ამ ეტაპზე რთულია. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნიდან დეპორტირებული 50 ათასი ადამიანიდან, 2023 წლის პირველ ნახევარში, მხოლოდ 7 900 პირის დეპორტაცია გახდა შესაძლებელი.

აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. მისი მიღების შემთხვევაში, გერმანიაში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებული იქნება. გარდა ამისა, მოქალაქეობის მისაღებად ლოდინის პერიოდი რვიდან ხუთ წლამდე შემცირდება.

საფრანგეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
შობამდე ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ხმების წყალობით, საკამათო საიმიგრაციო კანონი მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ მარინ ლე პენმა განაცხადა მისი პოლიტიკური კურსის იდეოლოგიურ გამარჯვებაზე, რომელიც მიმდინარეობდა ლოზუნგით „საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა!“. ლიბერალი პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის მხარდაჭერა პარლამენტში მემარჯვენე პოპულისტების ხმებზე გავლენას ვერ მოახდენდა. სამაგიეროდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კონსერვატორმა რესპუბლიკელებმა, რომელთაც მიგრაციის წესების გამკაცრებას დაუჭირეს მხარი.

ახლა უკვე მაკრონი აპირებს, ეს კანონის განსახილველად საკონსტიტუციო საბჭოს წარუდგინოს. ახალი დოკუმენტი არალეგალი მიგრანტების დაჩქარებულ დეპორტაციას ითვალისწინებს. ამასთანავე, ის ართულებს მათ ხელმისაწვდომობას სოციალურ შეღავათებზე და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს. საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სწავლა სურთ, ახალი კანონით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ფრანგების 70%-მა საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.

იტალია არალეგალი მიგრანტების ნაკადის წინააღმდეგ
მემარჯვენე პოპულისტურმა კოალიციამ, რომელსაც ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, 2022 წლის არჩევნები, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ იტალიაში ჩასული მიგრანტების რაოდენობის შემცირების დაპირებით მოიგო. ახლა კი, შედეგების ჩვენების დრო დადგა. აღნიშნულმა კოალიციამ ევროკავშირსა და ტუნისის მთავრობასთან არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მისი რეალიზება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ალბანეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომ იტალიიდან ალბანეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ორი ცენტრი (3 000 პირზე გათვლილი) გადაინაცვლებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთი თავშესაფრის მაძიებლებისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანად არის აღიარებული და ოფიციალური ტირანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ახლა ალბანეთის უზენაესი სასამართლო ამოწმებს, რამდენად კანონიერია იტალიასთან დადებული შეთანხმება. გარდა ამისა, მელონიმ დაავალა არმიას, დეპორტირებულებისთვის განკუთვნილი ბანაკები ქვეყნის ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ააშენონ. მიგრანტები, რომლებიც სავარაუდოდ დეპორტირდებიან, იქ 12-ის ნაცვლად, 18 თვეს გაატარებენ და ამ ხნის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება ECRE იტალიის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების პროცესის გართულებისა და გახანგრძლივების გამო აკრიტიკებს. მათი თქმით, თავშესაფრის მაძიებლებს აუცილებელ ადმინისტრაციულ პროცედურებზე ლოდინი თვეების განმავლობაში უწევთ. ბევრი მიგრანტი არ რჩება იტალიაში და მიემართება უფრო ჩრდილოეთით - გერმანიასა და ავსტრიაში თავშესაფრის საძიებლად. თუმცა დუბლინის შეთანხმების მიხედვით, იტალიამ უნდა მიიღოს ისინი, რადგან ის არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც მიგრანტები შედიან. ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს იმ მიგრანტების მიღებაზე, რომელთაც გერმანია იტალიაში აბრუნებს.

რა სიახლეები ელის ამ მიმართულებით 2024 წელს ევროკავშირს?
24 აპრილამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ, რომლებიც 27 წევრი სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენენ, საიმიგრაციო პაქტი უნდა მიიღონ. ის ევროკავშირში თავშესაფრის საძიებო სისტემის ფართო რეფორმას ითვალისწინებს. პაქტი ითვალისწინებს თავშესაფრის თხოვნაზე განცხადების დაჩქარებულ წარდგენას პირდაპირ ევროკავშირის საზღვრებზე 30 ათასი ადამიანისათვის, რომელთაც ლტოლვილის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვთ. ამავე დოკუმენტის თანახმად, სასაზღვრო ლტოლვილთა ბანაკებიდან დეპორტაციის პროცესი დაჩქარდება. გარდა ამისა, პაქტში პირველად არის საუბარი ევროკავშირის ყველა ქვეყნის სავალდებულო სოლიდარობაზე მიგრაციის საკითხებში.

ამრიგად, ევროკავშირში მიგრანტების შესვლის პირველ ქვეყნებში - იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, კვიპროსსა და მალტაზე, თავშესაფრის მაძიებელთა გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებლების მიღება კვოტების სისტემით შეეძლებათ. თუმცა, საიმიგრაციო პაქტის რვავე კანონის სრულად განხორციელება 2026 წლამდე ვერ მოხერხდება. ამის მიუხედავად, საიმიგრაციო პაქტი ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გახდება.